სერ ალექს ფერგიუსონი, დევიდ ბექჰემი, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

გაძევება არგენტინასთან - დღე, როდესაც ბექჰემი მთელმა ინგლისმა შეიძულა

1998 წლის 30 ივნისს ფეხის ერთმა მოძრაობამ დევიდ ბექჰემის ცხოვრება შეცვალა - არგენტინასთან მატჩში მიღებული წითელი ბარათით მან მთელი სამშობლო გადაიმტერა.

ღამე იყო, ბექჰემს მანჩესტერში, საკუთარ სახლში ეძინა, როცა ქუჩაში ხმაურმა და ძაღლების ყეფამ გააღვიძა. დევიდმა ფანჯარაშინ გაიხედა და დაინახა კაცი, რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებდა. მამაკაცი მისი სახლის წინ იდგა და ხმას არ იღებდა: დაახლოებით 5 წუთს ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, შემდეგ კი ბექჰემმა დაიყვირა - „რა გინდა?“ - თუმცა პასუხი არ მიუღია.

იმ პერიოდში ბექჰემი ინგლისში ნომერ პირველ მტრად იყო მიჩნეული, ის თავს უსაფრთხოდ საკუთარ სახლშიც კი ვერ გრძნობდა. რამდენიმე კვირის წინ 23 წლის ფეხბურთელის შეცდომის გამო ინგლისის ნაკრები 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდა. ბექჰემს ქალაქ სენტ-ეტიენის სტადიონის პარკინგზე მამამისი ამხნევებდა, ამ დროს კი არგენტინელი ფეხბურთელები სიმღერების თანხლებით ავტობუსში ჩასხდნენ და სტადიონის ტერიტორია დატოვეს.

დევიდ ბექჰემი

არგენტინა მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდებს შეხვდებოდა, ბექჰემს კი წინ ცხოვრების ყველაზე რთული 12 თვე ელოდებოდა. ის გახდა ყველაზე დიდი სიძულვილის კამპანიის მსხვერპლი, რაც კი ოდესმე ინგლისელი ფეხბურთელის მიმართ განხორციელებულა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს გამოცდილება ბექჰემს გამოადგა - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ იმავე სეზონში ტრებლი მოიგო, რაც მანამდე არც ერთ ინგლისურ კლუბს არ გაუკეთებია.

მუნდიალის ჯგუფური ეტაპი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მუნდიალზე ინგლისის ნაკრების მთავარი ვარსკვლავის სტატუსით ჩავიდა. შესანიშნავი სტატისტიკა კლუბსა და ნაკრებში, ნიშნობა Spice Girls-ის მომღერალთან - ბექჰემი მეგავარსკვლავად იქცა, რასთან გამკვლავებაც მარტივი არ იყო. 

„ერთხელ ვიქტორიას სახლში ვიყავი, როდესაც კარზე ფოსტალიონმა დარეკა. კარი გავაღე, ის კი გაოცებული მიყურებდა - „არ მეგონა, თუ დილიდანვე ლეგენდას ვნახავდი“. მე ვუთხარი, რომ ლეგენდა არ ვარ. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება“, - ამბობდა ბექჰემი FourFourTwo-სთან ინტერვიუში მუნდიალის დაწყებამდე.

ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე დევიდი და ვიქტორია საფრანგეთში, ელტონ ჯონის სახლში იმყოფებოდნენ. წვეულებაზე ბექჰემს ჟან-პოლ გოტიეს დიზაინით შექმნილი ტანსაცმელი ეცვა. ინგლისის ნაკრების მწვრთნელს, გლენ ჰოდლს არ მოსწონდა მედიის გაზრდილი ყურადღება და აჟიოტაჟი, რომელიც მის მთავარ ვარსკვლავს ფეხბურთზე კონცენტრირებაში უშლიდა ხელს. დევიდმა შესარჩევის ყველა მატჩში ითამაშა, მაგრამ როდესაც პირველ ტურში ინგლისი ტუნისს შეხვდება, ყველას სენსაცია ელოდა - ჰოდლმა „ბექსი“ სკამზე დატოვა.

„ვფიქრობ, შენ ფოკუსირებული არ ხარ“ - უთხრა მწვრთნელმა ბექჰემს. მიუხედავად ამისა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „სამი ლომის“ თავკაცმა ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ პრესკონფერენციაზე სწორედ დევიდი გაუშვა. რუმინეთის წინააღმდეგ ბექჰემი ასევე სათადარიგო იყო, თუმცა ძირითადში დაიწყო მატჩი კოლუმბიასთან და ულამაზესი საჯარიმოთი ინგლისის ნაკრები მუნდიალიდან გავარდნას გადაარჩინა.

არგენტინასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ბექჰემი სიხარულისგან დახტოდა, როდესაც საცოლეს, ვიქტორიას ორსულობის შესახებ შეიტყო. მსოფლიო ჩემპიონატზე რთული სტარტის შემდეგ ყველაფერი თითქოსდა უკეთესისკენ მიდიოდა. თუმცა ყველაფერი სენტ-ეტიენში, არგენტინასთან მატჩში შეიცვალა. კომპანია Adidas-მა მატჩის წინ პარალელი გაავლო 1986 წლის მუნდიალის ცნობილ მატჩთან და დიეგო მარადონას „ღმერთის ხელთან“ - „დღეიდან ინგლისი-არგენტინის მატჩი ისტორიაში იმით შევა, თუ რა გააკეთა მოედანზე ფეხბურთელმა თავისი ფეხით“ - და ფრაზას დევიდის ფოტო დაურთო.

სამწუხაროდ, Adidas-ი მართალი აღმოჩნდა. მეორე ტაიმის დასაწყისში დიეგო სიმეონემ ბექჰემი წააქცია, მწოლიარე დევიდმა კი მას ფეხი მიარტყა - კიმ მილტონ ნილსენმა ინგლისელს წითელი ბარათი უჩვენა. გასახდელიდან დევიდმა ვიქტორიას დაურეკა, რომელიც მატჩს ნიუ-იორკიდან უყურებდა. ინგლისი პენალტების სერიაში დამარცხდა: დევიდი რომ მოედანზე ყოფილიყო, ერთ-ერთ პენალტს ის აუცილებლად შეასრულებდა.

 

მატჩის შემდეგ გასახდელში სიჩუმემ დაისადგურა. დევიდი თანაგუნდელებმა - გარი ნევილმა და პოლ სქოულზმა გაამხნევეს, შემდეგ კი მასთან ტონი ადამსი მივიდა - „რაც არ უნდა მოხდეს, შენ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ. ამას აუცილებლად გადალახავ“.

დადგა პრესის სათაურების დროც: „ათი გმირულად მებრძოლი ლომი და ერთი სულელი ბიჭუნა“ - წერდა Daily Mirror-ი. ინგლისში დაბრუნებული ბექჰემი მალევე ნიუ-იორკში გაფრინდა, თუმცა არც ლონდონში გატარებულ რამდენიმე საათს ჩაუვლია უსიამოვნებების გარეშე. „როგორი გრძნობაა, როდესაც შენი ქვეყანა დააღალატე?“, „გესმის თუ არა, რა ჩაიდინე?“ - ლონდონის აეროპორტში მედიის ეს კითხვები ბექჰემმა უპასუხოდ დატოვა. ამერიკაში ჩასული დევიდი ტურნეში მყოფ Spice Girls-ს შეუერთდა და 11 დღე ვიქტორიას გვერდით გაატარა, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ ინგლისში სიძულვილის კამპანია არ ჩამცხრალა.

„ღმერთი დევიდ ბექჰემსაც კი პატიობს“ - წარწერა ნოტინგემში, ბაპტისტური ეკლესიის ეზოში.

როდესაც დევიდი ინგლისში დაბრუნდა, აეროპორტში მას დაცვა დაახვედრეს. ვიქტორიას არყოფნაში დევიდის მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილთან დარჩენილიყვნენ. ეს გამართლებული იყო: ფოსტით ფეხბურთელი არაერთ მუქარის წერილს იღებდა, რამდენიმე კონვერტს კი ტყვიაც ახლდა.

ფერგის ბიჭი

არგენტინასთან მატჩის მეორე დღეს ბექჰემს ალექს ფერგიუსონმა დაურეკა - „ არ იდარდო, შვილო. შენ „მანჩესტერის“ ფეხბურთელი ხარ და შენზე აუცილებლად ვიზრუნებთ“. „იუნაიტედში“ ბექჰემს მხარს უჭერდნენ და ფიქრობდნენ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ დევიდის დასაცავად საკმარისი არ გააკეთა. „დევიდს რომ ვინმე მოეკლა, არა მგონია, ამაზე მეტი კრიტიკა მიეღო“ - ამბობდა ფერგიუსონი. კლუბი ბექჰემის გარშემო გაერთიანდა. „ოლდ ტრაფორდზე“ შიშობდნენ, რომ დევიდი პრემიერლიგიდან წასვლას და ესპანეთში ან იტალიაში გადასვლას გადაწყვეტდა.

თუმცა ბექჰემი არ გატყდა და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, „იუნაიტედს“ კი ტრებლი მოაგებინა. „ბარსელონასთან“ მატჩში (3:3) გატანილი საფირმო ჯარიმით დევიდი „წითელი ეშმაკებს“ ურთულესი ჯგუფიდან გასვლაში დაეხმარა, რომელშიც კატალონიელების გარდა „ბაიერნიც“ იყო.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, როგორც საუკეთესო დრამატულ სცენარს შეეფერება, „იუნაიტედს“ „ინტერი“ შეხვდა, სადაც დიეგო სიმეონე თამაშობდა. დევიდმა არგენტინელს სამაგიერო მოედანზე გადაუხადა: ორი ასისტი, 2:0 „ოლდ ტრაფორდზე“ და ნახევარფინალის საგზური. მეტიც, მატჩის შემდეგ მან და სიმეონემ მაისურებიც გაცვალეს.

ამ მატჩიდან 24 საათიც არ იქნებოდა გასული, როცა ლონდონში მისი პირველი ვაჟი, ბრუკლინი დაიბადა. ბუკმეკერები იღებდნენ ფსონებს (1/10 000), რომ ბრუკლინი დიდ ფეხბურთს ითამაშებს და არგენტინასთან მატჩში წითელს მიიღებს. ყოველი კვირის შემდეგ ტრებლი სულ უფრო ახლოს იყო, ინგლისის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერმა“ „არსენალს“ მოუგო, მატჩის შემდეგ კი „წითელი ეშმაკების“ ფანებმა დევიდი ხელში აიტაცეს - სენტ-ეტიენის კოშმარი სადღაც წარსულში დარჩა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „იუნაიტედი“ „იუვენტუსთან“ 0:2 აგებდა, დევიდის პასით როი კინმა გაიტანა, რასაც იორკისა და კოულის გოლები მოჰყვა. „იუნაიტედი“ ფინალში გავიდა, სადაც „ბაიერნს“ შეხვდებოდა. პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერს“ მოგება სჭირდებოდა. „ტოტენჰემი“ ლეს ფერდინანდის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ბექჰემმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კოულმა კი ფერგიუსონის გუნდს ტიტული მოუტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ოთხი დღით ადრე ფერგიუსონმა ბექჰემს თასის ფინალში დასვენება შესთავაზა - „ეს შეუძლებელია“, - უპასუხა დევიდმა. „წითელმა ეშმაკებმა“ „ნიუკასლი“ დაამარცხეს (2:0) და დუბლი გაიფორმეს. „კამპ ნოუზე“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდს სქოულზი და კინი აკლდა, რის გამოც ბექჰემი ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა. სწორედ მისი ჩაწოდებული კუთხურების შემდეგ გავიდა ტედი შერინგემისა და ოლე გუნარ სულშერის გოლები მატჩში, რომელსაც ბევრი ყველა დროის საუკეთესო „ქამბექს“ უწოდებს.

ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული 8 საგოლე პასით ბექჰემი უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, რამდენიმე თვეში კი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე მას მხოლოდ რივალდომ აჯობა (ბრაზილიელი გახდა ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელიც).

ფინალის შემდეგ ბექჰემი ჩემპიონთა ლიგის თასის ხელში „კამპ ნოუს“ პარკინგზე გავიდა, სადაც მას, ისევე როგორც 11 თვის წინ სენტ-ეტიენში, მამამისი ელოდებოდა. მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებულ წითელ ბარათს ბექჰემის კარიერის განადგურება შეეძლო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა - მალე ბექჰემი ნაკრების კაპიტანი გახდა და საბერძნეთთან გატანილი ჯარიმის შემდეგ ეროვნულ გმირადაც იქცა, თუმცა მისი კარიერისთვის გადამწყვეტი სწორედ 1998-99 წლების სეზონი გახდა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დაკარგა რეალმა მსოფლიოში საუკეთესო საყრდენი - მაკელელეს ისტორია
როგორ დაკარგა რეალმა მსოფლიოში საუკეთესო საყრდენი - მაკელელეს ისტორია