10 კათხა ლუდი ფინალის წინა ღამეს - ურჩი მარიო ბასლერის ისტორია
Aa
Aa

10 კათხა ლუდი ფინალის წინა ღამეს - ურჩი მარიო ბასლერის ისტორია

მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო, ტედი შერინგემი, ოლე გუნარ სულშერი - 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენის „ბაიერნის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრამაა. მე-6 წუთზე გერმანული კლუბი დაწინაურდა და მატჩს 90+1 წუთამდე იგებდა, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნამდვილი სასწაული მოახდინა და თასი ინგლისში წაიღო. თუმცა, მაშინდელი „ბაიერნის“ ერთ-ერთი ლიდერი, მარიო ბასლერი დღემდე თავს იმ ფინალის გამარჯვებულად მიიჩნევს.

„ბაიერნი“ ფინალში სწორედ ბასლერის გოლით დაწინაურდა, ოტმარ ჰიტცფელდმა „სუპერ მარიო“ 87-ე წუთზე შეცვალა - მომდევნო წუთებში მოედანზე განვითარებულ დრამატულ მოვლენებს ბასლერმა სათადარიგო სკამიდან უყურა.

მიუნხენელთა ექსფეხბურთელი ალექსანდერ ციკლერი იხსენებს, რომ მატჩის შემდეგ ბასლერმა მოაწყო „ყველაზე დიდებული წვეულება“, რაც ოდესმე ამ კლუბში ყოფნის პერიოდში უნახავს. ციკლერის სიტყვებს თავად ბასლერიც ადასტურებს - „არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ - დავლიეთ, ვიცინეთ და მთელი ღამე მაგიდებზე ვცეკვავდით“.

პირადად ბასლერისთვის ეს საღამო მატჩისწინა ღამეს ჰგავდა - „ღამის 3 საათამდე ბარში ვიჯექი. ჰიტცფელდმა და „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა არაერთხელ მთხოვეს, რომ ნომერში ავსულიყავი და დამეძინა. „არა, არ მეძინება, კიდევ რამდენიმე კათხა უნდა დავლიო“ - უპასუხა ბასლერმა და როდესაც მარიომ მეათე კათხა დაცალა, ჰიტცფელდი მუქარებზე გადავიდა. „მან მითხრა, რომ ფინალში არ მათამაშებდა, რაზეც ვუპასუხე, რომ ესე იგი, ხვალ ვერ მოვიგებდით“. საბოლოო ჯამში, მარიო მაინც მოხვდა ძირითადში და ფინალში თავისი კვალიც დატოვა.

რთული ხასიათი

ბევრი ალკოჰოლი, გიჟური წვეულებები, სკანდალური განცხადებები, კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან და მაღალი დონის ფეხბურთი - 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბასლერის მთელი კარიერის ერთ მატჩში ჩატეული ერთგვარი მიმოხილვა იყო.

„როტ-ვაისი“, „ჰერტა“, „ვერდერი“, „ბაიერნი“, „კაიზერსლაუტერნი“ - მარიოს საფეხბურთო კარიერას ყოველთვის თან სდევდა ალკოჰოლი და სიგარეტი. „მოედანზე მსოფლიო დონის ფეხბურთს აჩვენებდა, მოედნის მიღმა კი ისე იქცეოდა, თითქოს სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელი იყო“, - იხსენებდა „ჰერტას“ მწვრთნელი ბერნდ შტანგე.

1994 წელს ბასლერმა ვერდერთან ერთად გერმანიის თასი მოიგო, მომდევნო სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 3 გოლი პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია. 1996 წელს გარდაუვალი რამ მოხდა - მარიო „ბაიერნში“ გადავიდა. მიუნხენში ბასლერმა სამი სეზონი გაატარა, ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ერთხელ - თასი და გახდა ლეგენდარული „ჰოლივუდის კლუბის“ ერთ-ერთი სახე - ასე შეარქვეს გერმანიაში ნიჭიერი, მაგრამ ერთმანეთთან შეუთავსებელი ეგოისტი ფეხბურთელების ჯგუფს, რომელშიც ბასლერთან ერთად ლოთარ მათეუსი, მეჰმეთ შოლი, შტეფან ეფენბერგი და ოლივერ კანი შედიოდნენ.

ბასლერს გაჰქონდა ეფექტური გოლები, შემდეგ კი მიდიოდა ღამის კლუბებში, სადაც უცნობ პირებს ეჩხუბებოდა. ული ჰიონესმა დეტექტივები დაიქირავა, რომლებიც ბასლერს უთვალთვალებდნენ - კლუბი მარიოს აჯარიმებდა, თუმცა მაინც ვერ აკონტროლებდა - ბასლერი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა და ვინმეს რჩევების გათვალისწინებას არ აპირებდა.

„იუნაიტედთან“ წაგებული ფინალის შემდეგ „ბაიერნის“ მოთმინება ამოიწურა - ტრავმირებულმა ბასლერმა ერთ-ერთ პიცერიაში თანაგუნდელ სვენ შოიერთან იჩხუბა, რის შემდეგაც მიუნხენურმა კლუბმა ის ჯერ ვარჯიშებს ჩამოაშორა, შემდეგ კი „კაიზერსლაუტერნში“ გაყიდა.

ეროვნული ნაკრები

30 წლის მარიოსთვის ეს ტოპ დონეზე თამაშის დასასრული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებში ბოლო მატჩი მან 1998 წელს ჩაატარა. ისევე როგორც „ბაიერნის“ შემთხვევაში, „ბუნდესტიმის“ წარმატებებმაც მარიოს გვერდით ჩაუარა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარიომ ბოლივიასთან პირველ მატჩში 30 წუთი ითამაშა, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, გერმანია კი მეოთხედფინალში ბულგარეთთან დამარცხდა.

1996 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბასლერი ნაკრების წამყვან ფეხბურთელად ითვლებოდა, შემდეგ კი ერთ-ერთ ვარჯიშზე მას კრისტიან ციგე ეუხეშა. ქუსლის ტრავმის გამო ბასლერმა ინგლისი დატოვა, გერმანიის ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისევე როგორც „მანჩესტერთან“ ფინალს, ბასლერი ნაკრებში გატარებულ პერიოდს დადებითად იხსენებს.

„1996 წელს კარგი გუნდი გვყავდა, ხოლო მწვრთნელმა კარგად იცოდა, როგორ ეპოვნა ბალანსი დაძაბულობასა და დასვენებას შორის. ჩვენი სასტუმროს მახლობლად მდებარე ყველა რესტორანი, ბარი და ღამის კლუბი მოვიარეთ. ნომრებში ხომ არ ვისხდებოდით?! დავლევდით რამდენიმე კათხა ლუდს, არაყს ან ჯინ-ტონიკს, მოვწევდით რამდენიმე ღერ „მარლბოროს“ და ვსაუბრობდით ცხოვრებაზე...

რა თქმა უნდა, ვთვრებოდით, მაგრამ იმდენს მაინც არ ვსვამდით, რამდენსაც ინგლისელი ფეხბურთელები სვამენ - თითქოს ბარიდან გამოსვლას აღარ აპირებენ. მათთან შედარებით ჩვენ ეკლესიაში მგალობელი ბიჭები ვიყავით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარლოს როა - ექსცენტრული მეკარე, რომელმაც მალარია და კიბო დაამარცხა
კარლოს როა - ექსცენტრული მეკარე, რომელმაც მალარია და კიბო დაამარცხა