11-წლიანი პაუზის შემდეგ - რონალდინიო ოფიციალურ მატჩში ითამაშებს
46 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო ოფიციალურ მატჩს 11-წლიანი პაუზის შემდეგ ჩაატარებს. ხვალ, იტალიის სერია C-ს B ჯგუფის მე-14 ტურში, „რავენა“ „ფორლის“ უმასპინძლებს და როგორც მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მანდორლინიმ განაცხადა, გაუჩო შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს:
„რონალდინიო რომ სასტარტო თერთმეტეულში იქნება, ამის თაობაზე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. თამაშს თავიდანვე დაიწყებს და შემდეგ ერთობლივად გადავწყვეტთ, რა დროს გაატარებს მოედანზე. ჩვენ ყოველთვის სამი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ამჯერად ერთ-ერთი მათგანი გაუჩო იქნება, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“.
გაუჩო იტალიაში 13 ნოემბერს ჩავიდა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. მისმა თანაკლუბელმა სიმონე რაბიმ აღნიშნა, რომ 11-მეტრიანის დანიშვნის შემთხვევაში, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულებას ბრაზილიელს მიანდობს.
ცნობისათვის, „რავენასთან“ კონტრაქტი რონალდინიომ ივნისში გააფორმა და პლუს ამას კლუბის ერთ-ერთი მეწილე გახდა, თუმცა ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი, ითამაშებდა თუ არა ამ კლუბის მაისურით „ოქროს ბურთის“ ყოფილი მფლობელი. აქვე გეტყვით, რომ გაუჩომ ბოლო ოფიციალური მატჩი 2015 წლის 27 სექტემბერს, „ფლუმინენსეს“ რიგებში გამართა და „გოიასთან“ თამაშის შესვენებაზე შეცვალეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს