„აუცილებლად მოსაგები მატჩია“ | უნგრეთში საქართველოსთან შეხვედრაზე ისაუბრეს
უნგრელმა მთავარმა მწვრთნელმა და საფეხბურთო ექსპერტმა, იშტვან მიჰალეჩმა Index-თან ერთა ლიგის მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. უნგრეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრას საქართველოსთან გამართავს და მიჰალეჩის თქმით, მარკო როსის გუნდს ეს თამაში აუცილებლად მოსაგები აქვს.
„ბოლო ორი შეხვედრა რომ შევაფასოთ, ბელფასტში ჩატარებული მეორე ტაიმი საუკეთესო ნახევარი იყო. მარკო როსიმ მოახერხა და ჩვენი დაცვა სტაბილური და კომპაქტური გახლდათ, თუმცა ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პირველად და ერთადერთხელ ზუსტად კარში 90-ე წუთზე დავარტყით.
თამაშისა და შედეგის მიუხედავად, არ მაქვს იმის განცდა, რომ სამყარო სრულდება. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან, მაგრამ სტუმრად მოპოვებულ ქულას ვეგუები. უკრაინასთან წაგების შემდეგ, ამ მატჩის მნიშვნელობა ის იყო, უფსკრულისკენ წავიდოდით თუ შევძლებდით ვითარების შეცვლას და სწორი მიმართულებით სვლას. ვფიქრობ, ყველაფერი უკეთესობისკენაა.
პარასკევს, საქართველოსთან მოგება აუცილებელი და სავალდებულოა, თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ იქნება. ველოდები, შედარებით მაღალი კლასის გუნდების წინააღმდეგ უახლოეს მომავალში მწვრთნელი სამი ცენტრალური მცველით თამაშს დაუბრუნდება თუ არა. როცა ასეთი ტაქტიკით ვთამაშობთ, ვგრძნობ, რომ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ტაქტიკურადაც დისციპლინირებული ვართ. რა თქმა უნდა, ამისთვის ორბანის გვერდით ორი იდეალური პარტნიორის პოვნა მოგვიწევს.
საქართველოსთან ნაჩვენები თამაში და შედეგი მომდევნო მატჩებზე იქონიებს გავლენას. შესაბამისად, უნდა გავიმარჯვოთ, რათა ყველა დამშვიდდეს. კიდევ ორი რთული მატჩი გველოდება, მაგრამ თუ ბელფასტში ჩატარებული მეორე ტაიმი ჩვენთვის ათვლის წერტილი გახდება, მაშინ ამ თამაშებს სრულიად განსხვავებული განწყობითა და მენტალიტეტით შევხვდებით“.
ცნობისთვის, საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს 0-0 ქულა აქვთ და ჯერ გოლი არცერთ მათგანს გაუტანია. საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.