საიმედო დაცვაში და აქტიური შეტევაში | გადრანი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში „ჰაპოელ პეთახ-თიკვა“ შინ იერუსალიმის „ბეითართან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბეითარის“ ქართველი მცველი, ლუკა გადრანი გახდა, რომელსაც Sofascore-მა შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება - 8,4 დაუწერა.
ქართველმა მცველმა დაცვაში სამაგალითოდ ითამაშა და შთამბეჭდავი სტატისტიკური მაჩვენებლები დააფიქსირა. Sofascore-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ ლუკას სტატისტიკას სხვადასხვა კომპონენტებში.
ვითარების განმუხტვა და ბურთის ამოტანა სამჯერ შეძლო. ბურთი 8-ჯერ დაიბრუნა, ორჯერ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა. მინდორზე 2-დან ორივე ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 7-დან - 3. ვარდნის ერთი მცდელობა ჰქონდა, წარმატებული იყო. მეტოქის დარტყმა სამჯერ დაბლოკა. ერთხელ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მეტოქის ნახევარზე ლუკამ 29 პასი შეასრულა, საიდანაც 23 ზუსტი იყო. საკუთარ ნახევარზე შესრულებული 53 პასიდან 52 ზუსტი აღმოჩნდა. 29 წლის მცველის ანგარიშზე საკმაოდ ბევრი, 11 გრძელი გადაცემაა, 11-დან 6 ზუსტია. საერთო ჯამში 82-დან 75 პასი ზუსტი იყო, რაც 91 პროცენტია.
აღნიშნულის გარდა აღსანიშნავია მისი აქტიურობა შეტევაში. პირველ ტაიმში თავით კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გოლისგან იხსნა.
ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. ზაფხულში მისი დამატების სურვილი რამდენიმე კლუბს, მათ შორის ჩეხურ „პლზენს’’ ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ კლუბში დარჩა და მიმდინარე თვეში ახალი კონტრაქტი 2028-29 წლის სეზონის ბოლომდე გააფორმა.
Transfermarkt-ი 28 წლის მცველს 1,2 მილიონ ევროდ აფასებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს