„მებრძოლი მენტალიტეტი აქვთ, ორგანიზებული გუნდია“ | კერკეზი საქართველოს ნაკრებზე
უნგრეთის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფეხბურთელმა, მილოშ კერკეზმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. კერკეზმა ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ორგანიზებული გუნდია, რომელიც ბოლომდე იბრძვის.
„ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სახით, ორი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა გუნდურადაც ორგანიზებული არიან. მებრძოლი მენტალიტეტით თამაშობენ და ორთაბრძოლებში შესვლას არ ერიდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ დუეტის წინააღმდეგ დაცვაში პოზიციურად სწორად ვითამაშოთ, რადგან ისინი ერთმანეთთან კარგად კომბინირებენ.
უნგრეთის ნაკრებმა უნდა გააკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა, ოღონდ ბოლო ფაზაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ — განსაკუთრებით მეტოქის საჯარიმოში და როდესაც იქ აღმოვჩნდებით, გოლი უნდა გავიტანოთ. ბევრი დრო არ გვაქვს, ახალი გუნდი ვართ და 10 დღეა, ერთად ვართ, მაგრამ ყველა 100 პროცენტით იხარჯება.
ერთა ლიგის პირველ მატჩში ემოციებს ცოტათი ავყევით და ამდენი ყვითელი ბარათი სწორედ ამიტომ იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრები მტკიცე, ძლიერი გუნდია და ჩვენც გვსურს საკუთარ მოედანზე გულშემატკივრებს ვანახოთ, რომ ყველაფერს ვდებთ. ორთაბრძოლებსა და მეორე ბურთისთვის ბრძოლაში ძლიერები უნდა ვიყოთ. შესაძლოა, ყვითელი ბარათებიც ვნახოთ, მაგრამ ეს ჩემთვის დაბრკოლება არ იქნება და ყველა ორთაბრძოლაში შევალ, თანაგუნდელებისგანაც ამას ველოდები“.
ცნობისთვის, საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება 2 ოქტომბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ამ მომენტისთვის, ორივე გუნდი გატანილი გოლის გარეშეა და მათ ანგარიშზე თითო-თითო ქულაა.