„რონალდუ იმედგაცრუებულია“ - ბოლო ცნობები ფაბრიციო რომანოსგან
ცნობილმა სატრანსფერო ინსაიდერმა და ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუსს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა.
„კრიშტიანუ ამბობდა, რომ მზად იყო ნებისმიერი როლისთვის, რომელსაც მას მწვრთნელი შეურჩევდა, იქნებოდა ეს ძირითად შემადგენლობაში თამაში თუ სათადარიგოთა სკამზე ან ტრიბუნებზე ყოფნა.
ნორვეგიასთან მატჩში ის 30 წუთი ხურდებოდა, თუმცა ჟეზუსმა ის არ ათამაშა. კრიშტიანუს ეს არ მოეწონა, მათ შორის საუბარი შედგა და, როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, მწვრთნელმა კრიშტიანუს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ამ საკითხზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებდა.
რონალდუ ელოდებოდა, რომ ჟეზუსი საჯაროდ მოიხდიდა ბოდიშს, თუმცა ეს არ მოხდა. პირიქით, მწვრთნელმა თქვა, რომ გადაწყვეტილებს მხოლოდ ის იღებს. შემდეგ კი, როცა ჟურნალისტები რონალდუს ვარჯიშზე ელოდებოდნენ, ის ფედერაციის პრეზიდენტს დაუკავშირდა და მწვრთნელით უკმაყოფილება გამოხატა.
რონალდუ კოპენჰაგენიდან მადრიდში დაბრუნდა, საიდანაც რამდენიმე დღეში საუდის არაბეთში გაემგზავრება. ის იმედგაცრუებულია და თვლის, რომ მას უღალატეს.
თავის მხრივ, დანიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟეზუსმა განაცხადა, რომ რონალდუს საკითხზე სანაკრებო პაუზის ბოლოს ისაუბრებს და ყველაფერს მოჰფენს ნათელს.
ახლა ყველაფერი რონალდუს გადასაწყვეტია. ასევე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას იტყვის ჟორჟე ჟეზუსი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რონალდუს ნაკრებში ბევრი ახლო მეგობარი ჰყავს და ეს სიტუაცია შეიძლება ნეგატიურად აისახოს გუნდში არსებულ განწყობებზე“.
ცნობისთვის, სიტუაცია პორტუგალიისა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის შემდეგ დაიძაბა. ჟეზუშმა რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და არც ცვლილებაზე შეიყვანა. პორტუგალიური პრესის მიხედვით, ჟეზუში მას სათამაშო დროს დაპირდა და სიტყვა არ შეასრულა, რამაც კრიშტიანუს განრისხება გამოიწვია.