„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვილაპარაკეთ“ | სობოსლაი მამარდაშვილზე
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრა უნგრეთთან გამართა. „ჯვაროსნებმა“ გოლი ზედიზედ მესამე თამაშში ვერ გაიტანეს და სტუმრად 0:1 დამარცხდნენ. ერთადერთი გოლი მილოშ კერკეზის ანგარიშზეა, რომელმაც გიორგი მამარდაშვილის კარი 35-ე წუთზე აიღო.
უნგრელთა ლიდერს, დომინიკ სობოსლაის ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და რამდენიმე მომენტი შექმნა. 59-ე წუთზე მან შორიდან გაისროლა და „მამარდამ“ მისი დარტყმული დამაჯერებლად მოიგერია. მატჩის შემდეგ სობოსლაიმ „ლივერპულელ“ თანაგუნდელზე ისაუბრა და სწორედ აღნიშნულ დარტყმაზე M4Sport-თან გააკეთა კომენტარი.
„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვისაუბრეთ. ვუთხარი, იქ რომ არ მდგარიყო, ალბათ გოლი გავიდოდა. სანაკრებო დონეზე თანაგუნდელებთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა და რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, სულ ესაა“.
ცნობისთვის, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ერთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. უნგრეთისა და უკრაინის ანგარიშზე 4-4 ქულაა, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია 7 ქულით პირველ პოზიციაზეა. ჩვენი მომდევნო მეტოქე სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიაა.