გაგუას და გელაშვილის გარეშე - საბოლოო განაცხადი ცნობილია
დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2026 წლის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს. უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლოსწინა ტურში ქართველი ფეხბურთელები „მიხეილ მესხის“ სტადიონზე უნგრეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. რამაზ სვანაძემ საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა შეარჩია და ორი ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება მოუწია.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, უნგრელებთან სამატჩო განაცხადში ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი და თავდამსხმელი გიორგი გაგუა ვერ მოხვდნენ. თუ პირველ შემთხვევაში შეიძლება სვანაძესთან განსაკუთრებული პრეტენზიები არ გქონდეს, გაგუას იგნორირება მაინც ცოტა გასაკვირია, რადგან „დუნაისკა შტრედაში“ ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი შედეგიან სეზონს ატარებს, თუმცა მისი შესაძლებლობების შესახებ ყველაზე კარგად მაინც თავად სვანაძემ იცის, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად სწორედ მან მისცა გიორგის თავის გამოჩენის საშუალება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გუნდს ტრავმირებული კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის გარდა, დღევანდელ მატჩში დისკვალიფიცირებული გიორგი ქოჩორაშვილიც ვერ დაეხმარება, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა. საქართველო - უნგრეთის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს