მანჩესტერ სიტის გამოძიების უკან - ჟურნალისტი, რომელსაც მუქარით აიძულებდნენ გაჩუმებას
როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ სიტი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის. ქალაქელებს უამრავი ფინანსური დარღვევა აღმოუჩინეს, რის გამოც შესაძლოა ენცო მარესკას გუნდი პრემიერ ლიგიდან გააგდონ და არაერთი ტიტული ჩამოართვან.
როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე წლის წინ, სიტის დარღვევების გამოძიება სპორტულმა ჟურნალისტმა ნიკ ჰარისმა დაიწყო.
გამოძიების გზაზე ნიკი ბევრ წინააღმდეგობას გადაეყარა, მათ შორის მუქარას. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად ნიკ ჰარისი ღიად ალაპარაკდა.
რას ამბობს ჰარისი?
„2020 წელია. Covid-19-ის პანდემიის პირველი ტალღის დროს, ჩაკეტილ ჰოსპისში, პირველი სართულის ოთახის ფანჯარასთან, ყვავილების ბაღში დადგმულ პლასტმასის სკამზე ვზივარ.
ამ ფანჯრის მიღმა, საავადმყოფოს საწოლში პარალიზებული, ტვინის ტერმინალური სიმსივნით ჩემი მეუღლე, ჰელენი, წევს. ის ახლახან 47 წლის გახდა და, მიუხედავად ყველაფრისა, საოცრად მხნედაა.
ტელეფონი მირეკავს. ვხედავ, რომ „Associated Newspapers“-ის სპორტის განყოფილების ერთ-ერთი უფროსი რედაქტორია. მაშინ ამ ჯგუფში შემავალ „The Mail on Sunday“-ში საგამოძიებო სპორტულ ჟურნალისტად ვმუშაობდი და, სხვა საკითხებთან ერთად, „მანჩესტერ სიტის“ ფინანსურ საქმიანობას ვიკვლევდი.
ზარს ვპასუხობ.
— გამარჯობა, მეგობარო, — მეუბნება ის. — იცი, რომ ვიღაც „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივარმა შენი სახლის მისამართი Twitter-ზე გამოაქვეყნა და მუქარაც დაწერა?
— არა, არ მინახავს, — ვპასუხობ. — ჰელენთან ვარ.
— ვფიქრობთ, უნდა დაგეხმაროთ, რომ ეს პოსტი წაიშალოს, — მეუბნება ის და ამატებს, რომ ეს გაზეთის მხრიდან თანამშრომელზე ზრუნვის ვალდებულებას ეხება. — შეიძლება, პოლიციასაც შეატყობინო.
შემდეგ მეუბნება, რომ გაზეთის ჯგუფის ერთ-ერთ უფროს აღმასრულებელ პირს უკვე სთხოვა Twitter-ის შესაბამის წარმომადგენელთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ილონ მასკის Twitter-ის მფლობელობამდე ხდებოდა.
მანამდე უკვე ექვსი წლის განმავლობაში რეგულარულად ვაწყდებოდი „სიტის“ გულშემატკივრების მასობრივ თავდასხმებს, ყოველ ჯერზე, როდესაც ვწერდი სტატიას, რომელიც მიანიშნებდა, რომ კლუბის ფინანსურ საქმიანობაში ყველაფერი ბოლომდე ლეგიტიმურად არ ჩანდა.
მაგრამ ჩემი სახლის მისამართის გამოქვეყნება და „სიტის“ გულშემატკივრების ჩემზე თავდასხმისკენ მოწოდება? ეს უკვე ახალი საფეხური იყო.
რამდენიმე საათში Twitter-ისგან პერსონალური „უსაფრთხოების ოფიცერი“ დამინიშნეს, რომელსაც შეეძლო, ჩემ მიმართ მუქარის შემცველი პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ანგარიშის დაბლოკვა. ის თვეების განმავლობაში ჩემი საკონტაქტო პირი იყო. მუქარის ავტორს ბლოკავდნენ... ის კი რამდენიმე წუთში ახალ ანგარიშს ქმნიდა, კვლავ ბლოკავდნენ... ისევ ახალ ანგარიშს ქმნიდა... და ასე გრძელდებოდა.
იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე? რა თქმა უნდა.
ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც მეუღლე კვდებოდა და ჩვენი ორი მოზარდი ქალიშვილის მომავალზე ვნერვიულობდი, ჩემი პროფესიული საქმიანობა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ყველა ჩვენგანს. გოგოებისთვის ამის შესახებ არასდროს მითქვამს — ისედაც საკმარისი ჰქონდათ გადასატანი.
როდესაც ჰელენი 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, უცნაური შვება ვიგრძენი — ყოველ შემთხვევაში, „სიტის“ გულშემატკივართა ყველაზე სასტიკ ნაწილს აღარ შეეძლო, მისი ავადმყოფობის გამო ჩემთვის ტანჯვა მიეყენებინა.
მაგრამ შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში, „სიტის“ შესახებ ჩემმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ კლუბი პრემიერ ლიგასთან ტოქსიკურ სამართლებრივ კონფლიქტში იყო ფინანსური წესების დარღვევის გამო. ორივე მხარე ცდილობდა, იურიდიული გარანტიები მიეღო, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელება შეუძლებელი ყოფილიყო.
„The Mail on Sunday“-მ ჩემ დასაცავად კინგის მრჩეველი (QC) დაიქირავა, რათა ედავა „ღია მართლმსაჯულების“ პრინციპის სასარგებლოდ — ჩვენ, როგორც თავისუფალ პრესას, უნდა გვქონოდა უფლება, საზოგადოებისთვის მოგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „სიტი“ და პრემიერ ლიგა კვლავ სამართლებრივ დავაში იმყოფებოდნენ. ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩემი სტატია გაზეთის უკანა გვერდზე გამოქვეყნდა.
2018: „Der Spiegel“-მა „მანჩესტერ სიტის“ სავარაუდო დარღვევების შესახებ სენსაციური სტატიების სერია გამოაქვეყნა
სტატიები ჰაკერის მიერ მოპოვებულ ელექტრონულ წერილებს ეფუძნებოდა.
„ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც მეუღლე კვდებოდა და ჩვენი ორი მოზარდი ქალიშვილის გამო ვნერვიულობდი, ჩემი პროფესიული საქმიანობა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ყველა ჩვენგანს. როდესაც ჰელენი 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, უცნაური შვება ვიგრძენი — ყოველ შემთხვევაში, „სიტის“ გულშემატკივართა ყველაზე სასტიკ ნაწილს აღარ შეეძლო, მისი ავადმყოფობის გამო ჩემთვის ტანჯვა მიეყენებინა.“
ამ პროცესის ყველა ეტაპზე და, ზოგადად, „სიტის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩემი ყველა გამოძიების დროს, კლუბი აგრესიულ მეთოდებს იყენებდა. მათი ტაქტიკა მოიცავდა როგორც ჩემი მოთხოვნების იგნორირებას, ასევე ბრალდებებს, თითქოს „გარკვეული დღის წესრიგი“ მქონდა, იურიდიულ მუქარასა და დაშინებას.
„სიტისთან“ დიდი ხნის განმავლობაში თბილი ურთიერთობა მქონდა — ეს ყველაფერი „მეინ როუდზე“ კევინ კიგანის ეპოქიდან მოყოლებული. მყავს მეგობრები, რომლებიც „სიტის“ გულშემატკივრობენ და ჩვენ შეგვიძლია, კლუბის ფინანსურ საქმიანობაზე განსხვავებული შეხედულებები მშვიდად გვქონდეს.
მყავს მეგობრები, რომლებიც კლუბში მუშაობდნენ, ზოგი კი დღემდე მუშაობს. წლების წინ თავად ხალდუნმა მიმიწვია „ნორვიჩთან“ მატჩზე „ეტიჰადის“ VIP-ლოჟაში.
მაგრამ 2014 წლის შემდეგ, როდესაც „სიტის“ საეჭვო ქმედებები მათი პირველი სასჯელის ფონზე აშკარა გახდა, ჩემსა და კლუბის რამდენიმე მნიშვნელოვან წარმომადგენელს შორის ურთიერთობები ჯერ დაიძაბა, შემდეგ კი საბოლოოდ დაინგრა. ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ის უნდა დამეწერა, რისი დამტკიცებაც შემეძლო.
რაც შეეხება გულშემატკივრებს — ჩემი სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში „სიტის“ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტფორუმსა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა რამდენიმე, თუმცა უკიდურესად საზიზღარი, შეტყობინება, რომ ჩემი საქმიანობის გამო ჰელენის სიკვდილს ვიმსახურებდი.
რას გიკეთებს ეს ყველაფერი?
ფსიქოლოგი არ ვარ და, ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ჰელენის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას მეტ-ნაკლებად კარგად გავართვი თავი. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა — ამ ყველაფერს კარგი არაფერი მოუტანია.
ნიკ ჰარისი კვლავ იღებს შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს
ჯერ კიდევ ამ კვირაში ნიკს შეურაცხმყოფელ და საზიზღარ შეტყობინებებს უგზავნიან ადამიანები, რომლებიც მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ეთანხმებიან.
უკვე ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ „The Mail on Sunday“-ს უფლება მისცა, „სიტისა“ და პრემიერ ლიგის დავის შესახებ დაეწერა და აღნიშნა, რომ 2021 წელს უკვე მეტისმეტად დიდი დრო იყო გასული იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა კლუბმა წესები.
სამ წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგამ „სიტის“ წინააღმდეგ 115-ზე მეტი ბრალდება წარადგინა. ასევე, ორი წელი გავიდა იმ 12-კვირიანი მოსმენიდან, როდესაც სამკაციანმა კოლეგიამ ორივე მხარის ყველა მტკიცებულება მოისმინა.
ახლა კი, ბოლო დღეებში, ამ პროცესმა პრემიერ ლიგის უმძიმეს დასკვნამდე მიგვიყვანა — „სიტის“ მიერ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან გაფორმებულ „ფიქტიურ“ კონტრაქტებსა და შეთანხმებებზე, ასევე „ფიქტიურ“ კომერციულ გარიგებებზე.
ეს დასკვნა მიუთითებს სისტემური მასშტაბის დარღვევებზე და, შესაძლოა, ბრიტანეთის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალზე. „სიტი“ კვლავ აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
თუ საბოლოოდ დამნაშავედ ცნეს — რაც გარდაუვალ ხანგრძლივ სააპელაციო პროცესს და, შესაძლოა, პრემიერ ლიგის საქმის მსგავსად, უმაღლეს სასამართლოშიც დაბრუნებას გამოიწვევს — „სიტის“ შეიძლება ქულების დაკლება, დაქვეითება და ათეულობით ან ასეულობით მილიონი ფუნტის ოდენობის ჯარიმა დაემუქროს.
ბოლო დღეებში „სიტის“ ბევრმა გულშემატკივარმა, როგორც იქნა, გაოგნებით გააცნობიერა, რომ მათი კლუბის ხელმძღვანელობამ, დიდი ალბათობით, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მასშტაბური თაღლითობა ჩაიდინა.
სხვები კი კვლავ იმ აზრზე რჩებიან, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა — ისევე, როგორც ჰიროო ონოდა ვერ იჯერებდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
თქვენ იცით, ვინ იყო ის, თუნდაც მისი სახელი არ გახსოვდეთ. ის იაპონელი ჯარისკაცი იყო, რომელსაც არ სჯეროდა, რომ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და 1974 წლამდე, ომის დასრულებიდან 29 წლის განმავლობაში, ფილიპინების ჯუნგლებში იმალებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ 1945 წელს ომის დასრულება უბრალოდ ხრიკი იყო.
„სიტის“ გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ ონოდას მენტალიტეტით ცხოვრობს — მათ სჯერათ, რომ კლუბი უდანაშაულოა და ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან ომი საბოლოოდ მათი გამარჯვებით დასრულდება.
ჩემი აზრით, გულშემატკივრების პოზიციაზე გავლენას ზემოდან, თავად კლუბის ხელმძღვანელობიდან წამოსული დამოკიდებულება ახდენს — პლუტოკრატიისგან, ანუ რეჟიმისგან, სადაც ძალაუფლება სიმდიდრიდან გამომდინარეობს და რომლის სათავეშიც შეიხ მანსური და მისი გუნდის წევრები დგანან.
ჩემი მთავარი პრეტენზია სწორედ ისაა, რომ მათი პლუტოკრატია მათში ქმნის რწმენას, თითქოს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რადგან ამისთვის საკმარისად მდიდრები არიან.
მათ შეუძლიათ ომების წარმოება. შეუძლიათ, 330-მილიარდიანი სუვერენული ქონების ფონდი მსოფლიოს ქალაქებსა და ქვეყნებში პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად დააბანდონ. შეუძლიათ, ფეხბურთის წესები დაარღვიონ და დაუსჯელად დარჩნენ.
ჩემსა და იმ ჟურნალისტთა შედარებით მცირე ჯგუფზე საუბარი, რომლებიც „სიტის“ საქმიანობას იკვლევდნენ არა რაიმე „დღის წესრიგის“, არამედ სიმართლის გასარკვევად, ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის.
არ მინდა გამართლება. მინდა, რომ პოლარიზებულ და დაყოფილ სამყაროში მკითხველებსა და მაყურებლებს სჯეროდეთ, რომ ჯერ კიდევ არსებობენ თავდადებული და ნეიტრალური ჟურნალისტები, რომლებიც სიმართლის დასადგენად საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე იყენებენ — შიშისა და გავლენის გარეშე.
რაც შეეხება იმ „სიტის“ გულშემატკივართა შემცირებულ რაოდენობას, რომლებიც კვლავ იმ პროპაგანდას ეჭიდებიან, თითქოს მათ კლუბს არაფერი დაუშავებია?
ისინი „სიტის“ რეპუტაციის ნამსხვრევებს ეჭიდებიან ისე, როგორც ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი „ტიტანიკის“ დასასრულს ეჭიდებოდა ნამსხვრევს, რომელზეც ქეით უინსლეტის პერსონაჟი იწვა.
და ყველამ ვიცით, საბოლოოდ რა დაემართა ლეოს პერსონაჟს.
როგორ აგრძელებდნენ ნიკ ჰარისი და „The Mail on Sunday“ „მანჩესტერ სიტიზე“ ზეწოლას
2021 წლის მაისი
ნიკ ჰარისმა და „The Mail on Sunday“-მ „მანჩესტერ სიტისა“ და პრემიერ ლიგას წერილით მიმართეს და მოსამართლე მოლდერის გადაწყვეტილების დეტალების გაცნობა მოითხოვეს, რათა გამოევლინათ, თუ რა მასშტაბის ძალისხმევას მიმართავდა კლუბი ლიგისთვის ინფორმაციის გადაცემის წინააღმდეგ.
2021 წლის ივნისი
„მანჩესტერ სიტიმ“ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოქვეყნება გაასაჩივრა. „The Mail on Sunday“-მ ბოლო წუთს მიიღო ნებართვა, რომ სხდომას დასწრებოდა, თუმცა სააპელაციო პროცესის წარუმატებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე სამართლებრივი შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩებოდა.
2021 წლის ივლისი
„ღია მართლმსაჯულებისთვის“ ბრძოლაში, რომელიც „The Mail on Sunday“-მ პრემიერ ლიგისა და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოა, გაზეთმა ივლისის ბოლოს გაიმარჯვა. ამავე დროს, ჰაკერმა რუი პინტომ დაადასტურა, რომ მზად იყო, ლიგას სავარაუდო დარღვევების გამოძიებაში დახმარებოდა.
2021 წლის ივლისი
იმავე „Mail on Sunday“-ის გამოცემაში გამოქვეყნებულმა მნიშვნელოვანმა ელექტრონულმა წერილებმა გამოავლინა შეუსაბამობები „მანჩესტერ სიტის“ სპონსორების მიერ გადახდილ თანხებსა და იმ თანხებს შორის, რომელთა გადახდაც მათ რეალურად ჰქონდათ ვალდებული.
დღეს, ნიკ ჰარისს საფრთხე აღარ ემუქრება. მეტიც, თუ მანჩესტერ სიტის დასჯიან, აუცილებლად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც მას ემუქრებოდნენ და ვისი დავალებითაც მოქმედებდნენ ისინი.