შეშლილი მოგზაური - სებასტიან აბრეუს დაუჯერებელი ისტორია
„ელ ლოკო“ ანუ შეშლილი, სწორედ ამ მეტსახელით არის ცნობილი ურუგვაელი ფორვარდი სებასტიან აბრეუ, რომელმაც 24-წლიანი კარიერის განმავლობაში 32 კლუბი გამოიცვალა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
კარიერის საწყისი ეტაპი და ევროპაში გადასვლა
აბრეუმ კარიერა სამშობლოში, „დეფენსორში“ დაიწყო, სადაც ერთ სეზონში 41 გოლში 30 გოლით გამოიჩინა თავი და არგენტინული „სან-ლორენცოს“ ყურადღება მიიპყრო. 1996 წელს მისი პირველი ტრანსფერიც შედგა - არგენტინაში გადაბარგებულმა „ელ ლოკომ“ „წმინდანების“ მაისურით 43 მატჩში 26 გოლი გაიტანა და ევროპაში გადაბარგების ჯერიც მოვიდა.
22 წლის აბრეუ ლა-კორუნიას „დეპორტივომ“ იყიდა, თუმცა 6 წლის განმავლობაში ურუგვაელმა მხოლოდ „სუპერდეპორის“ რიგებში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა და გალისიელ გულშემატკივრებს მხოლოდ 4 გოლით დაამახსოვრა თავი.

6 წელიწადში „დეპორტივომ“ სება 7-ჯერ გაანათხოვრა: ბრაზილიურ „გრემიოში“, მექსიკურ „ტეკოსში“, კარგად ნაცნობ „სან-ლორენცოში“, ურუგვაულ „ნასიონალში“, მექსიკურ „კრუს ასულსა“ და „ამერიკაში“, შემდეგ კი ისევ „ტეკოსში“.
2004 წელს „ელ ლოკომ“ სრულფასოვანი კონტრაქტი „ნასიონალთან“ გააფორმა - 17 გოლი 37 მატჩში და ისევ იჯარები: მექსიკური „დორადოსი“, „მონტერეი“, „სან-ლუისი“, „ტიგრესი“, არგენტინული „რივერ პლეიტიც“ კი - ამ კლუბებიდან აბრეუმ 20-მატჩიანი ნიშნული მხოლოდ „დორადოსში“ გადალახა.
1-მატჩიანი კარიერა „ბეითარში“ და დაბრუნება ესპანეთში
ყველაზე უცნაური ტრანსფერი მის კარიერაში ბეითარის „იერუსალიმს“ უკავშირდება, სადაც ურუგვაელმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი ისევ „რივერ პლეიტში“ დაბრუნდა. თუმცა არგენტინულმა კლუბმა ფორვარდი ვერ დაარეგისტრირა და იჯარით სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადში“ გაუშვა. ესპანეთში მეორე მოგზაურობა „ელ ლოკოსთვის“ უფრო შედეგიანი გამოდგა - 11 გოლი 18 მატჩში. მიუხედავად ამისა „რივერმა“ ის მომდევნო სეზონში ბერძნულ „არისში“ გაყიდა. რამდენიმე თვე საბერძნეთში და ისევ გარდაუვალი შედეგი - ტრანსფერი, ამჯერად ბრაზილიაში, სადაც 2010 წლიდან აბრეუმ „ბოტაფოგოს“ მაისური მოირგო.
„მარტოსული ვარსკვლავის“ შემადგენლობაში სებამ 105 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაიტანა, 2012 წელს კი კლუბი დატოვა. 2012-2019 წლებში აბრეუმ 13 კლუბი გამოიცვალა. ურუგვაი, არგენტინა, ეკვადორი, პარაგვაი, ელ სალვადორი, ბრაზილია, ჩილე - „ელ ლოკომ“ მთელი კონტინენტი მოიარა და კარიერა 2020 წელს, 44 წლის ასაკში ურუგვაულ „ბოსტონ რივერში“ დაასრულა.
თუმცა, „ელ ლოკო“ საკუთარ თავს უღალატებდა, ისევ რომ არ დაბრუნებულიყო ფეხბურთში - მან ჯერ ბრაზილიური „ატლეტიკის“, შემდეგ ურუგვაული „სუდ ამერიკას“ და „ოლიმპია დე მინასის“ მაისური მოირგო და ბუცები ლურსმანზე 2021 წელს ჩამოკიდა.
თამაში მარადონას წინააღმდეგ
1997 წელს „სან-ლორენცო“ დიეგო მარადონას „ბოკა ხუნიორს“ ესტუმრა, პირველი ტაიმის შემდეგ კი არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ აბრეუს მაისურების გაცვლა შესთავაზა. ასე იხსენებდა ამ ეპიზოდს სებასტიანი:
„19 წლის ვიყავი და ზღაპარში ვგრძნობდი თავს. პირველი ტაიმი დასრულდა, დიეგო მომიახლოვდა და მკითხა - „ურუგვაელო, მაისურები არ გავცვალოთ?“ წარმოიდგინეთ, რა დამემართა. მაისური გასახდელში, კარადის თავზე შევაგდე, შემდეგ კი ძლივს ჩამოვიღე. სახლში ჩარჩოში მხოლოდ ორი მაისური მაქვს ჩასმული - მარადონას „ბოკა ხუნიორსი“ და ენცო ფრანჩესკოლის „რივერ პლეიტი“.

პატრიოტიზმი და „ნასიონალის“ ერთგულება
32 კლუბში თამაშის მიუხედავად, „ელ ლოკო“ ცნობილია თავისი ერთგულებით „ნასიონალისა“ და ურუგვაის ნაკრების მიმართ. მთელი კარიერის განმავლობაში მას სათამაშო მაისურის ქვეშ ეცვა ლურჯი მაისური, რომელსაც „ნასიონალის“ და ურუგვაის ნაკრების ლოგოები ამშვენებდა. ბოლოს ამ მაისურზე „ბოტაფოგოს“ ლოგო და შვილების ფოტოც დაემატა.

ეროვნულ გუნდთან ერთად სებამ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი სანაკრებო კარიერის მთავარი ეპიზოდი 2010 წლის მუნდიალს უკავშირდება, როდესაც განასთან მეოთხედფინალში (მას შემდეგ, რაც ლუის სუარესმა კარის ხაზზე ბურთი ხელით გააჩერა და მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა) აბრეუს გადამწყვეტი, მეხუთე 11-მეტრიანის შესრულება მიანდეს. როგორ მოიქცა „ელ ლოკო“? რა თქმა უნდა, პანენკას სტილში გაიტანა და 40-წლიანი პაუზის შემდეგ „სელესტე“ ნახევარფინალში გაიყვანა.