ჩაკვეტაძის კარგი მატჩი - ნულოვანი ფრე ემილიაში
„უდინეზემ“ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში კიდევ ერთი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა, სტუმრად „პარმასთან“ ნულოვანი ყაიმი ითამაშა და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. თუმცა, ისიც საკითხავია, ქულები ფრიულელებმა დაკარგეს, თუ ემილიელებმა, რადგან 69-ე წუთზე მასპინძლების ესპანელ ლეგიონერს ადრიან ბერნაბე გარსიას 11-მეტრიანი რომ გაეტანა, შესაძლოა სტუმრები სულაც უქულოდ დარჩენილიყვნენ.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანი მოქმედება ამჯერადაც არ ჰქონია, გიორგი ჩაკვეტაძემ საკმაოდ კარგად იასპარეზა და ათბალიანი სისტემით 7.3 მეათედი შეფასება მიიღო. „უდინეზეს“ 27 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 83-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ 5 საკვანძო გადაცმა შეასრულა, პასები 92-პროცენტიანი (49-დან 45) სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 63-ჯერ შეეხო და დრიბლინგის 2 მცდელობიდან 1 წარმატებულად დაასრულა.
ცნობისათვის, 9 ტურში დაგროვებული 5 ქულით „უდინეზე“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეჩვიდმეტე ადგილზეა, რის გამოც გამორიცხული არ არის, ფრიულური კლუბის მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაჩი უახლოეს პერიოდში გაანთავისუფლონ. მომდევნო ტურში გიორგი ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები „რომას“ უმასპინძლებენ და მატჩი 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს