სუპერლიგის ფინალური სერია | თსუ-მ პირველ თამაშში ბათუმი დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალურ სერიაში „თსუ“ „ბათუმს“ ხვდება. გადამწყვეტი დაპირისპირების პირველი შეხვედრა „თბილისი არენაზე“ გაიმართა და „თსუ-მ“ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო — 82:76.
მატჩის პირველი ტაიმი „თსუ-ს“ უპირატესობით წარიმართა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა პირველი მეოთხედი 26:14 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 51:37-ს იგებდა. „ბათუმმა“ მესამე მეოთხედი კარგად ჩაატარა და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, თუმცა ბოლო პერიოდის წინ აჭარლები მაინც ჩამორჩენაში იყვნენ — 62:63.
გადამწყვეტ პერიოდში „თსუ“ 9 ქულით დაწინაურდა, რის შემდეგაც „ბათუმი“ 8:0 გაიქცა და ერთი წუთითა და 15 წამით ადრე „თსუ“ მხოლოდ 1 ქულით იგებდა. საბა სალაძეს სამქულიანით შანსი ჰქონდა აჭარლები წინ გაეყვანა, მაგრამ მისი სროლა არაზუსტი აღმოჩნდა და „თსუ“ სერიაში დაწინაურდა.
„თსუ-ს“ რიგებში საუკეთესო ქუენტინ ჰარდრიქტი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა. ქურვოისირ მაკკოლის 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა, ხოლო მალკოლმ დრამრაითმა 10 ქულა გააკეთა. „ბათუმის“ მხრიდან ორმაგი დუბლი აკაკი დვალიშვილმა გაიფორმა. გიორგი ოჩხიკიძეს 14 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა. კარსონ ბაშემმა ასევე ორმაგი დუბლი გააკეთა — 10 ქულა, 13 მოხსნა.