„ალვინის წყალობით ძალიან მოუმატა“ | იტალიაში კვერნაძეზე ისაუბრეს
იტალიელი ჟურნალისტი, ანგელო ბატისტი გიორგი კვერნაძის პროგრესს გამოეხმაურა. ბატისტიმ „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ გიორგის წინსვლაში მასიმილიანო ალვინის დიდი წვლილი მიუძღვის.
„როდესაც გიორგი კვერნაძე „ფროზინონეში“ გადავიდა, სწრაფი, უნარებიანი ფეხბურთელი იყო. შეგვიძლია, პარალელი ცხენთან გავავლოთ, რომელსაც ტაქტიკურად გაწვრთნა ესაჭიროებოდა. წარსულში მწვრთნელებს მისთვის პოზიციის შერჩევა უჭირდათ. პაოლო ბიანკოს წყალობით, რაღაც შეიცვალა და კვერნაძე მარცხენა ფლანგზე გადავიდა.
რეალური პროგრესი მასიმილიანო ალვინის მოსვლას მოჰყვა. მას გიორგი ყოველთვის მოსწონდა და საჭირო იყო, დისციპლინის მხრივ მოემატებინა. და ერთი წლის შემდეგ, ალვინის ხედვა იმაზე მეტად გამართლდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვერნაძეს 6 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. სერია A-ს 5 მატჩში მან სამი გოლი და ერთი ასისტი მიითვალა, იტალიის თასზე კი დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.