როდის დაბრუნდება გოჩოლეიშვილი | სელადესმა ქართველზე ისაუბრა
კრისტალსპორტის ინფორმაციით, „კადისის'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი შემდეგ კვირაში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გადაიღებს, რის შემდეგაც გაირკვევა, როდის დაუბრუნდება მინდორს.
ქართველი ფეხბურთელი 9 სექტემბერს, ლა ლიგა 2-ის მე-4 ტურში „ალმერიასთან'' დაშავდა. კლუბის განცხადებით, კოჭ-წვივის სახსრის წინა იოგის ნაწილობრივი გაწყვეტა დაუდგინდა. ახლახან „კადისის'' მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა გიორგი გოჩოლეიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი მარჯვენა მცველის დაბრუნება გაჭიანურდა.
„გოჩო ჯერ კიდევ არ ვარჯიშობს. გვეგონა, უფრო მცირე დრო დასჭირდებოდა, მაგრამ მოსალოდნელზე ოდნავ მეტად გაჭიანურდა. ასევე გვაკლია იური და, მხრის პრობლემის გამო, მანუ რივერასიც. კვირის განმავლობაში ზოგიერთი ფეხბურთელის მოფრთხილება მოგვიწია, თუმცა მათი გამოყენება შეგვიძლია“.
გოჩოლეიშვილი, რომელსაც „შახტართან'' კონტრაქტი 2029 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს, ესპანურ კლუბს გასულ ზაფხულში ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
მიმდინარე კვირის ხუთშაბათს ესპანელმა ჟურნალისტმა, ბენი აროიომ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გოჩოლეიშვილი სანტო დომინგოს ცერემონიაზე ყავარჯნებით მივიდა.