პრინცი, რომელმაც თმის შეჭრა არ ისურვა - ფერნანდო რედონდოს ისტორია
როდესაც ფერნანდო რედონდოზე ჩამოვარდება საუბარი, ფეხბურთის გულშემატკივრებს პირველ რიგში ის ცრუმოძრაობა ახსენდებათ, რომლითაც მან „ოლდ ტრაფორდზე“ ჰენინგ ბერგი ჩამოიშორა და შემდეგ რაულს ცარიელ კარში გაატანინა, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელს სახელს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება, რომელიც მას ეროვნულ ნაკრებში გადახდა თავს.
რედონდომ ფეხბურთის თამაში ბუენოს-აირესის ერთ-ერთ გარეუბანში ბაზირებულ „ტალიერესში“ დაიწყო, 10 წლის ასაკში კი „არხენტინოს ხუნიორსს“ შეუერთდა და 15 წლის ასაკში არგენტინის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ „არხენტინოს ხუნიორსში“ თამაში თვით მარადონამ დაიწყო, ფერნანდოს კერპი არა მთელი ქვეყნისთვის სათაყვანებელი დიეგო, არამედ „პაუზის მეფე“ რიკარდო ბოჩინი იყო.

1990 წელს 21 წლის ფერნანდო „ტენერიფეში“ მოხვდა, სადაც კიდევ ერთი ლეგენდარული არგენტინელი, ხორხე ვალდანო გაიცნო. სწორედ ვალდანომ წაიყვანა ის 1994 წელს მადრიდის „რეალში“. რედონდო 6 სეზონის განმავლობაში „ბლანკოსის“ ღირსებას იცავდა, შემდეგ კი 2000-2004 წლებში „მილანში“ ითამაშა და კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა.
თამაშის სტილი
რედონდო იყო საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც შეეძლო, ნებისმიერი მოძრაობა თუ პასი ხელოვნების ნიმუშად ექცია. მას ეძახდნენ „მადრიდის პრინცს“ - არა მხოლოდ გამორჩეულად ელეგანტური თამაშის, არამედ შესანიშნავი პიროვნული თვისებების გამოც.
რედონდოს არ შეეძლო მოედნის თითოეული სანტიმეტრი დაეფარა და შეუჩერებლად ერბინა, მაგრამ სათამაშო ინტელექტის ხარჯზე თამაშს წინასწარ კითხულობდა. კაპელოს თავიდან საყრდენ ზონაში რედონდოს გამწესება არ სურდა და ჩამშლელისთვის „ზედმეტად ელეგანტურს“ უწოდებდა, მაგრამ მოედანზე მალევე სრული თავისუფლება მიანიჭა და „ტაქტიკურად იდეალური“ უწოდა.

1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რედონდო „იუვენტუსის“ „შესანიშნავ სამეულს“ - დიდიე დეშამს, ედგარ დავიდსს და ზინედინ ზიდანს დაუპირისპირდა და მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ საფეხბურთო საზოგადოებასა და პრესას რედონდოსთვის დამსახურებული საქებარი სიტყვები მიეძღვნათ.
არგენტინის ნაკრები
საკლუბო ასპარეზზე წარმატებული თამაშის ფონზე, რედონდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებში არ უმართლებდა. არგენტინაში მწვრთნელები ორ ბანაკად არიან დაყოფილები: „ბილარდისტებად“ და „მენოტისტებად“. კარლოს ბილარდოს სტილის მიმდევრებს სჯერათ, რომ გუნდმა აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე და შედეგზე უნდა გაკეთდეს, საჭიროების შემთხვევაში კი გუნდმა არც უხეშ თამაშსა და პროვოკაციებზე უნდა თქვას უარი. თავის მხრივ, სესარ ლუის მენოტის იდეის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ფეხბურთი ხელოვნებაა და ამიტომ აქცენტი სანახაობრივ ნაწილზე უნდა გაკეთდეს. ზედმეტია იმის თქმა, რომ რედონდო „მენოტისტა“ იყო.
1990 წელს რედონდომ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და მიზეზად უნივერსიტეტში გამოცდის ჩაბარება დაასახელა, თუმცა სიმართლე ის იყო, რომ მას ბილარდოს ხელმძღვანელობით თამაში არ სურდა. 4 წლის შემდეგ მარადონას გარშემო შეკრებილი „ალბისელესტე“ აშშ-ში ტრიუმფზე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება თავად დიეგომ დაამსხვრია.

მუნდიალის შემდეგ ნაკრები დანიელ პასარელამ ჩაიბარა, რომელმაც მკაცრი შეზღუდვები შემოიღო: ნაკრებში ვერ მოხვდნებოდნენ ფეხბურთელები, რომლებიც საყურეს ატარებდნენ ან გრძელი თმა ჰქონდათ. ბატისტუტა 10-თვიანი უქმობის შემდეგ ნაკრებში შეჭრილი თმით დაბრუნდა, რედონდომ და კანიჯამ კი პასარელას მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვეს.
თავად არგენტინელი მომხდარს ასე იხსენებდა:
„შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, თუმცა პასარელას დისციპლინაზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა და უნდოდა, რომ თმა შემეჭრა. არ მესმოდა, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ამას ფეხბურთთან, ამიტომ მისი მოთხოვნა არ შევასრულე“.
დიეგო სიმეონე, გაბრიელ ბატისტუტა, ხუან სებასტიან ვერონი, ერნან კრესპო, ხავიერ ძანეტი და სხვები კი აშშ-ში გაფრინდნენ, სადაც „ალბისელესტე“ მეოთხედფინალში გავარდა - ამ დროს რედონდო ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის - „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.
საგულისხმოა ისიც, რომ პასარელამ ფეხბურთელობისას 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რომელზეც არგენტინელთა მთავარი ვარსკვლავი სწორედ გრძელთმიანი მარიო კემპესი იყო.
მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“
მიუხედავად ამ ყველაფრისა, საფეხბურთო საზოგადოება და მედია რედონდოს ჯერ კიდევ სათანადოდ არ აფასებდნენ და მისგან რაღაც განსაკუთრებულს ელოდებოდნენ, ასეთი შოუ არგენტინელმა 2000 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასვლით მატჩში შემოგვთავაზა.

ინგლისში ჩასული „ბლანკოსი“ ცუდ ფორმაში იყო, ლა ლიგაში გუნდი იმ წელს ოთხეულშიც ვერ მოხვდა და სეზონს მხოლოდ ევროსარბიელზე წარმატება თუ გადაარჩენდა. დელ ბოსკემ 5-3-2 სქემა არჩია, სადაც მოედნის ცენტრი მხოლოდ რედონდოს უნდა გაეკონტროლებინა, სავიო და მაკმანამანი კი ფლანგებიდან შეუტევდნენ. ფერგიუსონის 4-4-2-ში ცენტრში ორი ფიზიკურად ძლიერი და დაუღლელი ნახევარმცველი - პოლ სქოულზი და როი კინი ითამაშებდნენ. დელ ბოსკეს გადაწყვეტილება ალოგიკური ჩანდა - როგორ უნდა შეენარჩუნებინა „რეალს“ ბალანსი? პასუხი მარტივია - მათ რედონდო ჰყავდათ.
„იუნაიტედმა“ მატჩი აგრესიულად დაიწყო, მაგრამ „ბლანკოსმა“ მალევე ჩაიგდო ხელში ინიციატივა. როდესაც მატჩის კონტროლზეა საუბარი, პირველ რიგში აქ სწორედ რედონდო იგულისხმება. 52-ე წუთზე „რეალი“ 2:0 იგებდა, რედონდომ ბურთი შეტევის მარცხენა ფლანგზე მიიღო, ბერგი ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა, შევიდა საჯარიმოში, „ბოჩინის პაუზა“ გააკეთა და რაული ცარიელი კარის წინ დატოვა - 3:0.
„ოცნებების თეატრმა“ შედევრი იხილა - „პრინცის“ სიდიადეზე თვალის დახუჭვა უკვე შეუძლებელი იყო.
ტრავმები და კარიერის დასასრული
2000 წელს მადრიდში „გალაქტიკოს“ ეპოქა დაიწყო, რედონდო კი „მილანში“ აღმოჩნდა. ეს ტრანსფერი საკმაოდ სკანდალური გამოდგა, ვინაიდან თავად არგენტინელი ამბობდა, რომ მოლაპარაკებებში საერთოდ არ მონაწილეობდა და „რეალში“ დარჩენა სურდა, „ბლანკოსის“ გულშემატკივრები კი „სანტიაგო ბერნაბეუსთან“ შეიკრიბნენ და არგენტინელი ნახევარმცველის გაშვებას აპროტესტებდნენ.
იტალიაში ერთ-ერთ პირველ ვარჯიშზე რედონდომ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2 წელიწადზე მეტი გაუცდა. ფერნანდომ თითქმის £3-მილიონიან ხელფასზე თქვა უარი და მზად იყო, „მილანის“ მიერ გამოყოფილი მანქანა და სახლიც დაეთმო. საერთო ჯამში რედონდომ „როსონერის“ მაისურით სერია ა-ში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა და მუხლის კიდევ ერთი ტრავმის შემდეგ კარიერაც დაასრულა.

საერთო ჯამში მას ნაკრებში მხოლოდ 29 მატჩი დაუგროვდა. ფერნანდო ნაკრებში 1999 წელს მარსელო ბიელსამ დააბრუნა, თუმცა ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ არგენტინელმა სანაკრებო კარიერის დასრულება და საკლუბო ფეხბურთზე კონცენტრირება გადაწყვიტა.
თვითდახასიათება
როდესაც რედონდოს ტიპური არგენტინელი ფეხბურთელის დახასიათება სთხოვეს, მან ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა: „არგენტინელი ფეხბურთელი ტექნიკური და ნიჭიერია, აქვს მტკიცე ხასიათი. გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და სირთულეების გადალახვა შეუძლია. არგენტინელი ფეხბურთელი ჭკვიანიცაა და თამაშის წაკითხვა იცის“. ამ აღწერას ყველაზე მეტად თვითონ რედონდო შეესაბამება - ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელიც მოედანზე ყველაფერს ელეგანტურად აკეთებდა.