ბექჰემი MLS-ში - ტრანსფერი, რომელმაც აშშ-ში ფეხბურთის აღქმა შეცვალა
„დევიდი ჰოლივუდში მიდის, რათა საშუალო დონის კინომსახიობი გახდეს“ - ასე ახსნა 2007 წლის იანვარში მადრიდის „რეალიდან“ დევიდ ბექჰემის წასვლა „სამეფო კლუბის“ მაშინდელმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა.
თვეების განმავლობაში ინგლისის ნაკრების კაპიტნის მომავალი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაურკვეველი იყო. ბექჰემი არასტაბილური იყო, რის გამოც ფაბიო კაპელომ ის სათადარიგოთა სკამზე გადასვა.
ერთი მხრივ, კალდერონი მართალი იყო. ლოს ანჯელესში ბექჰემის ჩასვლამ და „გელექსისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. წლების განმავლობაში დევიდი შოუ-ბიზნესის ნაწილს წარმოადგენდა, აშშ-ში კი მისი ცხოვრების ამ ასპექტს სრულიად სხვა გასაქანი მიეცა. ის, რის გამოც ბექჰემს ესპანეთში აკრიტიკებდნენ, ახლა მის სასარგებლოდ მუშაობდა.

ევროპელების თვალში ეს ბექჰემის მხრიდან თავისი სისუსტის აღიარება იყო: ის კონკურენტული გარემოდან გარბოდა. თუმცა, ახლანდელი გადასახედიდან, ეს უფრო გზის გაკვალვა იყო. ბექჰემს რაღაც ახალი და განსხვავებული სურდა. მის მოდურ ვარცხნილობას, ძვირადღირებულ ავტომობილებსა და ლოს-ანჯელესში გადაბარგებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობდა. ეს იყო არა შემთხვევითობა, არამედ სტრატეგია.
ამერიკისთვის კი ეს კლასიკური ბიზნეს-გარიგება იყო. MLS-ი ჯერ ისეთი პოპულარობით არ სარგებლობდა, თამაშის ხარისხი კი გაუმჯობესების დიდ სივრცეს ტოვებდა. ბექჰემი ამომავალი წერტილი არ ყოფილა, თუმცა ნამდვილად გახდა ის კატალიზატორი, რომელიც ლიგას ასე სჭირდებოდა. მისმა ტრანსფერმა შეცვალა ლიგის აღქმა და MLS-ის სტრუქტურული განვითარება შეუქცევადი გახადა. ლიგას აღარ შეეძლო, ზრდის მინიმალური ტემპით შემოფარგლულიყო: MLS-ი გლობალური ლეგიტიმაციისკენ გრძელ და ურთულეს გზას დაადგა.
სწორი სვლა საჭირო დროს
ევროპაში ბექჰემს ამ ტრანსფერის გამო დღემდე აკრიტიკებენ. თავის დროზე კაპელო იმასაც კი ამბობდა, რომ აშშ-ში გადასვლით დევიდმა ინგლისის ნაკრებში საკუთარი მომავალი კითხვის ქვეშ დააყენა.
მართალია, მადრიდში ბექჰემის მომავალი ბუნდოვანი იყო, მაგრამ ევროპაში მაღალ დონეზე თამაში მას თავისუფლად შეეძლო. „მანჩესტერთან“ კავშირის გამო სხვა ინგლისურ კლუბებში გადასვლა გამორიცხული იყო, მაგრამ რა დაეწუნებოდა ბუნდესლიგას, სერია ა-ს ან საფრანგეთის ჩემპიონატს? მეტიც, ორ უკანასკნელში ბექჰემმა ძალები მოგვიანებით მაინც მოსინჯა.
ყველაფერი ერთმა შეხვედრამ შეცვალა: 2006 წელს „გელექსის“ მაშინდელმა თანამფლობელმა, ტიმ ლაივეკემ MLS-ის ხელმძღვანელ, დონ გარბერს განუცხადა, რომ მისი კლუბი მზადაა, დიდი ევროპული ვარსკვლავი ჩამოიყვანოს. მისი თქმით, ბექჰემს შეეძლო, არა მხოლოდ „გელექსის“, არამედ მთელი ლიგის სახე გამხდარიყო. იყო სხვა ნიუანსებიც, თუმცა დონ გარბერი ლაივეკემ მარტივად დაარწმუნა.

ისინი მადრიდში ჩავიდნენ და ბექჰემს განუცხადეს, რომ მოძებნიდნენ გზებს მისთვის კარგი ხელფასის გადასახდელად. ლოგიკური იყო, რომ დევიდი ლოს ანჯელესში უნდა გადასულიყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის იცის, რომ ბექჰემის მეუღლე, ვიქტორია მასზე უფრო პოპულარული და ცნობილი იყო.
გარბერმა, დევიდმა და ვიქტორიამ მადრიდში ისადილეს და ყველაფერი დეტალი შეათანხმეს. 31 წლის ბექჰემი თანახმა იყო. ბექჰემის ტრენდების სათავეში ყოფნა უყვარდა. MLS-მა მას 250 მილიონ დოლარზე მეტი შესთავაზა - კონტრაქტი და კომერციული შემოსავალი. შესაძლოა, ბექჰემი ნაკლებზეც იქნებოდა თანახმა, მაგრამ ლიგას MLS-ის მიმართ ევროპელების დამოკიდებულების შეცვლა ჰქონდა განზრახული. თავად ბექჰემი ამბობდა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა „პენსიაზე გასვლას“:
„აქ არ მოვსულვარ იმისათვის, რომ სუპერვარსკვლავი ვიყო. მე ვიქნები გუნდის ნაწილი, ბოლომდე დავიხარჯები და, იმედია, ტიტულებს მოვიგებ. ჩემი მხრიდან, ეს საფეხბურთო გადაწყვეტილებაა. მოვდივარ, რათა განსხვავება შევქმნა. მოვდივარ, რათა ფეხბურთი ვითამაშო“
შეთანხმება 2007 წლის იანვარში შედგა - მადრიდში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ბექჰემი კარიერას MLS-ში გააგრძელებდა.
„ბექჰემის წესი“
თუმცა მოსაგვარებელი კიდევ არაერთი რამ იყო, მათ შორის ფინანსური მხარე. MLS-ისთვს, დიდი სურვილის მიუხედავად, ბექჰემი ფუფუნება იყო. როდესაც გარბერი ფეხბურთელს მადრიდში ესაუბრა, MLS-ის გუნდის სახელფასო ჭერი დაახლოებით 2 მილიონი დოლარი იყო. „რეალში“ ბექჰემი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონს იღებდა. ცვლილებები აუცილებელი იყო.
ამიტომ MLS-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ბექჰემის ტრანსფერზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ლიგამ დანერგა „დანიშნული ფეხბურთელის წესი“ (Designated Player rule), რომელსაც მალევე „ბექჰემის წესი“ დაარქვეს. ამ წესის თანახმად, კლუბს შეეძლო სახელფასო ლიმიტისთვის გადაეჭარბებინა. ამგვარად, „გელექსიმ“ ინგლისის ნაკრების კაპიტანი დაიმატა, ბექჰემის წლიური ხელფასი კი 6.5 მილიონი იყო.
ლოს ანჯელესს სხვა კლუბებმაც მიბაძეს. იმავე სეზონში „ბექჰემის წესი“ „ჩიკაგო ფაერმა“, „ნიუ იორკ რედ ბულსმა“ და „დალასმა“ გამოიყენეს. ნიუ-იორკში აშშ-ის ნაკრების ლიდერი კლაუდიო რეინა, ჩიკაგოში - მექსიკის ნაკრების ლეგენდა კუატემოკ ბლანკო, დალასში კი ბრაზილიელი დენილსონი ჩავიდა. ისტორიაში პირველად, MLS-ის კლუბებმა ვარსკვლავების დამატება შეძლეს.

ბექჰემის ჩასვლას ამერიკაში ტოტალური სიგიჟე მოჰყვა - მისი პირველი პრესკონფერენცია დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. დევიდი და ვიქტორია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანები იყვნენ. ისინი ესწრებოდნენ ტომ კრუზისა და უილ სმიტის წვეულებებს - მეტიც ამ წვეულებებზე ბექჰემი თანაგუნდელებსაც იწვევდა.
წარმატება
თვეების განმავლობაში ბექჰემი იმეორებდა, რომ აშშ-ში ფეხბურთის სათამაშოდ იყო ჩასული. მას უყვარდა ფეხბურთი და სურდა, დაემტკიცებინა, რომ მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია. თუმცა, მოედანზე შედეგები არაერთგვაროვანი იყო. 5 სეზონში ბექჰემმა 117 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ის მხოლოდ ერთხელ მოხვდა MLS-ის სიმბოლურ ნაკრებში, ვერც ერთხელ ვერ მოხვდა MVP-ის კანდიდატების მოკლე სიაში და ვერც ერთხელ ვერ გახდა „გელექსის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.
იყო დაძაბული მომენტებიც - ბექჰემმა კაპიტნის სამკლავური აშშ-ის ნაკრების ლეგენდის, ლენდონ დონოვანისგან გადაიბარა. დონოვანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო.

მიუხედავად ამისა, ბექჰემმა ორჯერ მოიგო MLS-ის თასი და ჩემპიონატი და „გელექსი“ ამერიკული ფეხბურთის გრანდად აქცია. თუმცა მოედნის მიღმა მისი გავლენა გაცილებით დიდი იყო - სეზონურ აბონემენტებზე მოთხოვნა ელვისებურად გაიზარდა, კლუბმა მოიძია მსხვილი სპონსორები. MLS-ის მატჩებზე დასწრების საშუალო მაჩვენებელმა 15 500-დან 18 800-მდე იმატა.
ბექჰემის ტრანსფერმა დაარწმუნა საფეხბურთო სამყარო, რომ ფეხბურთს ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მიღმაც თამაშობენ. MLS-ი წარმატებული ფეხბურთელებისთვის „ლეგიტიმურ“ მიმართულებად იქცა.
მაიამი, მესი და მემკვიდრეობა
თუმცა საბოლოო სურათს ერთი დეტალი აკლდა. „გელექსისთან“ კონტრაქტის მიხედვით ბექჰემმა მიიღო უფლება, შეღავათიან ფასში შეეძინა ახალი კლუბის ლიცენზია. როცა დევიდი აშშ-ში ჩავიდა, MLS-ი 13 გუნდისგან შედგებოდა. ბექჰემის თამაშის წლებში ლიგას კიდევ 6 კლუბი დაემატა.
პირობები ძალიან მარტივი იყო: ბექჰემს ლიცენზიაში სულ რაღაც 25 მილიონი უნდა გადაეხადა და შეეძლო, დაეფუძნებინა კლუბი ნებისმიერ ქალაქში, გარდა ნიუ-იორკისა. ყველაზე ლოგიკურ ვარიანტად მაიამი გამოიყურებოდა - ლათინოამერიკელებით სავსე ქალაქი, სადაც ფეხბურთი ძალიან პოპულარული იყო.
2014 წელს ბექჰემმა ახალი კლუბის ლიცენზია შეიძინა და თქვა, რომ სამხრეთ ფლორიდაში საფეხბურთო გუნდი უნდა დააფუძნოს. 25 მილიონი დოლარი სასაცილო ფასი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით იმავე პერიოდში „ლოს ანჯელესმა“ ლიცენზიაში 110 მილიონი ევრო გადაიხადა.
ბექჰემს სურდა, მისი კლუბი კონკურენტული ყოფილიყო. ამისთვის ისეთი გზა შეარჩია, როგორიც მხოლოდ ბექჰემს ეკადრებოდა - ფეხბურთი სანახაობაა, ამიტომ გუნდი უდიდესი ვარსკვლავის გარშემო უნდა აშენდეს. 2023 წლის ზაფხულში მესის პსჟ-თან კონტრაქტი ეწურებოდა. ლეოს საფრანგეთში გადასვლა არასოდეს უნდოდა, თუმცა ბარსელონას ფინანსური პრობლემების გამო სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მესის აშშ-ში გადაბარგებაზე საუბარი დიდხანს მიდიოდა, რეალობად კი ეს ტრანსფერი იმავე წლის აგვისტოში იქცა.

თუ 2007 წელს ბექჰემის ჩასვლამ ტრანსოფრმაცია გამოიწვია, მესის ტრანსფერი სეისმური მოვლენა იყო. „მაიამიმ“ არგენტინელს შესაბამისი ხელფასი დაუნიშნა და კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის წილი შესთავაზა.
ბექჰემმა მესისთვის გააკეთა ის, რაც თავის დროზე „გელექსიმ“ დევიდისთვის გააკეთა. სწორედ ამ ფორმით გრძელდება ბექჰემის მემკვიდრეობა MLS-ში. ის პირველი იყო და წესები შეცვალა, თითქმის 20 წლის შემდეგ კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დევიდის გზა გაიარა.