„სრული ტყუილია“ | ხაბიბ ნურმაგომედოვი დენა უაითის განცხადებას გამოეხმაურა
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონზე, ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. უაითმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც, მისი აზრით, „არწივმა“ კარიერა დაასრულა და ეს გადაწყვეტილება ფინანსებს დაუკავშირა.
„მუსლიმი ჩემპიონი გვყავდა, მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ იგი მუსლიმურ ქვეყნებში ტურნეში გაემგზავრა. ის საუდის არაბეთს, აბუ-დაბისა და კატარს ესტუმრა და უამრავი ფული მისცეს. იმდენი ფული გამოიმუშავა, ჩხუბი აღარ სჭირდებოდა, შემდეგ კი მისი მამა გარდაიცვალა, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“.
UFC-ის პრეზიდენტის სიტყვებს ნურმაგომედოვი გამოეხმაურა: „ხანდახან ინტერნეტში ასეთი სათაურებიც მხვდება. რა თქმა უნდა, ყველა სიბინძურეზე კომენტარის გაკეთების მოყვარული არ ვარ, მაგრამ როდესაც დენა ასეთ რაღაცას ამბობს, ეს ყველგან ვრცელდება.
ასე ვიტყვი: ვფიცავ ალაჰს, რომ ეს სრული ტყუილია. არავის ჩემთვის მილიონები არ უჩუქებია და რომ წერენ, თითქოს სპორტიდან იმიტომ წავედი, რომ დიდი ფული ვიშოვე, სიმართლეს არ შეესაბამება. მთელმა მსოფლიომ იცის სიმართლე! ბევრჯერ მითქვამს და გამეორების საჭიროება არ არის“.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ნურმაგომედოვმა დაღესტანში სპორტდარბაზი ააშენა და არმან ცარუკიანმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ მშენებლობა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დააფინანსა. „არწივმა“ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მთავრობისგან არანაირი ფული არ მიუღია.