„უნგრეთთან მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება“ - ილია ბერიაშვილი
საქართველოს ნაკრების მცველმა, ილია ბერიაშვილმა, რომელიც საკლუბო დონეზე უნგრული „მტკ ბუდაპეშტის“ ღირსებას იცავს, უნგრეთ-საქართველოს მატჩის წინ ადგილობრივ გამოცემა Nemzeti Sport-ს ესაუბრა.
„უნგრეთმა ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდე მოიტანა. აქ შევქმენი ოჯახი და აქ თამაშით ვეხმარები ჩემს მშობლებს. პირველ ეტაპზე ახალ გარემოსთან შეგუება გამიჭირდა. როდესაც საქართველოში უცხოელი ჩამოდის, ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მან თავი უცხოდ არ იგრძნოს. უნგრეთში ყველაფერი სხვაგვარადაა: აქ ყურადღებით აკვირდებიან შენს ნაბიჯებს. თუ უნგრეთს, მის მოსახლეობას და კანონებს პატივს სცემ, პატიოსნად შრომობ, აქ აუცილებლად დაგაფასებენ.
იყო დრო, როდესაც საქართველოში ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ფეხბურთს ქვეყანაში მომავალი არ აქვს. როცა ბავშვი ამბობდა, რომ ფეხბურთელობა სურდა, ოჯახში ყველა შეშინებული იყო. შემდეგ გამოჩდნენ გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი არაბიძე, ხვიჩა კვარაცხელია და ხალხს ფეხბურთის სიყვარული დაუბრუნეს. ახლა გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ხვიჩა საერთოდ სხვა განზომილებაშია.
როდესაც სანაკრებო განაცახდი გამოქვეყნდა, ვიცოდი, რომ უნგრეთის წინააღმდეგ განსაკუთრებული მატჩი მელოდებოდა, ვინაიდან ნაკრების ფეხბურთელებს ვიცნობ და ბევრი მათგანის წინააღმდეგ უნგრეთის ჩემპიონატში მითამაშია. იმ ქვეყნის ნაკრებთან თამაშისთვის მზადება, რომელიც რამდენიმე წელია შენს სახლად იქცა, ძალიან განსაკუთრებული გრძნობაა. უნგრეთმა ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგრამ როდესაც მატჩი იწყება, მე საქართველოს ნაკრების მაისური მაცვია და მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი“.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთ-საქართველოს მატჩი ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.