არ უნდათ კარიერა სკანდალით დაასრულოს | რონალდუსა და ჟეზუშის შერიგების მცდელობა
ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, კრიშტიანუ რონალდუსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუშს შორის პრობლემები მოაგვაროს. დანიასთან მატჩამდე, ჟეზუშთან კონფლიქტის გამო კრიშტიანუმ სანაკრებო შეკრება დატოვა და დაიწერა, რომ ეროვნული გუნდის მაისურს აღარასდროს მოირგებს.
A Bola-ს მიხედვით, ქვეყნის ფედერაციის მიზანია, რონალდუ და ჟეზუში შეარიგონ, რათა ლეგენდარული კაპიტნისა და ფეხბურთელის სანაკრებო ისტორიას ასეთი დასასრული არ ჰქონდეს. ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა რონალდუმ კარიერა ღირსეულად დაასრულოს და სკანდალურ ფინიშს ადგილი არ ჰქონდეს.
ფედერაციის წევრები საქმეში აქტიურად არიან ჩართული და ცდილობენ, მხარეებმა კომპრომისი იპოვონ. ფეხბურთის ფედერაცია კონფლიქტში შუამავლის როლს ასრულებს და უარყოფს ნებისმიერ რადიკალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც „ყველა დროის უდიდესი პორტუგალიელი მოთამაშის“ მემკვიდრეობისთვის დაღის დასმა შეუძლია.
ფედერაციის მთავარი მიზანი ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის დიალოგის აღდგენის მიღწევაა. ისინი აპირებენ, დიპლომატიური ხიდი შექმნან, რაც ორივე მხარეს რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარება და სტაბილურობას აღადგენს.
ცნობისთვის, სიტუაცია პორტუგალიისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის შემდეგ დაიძაბა. ჟეზუშმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და არც ცვლილებაზე შეიყვანა. პორტუგალიური პრესის მიხედვით, ჟეზუში მას სათამაშო დროს დაპირდა და სიტყვა არ შეასრულა, რამაც კრიშტიანუს განრისხება გამოიწვია.