ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

ზინედინ ზიდანი და საფრანგეთის ნაკრების ცნობილი „კლერფონტენის“ მოდის პოდიუმის დასასრული

საფრანგეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ბოლო მოუღო საერთაშორისო პაუზის დროს ფეხბურთელების ჩაცმულობასთან დაკავშირებულ ვირუსულ სანახაობას.

ეს სანაკრებო პაუზის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული: ყოველ ჯერზე, როდესაც საფრანგეთის ნაკრები პარიზის გარეუბანში, კლერფონტენში იკრიბებოდა, ავტოსადგომი ფეხბურთელებისთვის ერთგვარ პოდიუმად იქცეოდა. ისინი პოზირებდნენ მათ დასახვედრად მისულ ფოტოგრაფებთან და დიზაინერების ძვირადღირებული სამოსით იწონებდნენ თავს.

ელეგანტურიდან ექსტრავაგანტულამდე და თითქმის ყოველთვის წარმოუდგენლად ძვირადღირებული ჩაცმულობა მოულოდნელად საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე ფეხბურთელების გამოჩენას ვირუსულ სანახაობად აქცევდა. ფეხბურთელებიც აქტიურად აჰყვნენ ამ ტენდენციას და შესაძლებლობას, მოედნის მიღმაც საკუთარი ინდივიდუალური სტილი ეჩვენებინათ.

თუმცა კლერფონტენის პოდიუმი უკვე აღარ არსებობს — საფრანგეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ფეხბურთის კულტურის ამ მოვლენას მოულოდნელად წერტილი დაუსვა.

 

ზიდანის მკაცრი პოზიცია

 

როგორც ჩანს, ზიდანს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდი ხნის ნანატრი შანსი მიეცა და დიდიე დეშამისგან საფრანგეთის ნაკრების სადავეები გადაიბარა, საკუთარი წესების დამკვიდრება სურს. მან რამდენიმე მკაცრი ახალი რეგულაცია შემოიღო, რათა მთელი ყურადღება, როგორც ჩანს, მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე იყოს გადატანილი.

მედიასთან ურთიერთობის წესებში შეტანილ ცვლილებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საფრანგეთისა და მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ პრესას საერთაშორისო პაუზის დაწყებისას ნაკრების შეკრებაზე ფეხბურთელების გამოჩენის გადაღება აუკრძალა. ამიერიდან ფოტოები მხოლოდ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის (FFF) ოფიციალური არხებით გამოქვეყნდება.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონკრეტულად ფეხბურთელების დაცვისა და მათი ჩაცმულობის გამო ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან აცილებას ემსახურება, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა.

ზიდანს ასევე არ სურდა სატელევიზიო კამერების დასწრება მაშინ, როდესაც მან პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების პირველი შემადგენლობა დაასახელა. ღონისძიების ტრანსლირება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის არხებით განხორციელდა.

თუმცა, ჟურნალისტებს გარკვეული ვარჯიშების თვალყურის დევნების შესაძლებლობა მიეცათ და მათ ასევე მიეცათ უფლება, ფეხბურთელებთან ინტერვიუები შერეულ ზონაში ჩაეწერათ — რაც დიდიე დეშამის დროს დაშვებული არ იყო.

ცვლილებები თავად ფეხბურთელებსაც შეეხოთ. L’Equipe-ის ინფორმაციით, კლერფონტენში კერძო სტილისტის შესვლა აიკრძალა. ზიდანს სურს, საფრანგეთის ნაკრების ბაზა ერთგვარ დახურულ სივრცედ და უსაფრთხო გარემოდ აქციოს, სადაც უცხო პირების წვდომა მაქსიმალურად შეზღუდული იქნება.

 

ეპოქის დასასრული

 

კლერფონტენის „პოდიუმი“ ახალი მოვლენა არ ყოფილა. ზიდანის მიერ შემოღებულმა წესებმა ბოლო მოუღო ტრადიციას, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებისთვის ერთგვარ არაოფიციალურ რიტუალად იყო ქცეული.

არქივებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ „ლურჯების“ ფეხბურთელები უკვე 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ნაკრების ბაზაზე მისვლისას საუკეთესო სამოსით გამოჩენილიყვნენ და იქ მომლოდინე ჟურნალისტების კამერების წინ ეპოზიორათ. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში, ლორან ბლანის ორწლიანი სამწვრთნელო პერიოდის დასაწყისში იღებს სათავეს.

იმ პერიოდის ფოტოებზე სამირ ნასრი „ჯეიმს დინის“ მაისურითა და „Louis Vuitton“-ის ორი ჩანთით ჩნდებოდა, ლოიკ რემი — ქამრით შეკრული ორმაგი ღილებით გაწყობილი ტრენჩით, ხოლო ფლორან მალუდა — ტყავის ქურთუკითა და „Chrome Hearts“-ის ქუდით, რომლის ღირებულებაც დღეს, სავარაუდოდ, დაახლოებით 5 000 ფუნტს შეადგენს.

ისინი კამერების წინ იღიმოდნენ და ხელს უქნევდნენ ფოტოგრაფებს — რამდენიმე წუთით მაინც ფეხბურთელები სავარჯიშო ან სათამაშო ფორმის ნაცვლად ძვირადღირებული ბრენდების სამოსით ჩნდებოდნენ.

სწორედ ისინი გახდნენ ამ ტრადიციის პიონერები. მას შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების შეკრებაზე მისვლის ფოტოები სანაკრებო პაუზების მუდმივ ნაწილად და საფეხბურთო სამყაროში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.

ფეხბურთელები ინფლუენსერებივით იქცევიან

საქმე იქამდე მივიდა, რომ ფეხბურთელების ნაკრების ბაზაზე მისვლის დასაფიქსირებლად აკრედიტაციას მხოლოდ გაზეთები და სპორტული გამოცემები აღარ ითხოვდნენ — დაინტერესდნენ მოდის სფეროს უმსხვილესი გამოცემებიც.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია“, — განაცხადა GQ France-ის სტილის განყოფილების ხელმძღვანელმა ადრიენ კომუნიემ გასულ წელს The Fashion Network-თან საუბრისას. „ეს კარგად მუშაობს, რადგან ისინი პოპულარულ კულტურაში ცნობადი ფიგურები არიან.“

პარიზის „პალე გალიერაში“ გამოფენის „Fashion in Motion“ კურატორმა მარი-ლორ გიუტონმა კი დაამატა:

 

 

„ფეხბურთელები ინფლუენსერებად იქცევიან. ძვირადღირებული ტანსაცმელი, რომელსაც ისინი ატარებენ, შესაძლოა, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყოს, ვინც ამ ფეხბურთელებს უყურებს, თუმცა მათ შეუძლიათ ადამიანების შთაგონება და სურვილის გაჩენა, რომ სხვანაირად ჩაიცვან — უფრო ხელმისაწვდომი ბრენდების მსგავსი ნივთებით.“

 

„ეს დიდ გამოხმაურებას იწვევს. სოციალურ ქსელებში ვხედავ, რომ ამაზე საუბრობენ და ყურადღებას მთავარი მედიასაშუალებებიც აქცევენ. ეს კარგია და, ამავდროულად, ჩვენ, ფეხბურთელებს შორის, გარკვეულ მეგობრულ კონკურენციასაც ქმნის. ვფიქრობ, ეს ჯანსაღი პროცესია. მე სიამოვნებას ვიღებ და ჩემს ტანსაცმელში თავს კარგად ვგრძნობ“, — განაცხადა კუნდემ.

 

უცნაურიდან სასაცილომდე

 

ზიდანის მიერ შემოღებული აკრძალვის ფონზე, კარგი დროა გავიხსენოთ კლერფონტენის ავტოსადგომზე წლების განმავლობაში ნანახი ყველაზე გამორჩეული და უცნაური ჩაცმულობები. ცხადია, 2010-იანი წლების დასაწყისიდან მოდაც შეიცვალა და დღევანდელი გადმოსახედიდან სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთელების არაერთი ჩაცმულობა საკმაოდ უხერხულად გამოიყურება.

როგორც ზემოთ აღწერილი მაგალითებიდანაც ჩანს, იმ პერიოდის პიონერი ფეხბურთელების ზოგიერთმა არჩევანმა დროის გამოცდას ვერ გაუძლო. თუმცა ბოლო წლებში, როდესაც გარკვეული ვარსკვლავები საკუთარ კრეატიულობას ჩაცმულობით უფრო თამამად გამოხატავენ, არაერთი ძალიან წარმატებული „ლუქიც“ ვიხილეთ — და ისეთებიც, რომლებმაც ყურადღება არც ისე კარგი მიზეზით მიიქცია.

კუნდეს ნაკრების შეკრებაზე გამოჩენას გულშემატკივრები ყოველ სანაკრებო პაუზაზე განსაკუთრებული ინტერესით ელიან. 2024 წლის მარტში მან ყურადღება საკმაოდ უჩვეულო ჩაცმულობით მიიქცია — მას ყვითელი ქუდი და ფლისის ზედა ეცვა, რომელსაც „Louis Vuitton“-ის ორმაგი ჯინსის ქურთუკი და შარვალი შეუხამა. „ლუქს“ კი ექსტრავაგანტული „Ugg“-ის ე.წ. მთვარის ჩექმები ასრულებდა.

შეიძლება ითქვას, რომ იმავე წელს კუნდემ საკუთარი რეპუტაციის გამოსწორებაც შეძლო. მან GQ-სთვის ისეთი ჩაცმულობა წარმოადგინა, რომელსაც გამოცემამ „ბლოკკორის სტილის დახვეწილი, პარიზული ვერსია“ უწოდა. ლუქი ვინტაჟური „adidas“-ის საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელი ქურთუკისგან, შავი, ფართო შარვლისა და „Copa Mundial“-ის ბუცებისგან შედგებოდა.

„ლივერპულის“ ყოფილ მცველ იბრაჰიმა კონატესაც უყვარს სანაკრებო შეკრებაზე გამოჩენისას საკუთარი სტილის დემონსტრირება. ცენტრალური მცველი 2024 წლის ოქტომბერში ვირუსული გახდა, როდესაც ავტომობილიდან კენზოს კოსტიუმში გამოჩნდა, რომლის ქვეშაც უცნაური მწვანე ბადისებრი ჰუდი ეცვა. ჰუდი მთლიანად სახეზე ჰქონდა აწეული და მხოლოდ თვალები უჩანდა.

მოგვიანებით კონატემ იხუმრა, რომ ამ გზით კუნდესთვის კონკურენციის გაწევას ცდილობდა.

 

არასასურველი ყურადღება?

 

ფეხბურთელების ექსცენტრიულობის გარდა, ამ ჩაცმულობების უმეტესობის თავბრუდამხვევი ფასი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ზიდანმა ნაკრების ბაზაზე ფეხბურთელების გამოჩენის გარშემო შექმნილი მედიაინტერესი გადაწყვიტა, დასრულებულიყო.

ფრანგული სოციალური ქსელის ანგარიში @clothes.rap 2024 წლიდან ფეხბურთელების ჩაცმულობების ღირებულებას დეტალურად ითვლის. თანხა ხშირად ათიათასობით ევროს აღწევს და, თუ საათის ფასსაც გავითვალისწინებთ, ზოგჯერ ექვსნიშნა ციფრსაც აჭარბებს.

კუნდეს მიერ 2024 წელს შერჩეული, „ბლოკკორის“ სტილით შთაგონებული ჩაცმულობის ღირებულება საათის გარეშე 11 660 ევროდ შეფასდა. 2025 წლის სექტემბერში კი მის „ლუქს“ 160 000 ევროს ღირებულების „Audemars Piguet“-ის საათი ამშვენებდა.

 

 

თუნდაც მაშინ, როდესაც ფეხბურთელები თითქოს უფრო სადად იცვამენ, მათი ლუქების ღირებულება მაინც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, კილიან მბაპეს გასული წლის ერთ-ერთი მარტივი ჩაცმულობა, რომელიც „Dior“-ის პერანგისა და შარვლის კომპლექტს, „Dior“-ის მაისურს, „Nike“-ის სპორტულ ფეხსაცმელსა და „Hublot“-ის საათს მოიცავდა, 50 000 ევროზე მეტად იყო შეფასებული. ბენჟამინ პავარის მიერ 2025 წლის მარტში შერჩეული „Bottega Veneta“-ს სამოსი კი საათის გარეშე 11 690 ევრო ღირდა.

სავარაუდოდ, სწორედ ეს ასტრონომიული თანხები გარკვეულწილად ხსნის, რატომ გადაწყვიტა ზიდანმა კამერების წინ, ნაკრების შეკრებამდე გამართული ამ ტრადიციის დასრულება. ეს საკმაოდ გონივრულ ნაბიჯად გამოიყურება, ფეხბურთელებს კი კვლავ შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, ნაკრების შიდა მედიისთვის უფრო გამორჩეულად ჩაიცვან.

თუმცა, თუ „კლერფონტენის“ მოდის პოდიუმი მართლაც დასრულდა, ისღა დაგვრჩენია, ძველი ფოტოები შემოვინახოთ და მათ მომავალში გადავხედოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
60 სიგარეტი დღეში და 18 ყვითელი ერთ სეზონში - ვალტერ ფროშის ისტორია
60 სიგარეტი დღეში და 18 ყვითელი ერთ სეზონში - ვალტერ ფროშის ისტორია