რობერტო ბაჯო - ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ხატად იქცა
რობერტო ბაჯოს აღწერა მათთვის, ვისაც მისი თამაში არ უნახავს, ერთგვარი გამოწვევაა. რთული მცდელობა იმისა, სიტყვებით გადმოსცე ის, რისი ახსნაც მარტივი არ არის.
ფეხბურთელი, რომელსაც „ღვთაებრივ კუდს“ უწოდებდნენ, განსაკუთრებით იტალიელებისთვის იყო სიმბოლო, ლიდერი და ემოცია.
უპირველეს ყოვლისა, ბაჯო, თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და შესაძლოა არავინ არ ყოფილა და არ იქნება იმდენად იდენტიფიცირებული ნაკრების ლურჯ მაისურთან, როგორც ის.
როცა ჯიჯი რივას იხსენებთ, წარმოიდგენთ „კალიარის“ მაისურში, როცა პაოლო მალდინიზე ფიქრობთ, მას „მილანის“ მაისურში ხედავთ. როცა ჯიჯი ბუფონს იხსენებთ, „იუვენტუსის“ მაისური გახსენდებათ, მაგრამ როცა ბაჯოზე ფიქრობთ, მაშინვე იტალიის ნაკრების მაისური გახსენდებათ.
მათ კოლექტიურ ცნობიერებაში, ვინც 1990-იან წლებში ცხოვრობდა, ბაჯო ყოველთვის ლურჯ მაისურს ატარებს. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ნაკრების მაისური კი არა, მთელი ქვეყნის ფორმაა.
შესაბამისად, ბაჯოს აღწერა რთული გამოწვევაა, რადგან მათ, ვინც მის თამაშს უყურებდნენ, ისედაც ყველაფერი იციან, ხოლო მათ, ვისაც არ უნახავს, იტალიელ ფეხბურთელს აბსოლუტურ ჩემპიონად აღარებენ, მაგრამ უჭირთ იმ აურის გაგება, რომელიც ხალხს რობერტოს ფეხბურთიდან წასვლიდან 20 წლის შემდეგაც კი, ისევ ისე აღაფრთოვანებს.
ბაჯო საბედისწერო შეცდომის შემდეგაც უყვარდათ
1990-იან წლებში, იტალიაში კიკინებიანი ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების რაოდენობა პირდაპირ კავშირში იყო იმ სიყვარულთან, რომელიც მთელ ქვეყანას აკავშირებდა ფეხბურთელთან, რომელმაც საკუთარ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატში ვერ გაამარჯვებინა.
დღესაც კი, ბევრი იტალიელი გეტყვით, რომ ცრემლები, რომელიც მათ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიასთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ დაღვარეს, თანაგრძნობის ცრემლები იყო ბაჯოს მიმართ, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა.
ეს იყო შეცდომა, რომელიც მან არასოდეს აპატია საკუთარ თავს, მაგრამ შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით, ყველა დანარჩენმა აპატია.
თუმცა საქმე მხოლოდ ბაჯოს სინანულში არ იყო. საქმე იმაშაა, რომ იტალია ფინალშიც ვერ გავიდოდა თავისი 10-ნომრიანი თილისმის გარეშე და როდესაც საბედისწერო შეცდომას უშვებს ის, ვინც სულ მცირე, ოცნების საშუალება მოგცა, ეს მხოლოდ უსამართლობის გრძნობას და შემდეგ სოლიდარობას იწვევს.
ჩემპიონთა ლიგა
ბაჯოს კარიერის განმავლობაში, ბევრი არაფერი მოუგია. ეს ჯიუტი ფაქტია. სამი ლიგის ტიტული და ერთი უეფას თასი ძალიან ცოტაა მისი დონის ჩემპიონისთვის.
ამავე დროს, მოთამაშეების შეფასების არაჯანსაღი ჩვევა მხოლოდ (ან ძირითადად) მათ მიერ მოგებული თასების საფუძველზე არასდროს არ არის კარგი იდეა, როდესაც საქმე გუნდურ თამაშს ეხება.
მაგალითად, მისი კრიტიკოსები ყოველთვის ამბობენ: „ბაჯოს არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგა“, როდესაც განიხილავენ მის ადგილს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელების რიგებში.
თუმცა, ისინი განზრახ არ იხსენებენ იმ ფაქტს, რომ 1990-იან წლებში ჩემპიონთა ლიგაზე და მანამდე ევროპის თასზე, არ მონაწილეობდა 4,5 და თუნდაც 6 გუნდი ერთი ქვეყნიდან. მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულებს ეძლეოდათ მონაწილეობის უფლება.
იმის გათვალისწინებით, რომ სერია A 1990-იან წლებში მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ლიგა იყო, რობერტომ ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ორჯერ ითამაშა: ერთხელ „მილანისა“ (1996-1997 სეზონში) და ერთხელ „ინტერის“ (1998-1999) შემადგენლობაში.
ამის მიუხედავად, მან ხუთი გოლი გაიტანა 11 მატჩში, ბაჯოს გადამწყვეტმა დუბლმა კი მადრიდის „რეალი “ ტურნირიდან გამოთიშა.
სახლთან ახლოს დარჩენა
შეიძლება ლეგიტიმურად ვიდავოთ, რატომ გადაწყვიტა ბაჯომ კარიერის ნაწილი გატარება ნაკლებად პრესტიჟულ გუნდებში ან როდესაც ის „მილანს“ ან „ინტერს“ შეუერთდა, რატომ ვერ მოიპოვა მწვრთნელების სრული ნდობა?
ამ კითხვებზე ზუსტი პასუხები არ არსებობს, მაგრამ საკმარია მხოლოდ Il Divin Codino-ს წაკითხვა და ბაჯოს ზოგიერთი ინტერვიუს ყურადღებით მოსმენა, რომ იპოვოთ პასუხი.
ბაჯო ნამდვილად პროფესიონალი სპორტსმენი იყო, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რობერტოს ფეხბურთის თამაში უყვარდა და ეს საუკეთესოდ გამოსდიოდა. მას სურდა ეს იდეალურ გარემოში ეკეთებინა, როგორც სპორტული, ისე წმინდა ადამიანური თვალსაზრისით.
როგორ ფიქრობთ, გაუჭირდებოდა მომგებიანი კონტრაქტის მიღება საზღვარგარეთ, რომელიმე ტოპ-კლუბთან? ან თუნდაც იაპონიაში ვერ ითამაშებდა, რომელიც იმ წლებში ამომავალი მზის ქვეყანა იყო და მზად იქნებოდა ბაჯო თავიდან ფეხებამდე ოქროში ჩაესვა მხოლოდ იმისთვის, რომ თუნდაც 1 მატჩში მაინც მიეღო მონაწილეობა?
ამის ნაცვლად, პროვინციების არჩევა ბაჯოსთვის ცხოვრების სტილის არჩევანი იყო.
„გუნდს, რომელსაც ჩემს კარიერაში ცვლილებები უნდა შეეტანა, სამი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა: ყოფილიყო სერია A-ში, სახლთან ახლოს და მოეცა გონივრული გარანტია, რომ ვითამაშებდი. ამან თავიდანვე გამორიცხა ყველა შემოთავაზება, რომელიც საზღვარგარეთიდან მქონდა: იტალიის გარეთ თამაში გარდაუვლად ნიშნავდა ნაკრებისთვის დამშვიდობებას“, - განმარტა მან თავის ავტობიოგრაფიაში Una porta nel cielo (კარი ცაში).
იგნორირება ტრაპატონის მხრიდან
მიუხედავად იმისა, რომ ბაჯომ „ბრეშაში“ ორი სენსაციური სეზონი ჩაატარა, „აძურის“ მაშინდელმა მწვრთნელმა, ჯოვანი ტრაპატონიმ ბაჯო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში არ მოახვედრა, რამაც იტალია გააოგნა.
და თუ დავფიქრდებით, ფიფას გადაწყვეტილება, გაეზარდა შემადგენლობა 23 მოთამაშემდე, ფაქტობრივად სიგნალი იყო ტრაპატონისთვის და ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელისთვის, ლუიშ ფელიპე სკოლარისთვის, რათა მათ განაცხადში შეეყვანათ 2 კაცი, რომლებსაც აზიაში აღმერთებდნენ: ბაჯო და რონალდო, რომელსაც ტრავმა ჰქონდა.
სკოლარიმ ისარგებლა იმით და გამოიძახა რონალდო, რომელიც ტურნირის უდავო ვარსკვლავი გახდა.
ბაჯოს მეორე შანსი არ მიეცა და ეს იგნორირება მეორე ადგილზეა მისი პენალტის გაფუჭების შემდეგ, როგორც მისი საერთაშორისო კარიერის უდიდესი იმედგაცრუება.
ბაჯო ემოცია იყო
როდესაც მიშელ პლატინიმ ბაჯო აღწერა, როგორც „ცხრა-ნახევარი“, მან შესაძლოა უნებლიედ იტალიელს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კომპლიმენტი უთხრა, რომელიც იმ დროს ფეხბურთელისთვის შეიძლებოდათ ეთქვათ.
იმ დროს, როდესაც რობერტო თამაშობდა, თავდამსხმელების დაყოფა მკაფიოდ შეიძლებოდა ფლეიმეიკერებდად ან ფორვარდებად. „ცრუ ცხრიანები“ და დამხმარე თავდამსხმელების დრო ჯერ კიდევ შორს იყო.
იმის მიხედვით, გქონდა თუ არა გოლის გატანის ინსტინქტები ან კრეატიული ნიჭი, შენ ან 9 ნომერი იყავი, რომელსაც გოლები გაჰქონდა, ან 10, რომელიც მათ ქმნიდა. მაგრამ ბაჯოს ორივე შეეძლო ისე, როგორც არც ერთ იტალიელ ფეხბურთელს მანამდე.
პლატინიმ მაშინვე შეამჩნია მისი უნიკალურობის და ამ აღიარებით, შესაძლოა, იმის ხაზგასმა სურდა, რომ 10-იანის მაგია, რომელიც 1980-იან წლებს ახასიათებდა, თანდათან ქრებოდა.
ეპოქაში, როდესაც სერია A-ში საშუალო გოლების რაოდენობა თითო თამაშში ძალიან დაბალი იყო, ვიდრე დღეს, ბაჯომ 205 გოლის გატანა შეძლო უმაღლესი დივიზიონის 452 მატჩში.
და თუ ეს საკმარისი არ არის ბაჯოს გასაცნობად მათთვის, ვინც ძალიან ახალგაზრდაა, შეგვიძლია დავამატოთ, რომ ის იტალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.
რობერტო ერთ-ერთია იმ ხუთი იტალიელიდან, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო. ერთ-ერთი ბოლო იტალიელი, რომელმაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, როგორც საკვანძო მოთამაშემ. ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური საჯარიმო დარტყმების სპეციალისტი სპორტის ისტორიაში და ალბათ ყველაზე დახელოვნებული მოთამაშე, სირბილის დროს ბურთის კონტროლში.
ბაჯო არ იყო მხოლოდ თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - ის ყველა დროის საუკეთესოებს შორისაა. თუმცა, ის ასევე იყო რაღაც განსხვავებული და, შესაბამისად, რთული აღსაწერი. რადგან ბაჯო ნამდვილად იყო და არის ემოცია, სწორედ ამიტომაც მისი სახელის ხსენება დღესაც ბავშვური აღფრთოვანების გრძნობას იწვევს იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებში, მთელ მსოფლიოში.