“არა ძალადობას“ - ქსკ ლანჩხუთის შეწყვეტილი მატჩი და განცხადება
ქალთა ლიგის მორიგ ტურში ქსკ ლანჩხუთი ქსკ ნიკე-ლუსოს მასპინძლობდა. აღნიშნული მატჩი ჩემპიონის ბედს არკვევდა.
შეხვედრა ჩვეულებრივად დაიწყო, სტადიონზე გულშემატკივრებიც იყვნენ, თუმცა ბურთის გათამაშებიდან რამდენიმე წამში, მასპინძელთა გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბურთი მოედნის გარეთ გადააგდო და თამაში შეწყდა.
გურული გოგონები აუტის ხაზისკენ დაიძრნენ, საიდანაც ბანერი აიღეს, რომელზეც ეწერა:
„მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა.“
ამის შემდეგ, ქსკ ლანჩხუთმა მოედანი დატოვა. მათ ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ. მოედნის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ქსკ ლანჩხუთმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საგანგებო განცხადება!
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!
თითქოს არაფერი მოხდა ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ არ იქნება გამართლებული.
სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!“