შერმადინის 6 ქულა - ტენერიფემ ოვერტაიმში წააგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 30-ე ტურში „ლაგუნა ტენერიფემ“ საკუთარ დარბაზში „ჟოვენტუტს“ უმასპინძლა და ოვერტაიმში 2-ქულიანი სხვაობით, 98:100 დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ძირითად დროში ფრე, 92:92 დაფიქსირდა, გიორგი შერმადინს კი ნაკლებად შედეგიანი თამაში ჰქონდა.
კანარის კუნძულების 37 წლის ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში. საერთო ჯამში კი პარკეტზე გატარებულ 11 წუთში 6 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა სამიდან ორი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი რვა შეადგინა.
ცნობისათვის, 32 მატჩის შემდეგ 17 მოგებითა და 15 წაგებით „ლაგუნა ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. რეგულარული გათამაშების დარჩენილ ორ ტურში გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „გრანადას“ და საკუთარ დარბაზში „ბილბაოს“ შეხვდებიან.