რობინიო
Aa
Aa

რობინიოს დაცემა — როგორ იქცა პელეს მემკვიდრე კრიმინალად

ბრაზილია საფეხბურთო ტალანტების ერთ-ერთი მთავარი სამჭედლოა, თუმცა ყველა ვუნდერკინდი ვერ ახერხებს ფაველებისგან თავის დაღწევას, ხოლო ვინც ახერხებს - მას უმალ „პელეს მემკვიდრედ“ ნათლავენ.

ერთ-ერთი ასეთი იყო რობსონ დე სოუზა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს უდიდესი მწვერვალები დაიპყრო, ბოლოს კი ციხის საკანში აღმოჩნდა. რობინიოს ვარსკვლავი „სანტოსში“ აინთო, მადრიდის „რეალში“ კაშკაშებდა, „მანჩესტერ სიტიში“ გაიელვა და საბოლოოდ „მილანში“ ჩაქრა.

„პელე მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა, რომ მისი სიჭაბუკე გავახსენე და აღტაცების გარეშე ჩემი თამაშის ყურება არ შეეძლო“, - ტრაბახობდა 15 წლის რობინიო „მეფესთან“ შეხვედრის შემდეგ.

რეალი

რობინიოს ცხოვრება და კარიერა არაფრით განსხვავდება ფაველებიდან გამოსული სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებისგან: გაიზარდა ღარიბ ოჯახში, ფეხბურთის თამაში ქუჩაში ისწავლა, უყვარდა გართობა და ზარმაცობითაც გამოირჩეოდა. როდესაც ის „სანტოსიდან“ მადრიდის „რეალში“ გადადიოდა, არსებობდა მოლოდინი, რომ ეს ბიჭუნა გაცემულ ავანსებს გაამართლებდა, მაგრამ „ათიანი“ რამდენიმე ფაქტორის მძევალი გახდა.

„გალაქტიკოს“ პროექტის პირობებში მისი კონკურენტები ჩამოყალიბებული და გამოცდილი ვარსკვლავები იყვნენ, რის გამოც რობინიო ძალიან არასტაბილური იყო: გენიალურ მატჩებს სრულიად უფერული შეხვედრები ანაცვლებდა. გარდა ამისა, „პელეს მემკვიდრისა“ და სუპერვარსკვლავის იარლიყი ახალგაზრდა რობინიოს მძიმე ტვირთად აწვებოდა. 35 გოლი 135 მატჩში, ლა ლიგის ორი ტიტული და ესპანეთის სუპერთასი - ამ მონაგარით რობინიომ მადრიდი დატოვა და 2008 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.

პრემიერლიგურ სადებიუტო სეზონში რობინიომ 14 გოლი გაიტანა, მაგრამ „ქალაქელებმა“ სეზონი ჩააგდეს და პრემიერლიგა მეათე ადგილზე დაასრულეს. ამას მოჰყვა იჯარა „სანტოსში“, საიდანაც რობინიოს ინგლისში დაბრუნება აღარ სურდა, და 2010 წელს „სიტიმ“ ბრაზილიელი „მილანში“ გაყიდა.

მილანი

„როსონერიში“ რობინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და კევინ პრინს-ბოატენგთან ერთად შეუჩერებელი ტრიო შექმნა და პირველივე სეზონში სკუდეტო მოიგო. თუმცა მომდევნო სეზონები ასეთივე წარმატებული აღარ იყო... კვლავ იჯარა „სანტოსში“, შემდეგ ჩინური „გუანჩჟოუ“, ბრაზილიური და თურქული კლუბები... რობინიო 2020 წელს კვლავ „სანტოსში“ დაბრუნდა, სიმბოლური ხელფასი მოითხოვა და განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა იყო, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მშობლიურ კლუბს დახმარებოდა. თუმცა მალევე, ერთ კვირაში „სანტოსს“ მისი კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია...

დანაშაული

საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს რობინიო ჯგუფურად სექსუალური ძალადობის საქმეზე დამნაშავედ ცნეს - მილანის სასამართლომ მას 9 წელი მიუსაჯა. 2020 წელს განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც დაამტკიცა, „პელეს მემკვიდრე“ ციხეში უნდა წასულიყო.

საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის იანვარში რობინიომ და კიდევ რამდენიმე მამაკაცმა მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქალი გააუპატიურეს. რობინიო იტალიაში ჩასვლას თავს ყველანაირად არიდებდა, 2022 წელს კი განაჩენი იტალიის უზენაესმა სასამართლომაც დატოვა ძალაში, ლომბარდიის რეგიონის პროკურატურამ კი ბრაზილიელი ფეხბურთელის ექსტრადირება მოითხოვა.

ბრაზილიის კონსტიტუცია ქვეყნის მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემას კრძალავს, თუმცა რობინიოს ქვეყნის დატოვება აღარ შეეძლო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დააკავებდნენ და იტალიას გადასცემდნენ.

2024 წლის მარტში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რობინიომ სასჯელი ადგილობრივ ციხეში უნდა მოიხადოს. ასე დაიწყო „პელეს მემკვიდრის“ 9-წლიანი პატიმრობა.

ცხოვრება ციხეში

ბრაზილიელი ჟურნალისტი ულისე კემპბელი პატიმრობაში რობინიოს ცხოვრებას ასე აღწერს: „რობინიო ვარსკვლავია. ნებისმიერი პატიმარი, რომელიც ასეთი ცნობილი და პოპულარულია - რობინიო კი არა მხოლოდ ცნობადი სახე, არამედ ნაკრების ექსფეხბურთელია - ავტომატურად განსაკუთრებულ პირობებში ხვდება.

მის გამო ციხეში პაემნების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. პატიმრები ამბობენ, რომ ოჯახის წევრები მათ უფრო ხშირად აკითხავენ, ვინაიდან იმედი აქვთ, რომ ციხის ეზოში რობინიოს ნახავენ. რობინიო საკნების დალაგებისგან გათავისუფლებულია, მასზე ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები ზრუნავენ“.

მოგვიანებით რობინიო ციხის საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ტრემემბეს ციხეში გუნდები იმის მიხედვით ყალიბდება, თუ ვინ რომელი მუხლით იხდის სასჯელს. ხშირია მატჩები მოძალადეები VS მკვლელები - სწორედ ერთ-ერთი ასეთი გუნდი ჰყავდა ჩაბარებული ბრაზილიელ ექსფეხბურთელს. 

აპელაცია

 გასული წლის ნოემბერში რობინიოს ადვოკატებმა მისი ლიმეირას რესოციალიზაციის ცენტრში გადაყვანა მოახერხეს. 2026 წლის ივნისში კი მან „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ სტატუსის მოხსნა მოითხოვა და თუ სასამართლო ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რობინიოს ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანენ. მიუხედავად ამისა, რობინიოს პერსპექტივები კვლავ არასახარბიელოა.

რობინიოს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თავისივე ქმედებების შედეგებისგან ადამიანს ვერანაირი ნიჭი ვერ დაიცავს. ვუნდერკინდობიდან სუპერვარსკვლავობამდე... და სუპერვარსკვლავობიდან პატიმრობამდე. რობინიოს დაცემა 21-ე საუკუნის ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ისტორიაა.

რობინიოს გოლი იტალიის კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძევლად ქცეული ლეგენდა - დი სტეფანო რევოლუციონერების ტყვეობაში
მძევლად ქცეული ლეგენდა - დი სტეფანო რევოლუციონერების ტყვეობაში