მხოლოდ საუბრებია, ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია | ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძეზე
„ფროზინონეს“ პრეზიდენტი მაურიციო სტირპე იტალიურ მედიაში გავრცელებულ სატრანსფერო ცნობებს გამოეხმაურა, რომელთა თანახმადაც, „რომა“ ქართველი გარემარბით, გიორგი კვერნაძით ინტერესდება, ტურინის „იუვენტუსი“ — მეკარე ლორენცო პალმიზანით.
გავლენიან იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლუბს არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
„დღეის მდგომარეობით ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრებია. არანაირი სატელეფონო ზარი არ მიმიღია. მე ყოველთვის მხოლოდ ოფიციალურ და კონკრეტულ წინადადებებს ველოდები,“ — განაცხადა მაურიციო სტირპემ.
გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი იტალიურ და ევროპულ პრესაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გასული თვის მიწურულს, საფეხბურთო ტრანსფერების ექსპერტმა, ეკრემ კონურმა დაწერა, რომ კვერნაძე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია. სატრანსფერო ბაზარზე მასთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: „დორტმუნდი'' ქართველ შემტევს აქტიურად აკვირდება, „რომასთან'' უკვე გაიმართა წინასწარი მოლაპარაკება, ინგლისურმა „ჰალ სიტიმ'' ფეხბურთელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. გარდა ამისა, კვერნაძის გადაბირების ინტერესს ინგლისისა და გერმანიის სხვა გუნდებიც იჩენენ.