20 წლის ბიჭი, რომელმაც ფორმულა 1-ის ისტორია დაწერა - ვინ არის კიმი ანტონელი?
ლუის ჰემილტონი და ლანდო ნორისი ალბათ ყველას გსმენიათ, თუმცა იცნობთ თუ არა კიმი ანტონელის? დიდი ალბათობით, ამ 20 წლის იტალიელის სახელს კიდევ არაერთხელ გაიგონებთ, რადგან ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონის გახდა.
იტალიელმა ტალანტმა ტიტული მექსიკის გრან-პრიზე, 2026 წლის სეზონის დასრულებამდე ოთხი ეტაპით ადრე გაინაღდა. მისთვის ეს კარიერაში მხოლოდ მეორე სეზონია ფორმულა 1-ში, თუმცა მან უკვე მოახერხა ფანტასტიკური შედეგის ჩვენება.
ანტონელიმ მიმდინარე სეზონში 19 რბოლიდან ცხრა მოიგო. მექსიკის გრან-პრიზე მესამე ადგილის დაკავება და 15 ქულის მოპოვებაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დარჩენილ კონკურენტებს ჩემპიონობის თეორიული შანსი დაეკარგათ.
რბოლის დასრულების შემდეგ, როდესაც გუნდმა აცნობა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ანტონელი ერთდროულად იცინოდა და ტიროდა.
„ალბათ, ორი წამი დავკარგე, რადგან უკვე ვტიროდი და წინ გარკვევით ვეღარაფერს ვხედავდი. ცრემლების მიუხედავად, როგორღაც ორი „ფერარის“ გარჩევას მაინც ვახერხებდი. ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. იმ წამს უამრავი მოგონება გამახსენდა. ძალიან მადლიერი ვარ ამ მომენტისთვის. ეს ის დღეა, რომელიც სამუდამოდ მემახსოვრება. სიტყვები არ მყოფნის. ჯერ კიდევ ვცდილობ გავიაზრო, რა მოხდა... წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის“, - განაცხადა მან ბოლიდიდან გადმოსვლის შემდეგ.

ანტონელიმ სებასტიან ფეტელის რეკორდი გააუმჯობესა. გერმანელი 2010 წელს, საჩემპიონო სეზონის გადამწყვეტ რბოლაში, 23 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფეტელი ანტონელიზე სამი წლითა და 66 დღით უფროსი იყო, როდესაც პირველი ტიტული მოიპოვა.
ამასთან, ანტონელი 1953 წლის შემდეგ პირველი იტალიელი მრბოლელია, რომელმაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბოლოს ეს ალბერტო ასკარიმ შეძლო. ამ წარმატებით კიმი სამშობლოში ნამდვილ სუპერვარსკვლავად იქცა.
ახალგარდა ჩემპიონის სრული სახელი ანდრეა კიმი ანტონელია. ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები მას ანდრეას ეძახიან, თუმცა ავტოსპორტის სამყაროში ის კიმის სახელით არის ცნობილი.
ანტონელის მშობლებს სარბოლო გუნდის ბიზნესი ჰქონდათ, ამიტომ ის ბავშვობიდანვე ავტომობილებისა და ავტოსპორტის გარემოცვაში იზრდებოდა. მამამისმა, მარკო ანტონელიმ, BBC-სთან გაიხსენა, როგორ წაიყვანა კიმი 10 წლის ასაკში პირველად კარტინგზე და მაშინვე მიხვდა, რომ მის შვილს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

კარტინგში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, 15 წლის ასაკში, კიმი ერთადგილიან სარბოლო ავტომობილებზე გადავიდა. მისმა შესაძლებლობებმა „მერსედესის“ ყურადღება მალევე მიიქცია.
ფორმულა 1-ში დებიუტი ანტონელის 2025 წელს ჰქონდა. სადებიუტო სეზონში მან რამდენიმე კარგი შედეგი აჩვენა, თუმცა საბოლოოდ თანაგუნდელ ჯორჯ რასელზე ორჯერ ნაკლები ქულა დააგროვა. სწორედ მეორე სეზონში შეძლო მან საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა და არაერთი რეკორდის დამყარება.
2026 წლის სეზონის დასაწყისში ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ჯორჯ რასელი მიიჩნეოდა. ავსტრალიის გრან-პრიზე მან გამარჯვებაც მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უპირატესობა. „მერსედესმა“ მოლოდინი გაამართლა და ახალი რეგლამენტის პირობებში ყველაზე სწრაფი ბოლიდი შექმნა.
თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ანტონელიმ მომდევნო ხუთი რბოლა მოიგო და ჩემპიონობის მთავარ კანდიდატად იქცა.

ჩინეთის გრან-პრიზე, ის პოულ პოზიციის მომპოვებელი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, მომდევნო ეტაპზე კი, იაპონიაში, ანტონელი ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.
ანტონელი 2026 წლის სეზონის მესამე რბოლის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერი გახდა და ეს პოზიცია აღარ დაუთმია. გარდამტეხი მომენტი კანადისა და მონაკოს გრან-პრიზე დადგა, სადაც იტალიელმა ორივე რბოლა მოიგო, რასელმა კი ქულები ვერ მოიპოვა.
მათ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იტალიის გრან-პრიზე დადგა. ანტონელიმ რბოლა მე-19 პოზიციიდან დაიწყო, რასელს დაეწია და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. ეს იყო მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელმაც თანაგუნდელთან შედარებით მისი უპირატესობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
„მერსედესის“ პილოტებს შორის ძალთა ბალანსის ასეთი ცვლილება, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. რასელი, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ მომავალ კანდიდატად მიიჩნეოდა, საბოლოოდ თანაგუნდელს ჩამორჩა.
მექსიკის გრან-პრიზე ანტონელიმ რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა. გამარჯვება „რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა, მეორე ადგილი კი „ფერარის“ წარმომადგენელ ლუის ჰემილტონს ერგო.
ანტონელისთვის პოდიუმზე ჰემილტონთან და ფერსტაპენთან ერთად დგომა სიმბოლური მომენტიც აღმოჩნდა. მის გვერდით იდგა სპორტის ორი ლეგენდა, რომლებსაც ჯამში 11 მსოფლიო ტიტული აქვთ მოპოვებული.

სეზონის დასრულებამდე კიდევ ოთხი რბოლაა დარჩენილი. ანტონელის ტიტულის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილისთვის დაძაბული ბრძოლა, რასელს, ჰემილტონს, ვერსტაპენსა და შარლ ლეკლერს შორის გრძელდება.
ფორმულა 1-ში ჩემპიონობა უდიდესი მიღწევაა, მაგრამ 20 წლის ასაკში ტიტულის მოგება სულ სხვა მასშტაბის ამბავია. ანტონელის ახლა გაცილებით რთული გამოცდა ელის: შეძლებს თუ არა ის, რომ ერთჯერადი სენსაციის ნაცვლად, ეპოქის მთავარ მრბოლელად იქცეს? პასუხს მომდევნო სეზონები გაგვცემს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს