ჩაკვეტაძის თამამი მცდელობა და მძიმე მარცხი | რომამ უდინეზე გაანადგურა
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში „უდინეზე“ შინ „რომასთან“ 2:5 განადგურდა.
ამ სეზონში „უდინეზემ“ 10 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 7 დათმო. გუნდის მოუგებელი სერია 8-მატჩიანია და 20-გუნდიან ჩემპიონატში 5 ქულით მე-19 ადგილზეა.
უდინელთა მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და თამაშში 1:4-ზე, 56-ე წუთზე ჩართო. ქართველ ფეხბურთელს შეტევაში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია, თუმცა ერთი კარგი მცდელობა ჰქონდა, როცა მეტოქის საჯარიმოში დრიბლინგით თამამად შევიდა, ნდიკას გასცდა, მაგრამ ბოლო მომენტში მოლინამ ბურთი აართვა.
„რომასთან“ მატჩის წინ „უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა: „ძალიან მრავალმხრივი მოთამაშეა. მას შეუძლია ითამაშოს როგორც შემტევმა, ისე ცენტრალურმა ნახევარმცველმა. ის ბევრს მოძრაობს და ბურთის მიღებაც კარგად ეხერხება. თავდაჯერებულია და ეს მომწონს. მეც ახლა ვიცნობ მას უკეთ, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი გამოტოვა. ჩვენ მოგვიწია მისი იქ დაყენება, მათ შორის იმიტომაც, რომ პიოტროვსკი 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა. სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მის პოზიციაზე თამაში. „პარმასთან“ შედარებით რამდენიმე დეტალს შევცვლით, თუმცა ბევრს არა. პაუზამდე ორი გადამწყვეტი მატჩი გვაქვს „რომასთან“ და „ვენეციასთან“, სადაც ჩვენი თვისებები უნდა ვაჩვენოთ“.
27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო იტალიის ჩემპიონატის საწყისი ორი ტური გამოტოვა, მესამე ტურში „ლაციოსთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მისი დებიუტი იტალიურ კლუბში კი მე-4 ტურში, მილანის „ინტერთან“ „ჯუზეპე მეაცაზე“ შედგა (17 წუთი ითამაშა) და მას შემდეგ რეგულარულად თამაშობს. საერთო ჯამში, სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა (423 წუთი), საგოლე მოქმედება არ აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს