ფინალური სერია იწყება - ბათუმი თსუ-სთვის უხერხული მეტოქეა
Aa
Aa

ფინალური სერია იწყება - ბათუმი თსუ-სთვის უხერხული მეტოქეა

ხვალ, საქართველოს რიგით 33-ე საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერია დაიწყება და სუპერლიგის საჩემპიონო ტიტულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის კლუბები გაითამაშებენ. თსუ-ს არსებობის ისტორიაში ეს რიგით მეოთხე ფინალი იქნება და წინა სამი შემთხვევიდან ისინი მხოლოდ ერთხელ, 2023 წელს გახდნენ ჩემპიონები. რაც შეეხება „ბათუმს“, ეს გუნდი „ბასკოს“ სამართალმემკვიდრედ არ ითვლება და შესაბამისად, ზღვისპირელები ფინალს პირველად ითამაშებენ. უმნიშვნელოვანესი დუელების წინ, ორივე კლუბის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.

ლექსო ლაფანაშვილი (თსუ)

ფინალური სერიის მატჩებზე რაც უფრო მეტი ხალხი მოვა და დაინტერესდება, მით უკეთესი იქნება. რაც შეეხება მეტოქეს, „ბათუმი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რეგულარული გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა და ფინალშიც სრულიად დამსახურებულად გავიდა. მძიმე დაპირისპირებები გველოდება და ვფიქრობ, ფინალური სერია მალე არ დასრულდება.

ბუბა ბერიშვილი (ბათუმი)

პლეი ოფში ყველაფერი რთული იყო - მეოთხედფინალიც, ნახევარფინალიც, მაგრამ როგორც ხედავთ ფინალში მაინც გავედით, რაც იმის მანიშნებელია, რომ სირთულეებს ოდნავადაც არ ვუშინდებით. თსუ-ს რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ გვაქვს გეგმა შემუშავებული და მჯერა, რომ მათთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევას შევძლებთ.

ცნობისათვის, რეგულარული გათამაშება თსუ-მ პირველ ადგილზე დაასრულა, „ბათუმი“ კი მეორე პოზიციაზე გავიდა, რის გამოც მოედნის უპირატესობით უნივერსიტეტის კლუბი ისარგებლებს. აქვე გეტყვით, რომ „ბათუმი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც წლევანდელ სუპერლიგაში თსუ-სთან დადებითი ბალანსი აქვს - მართალია გამარჯვებების თანაბარი რაოდენობა აქვთ, თუმცა ჩაგდებული და მიღებული ბურთების ბალანსით აჭარლები ლიდერობენ. ფინალური სერიის პირველი მატჩი „თბილისი არენას“ დარბაზში ხვალ, 19:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელია შერმადინის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში
შენგელია შერმადინის წინააღმდეგ - ქართული დაპირისპირება ესპანეთში