„ჩაის დალევის თავიც არ გექნება“ | რაიან გარსიამ ილია თოფურიას უპასუხა
UFC-ის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას ბევრჯერ უთქვამს, რომ კრივში ბრძოლის გამართვის სურვილი აქვს და დარწმუნებულია, რომ უმაღლესი დონის მოკრივეებს დაამარცხებს. ალვარო კოლმენეროსთვის მიცემულ ინტერვიუში „ელ მატადორმა“ ამ თემაზე კიდევ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაიან გარსია მისთვის ხელსაყრელი მეტოქეა.
„რაიან გარსიას მსგავს მოკრივესთან ჩხუბი ჩემთვის კომფორტული იქნება. მსაჯების გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბევრად ადრე გავანადგურებ“, — თქვა თოფურიამ.
ილიას სიტყვებს გარსია გამოეხმაურა: „MMA-ისთვის ძალიან კარგი სტრაიკერი ხარ და სულ ესაა. ჩემთან ჩხუბის შემდეგ ჩაის დალევის თავიც არ გექნება და საჭმლის ჭამა საწრუპით მოგიწევს. შენს საქმეს მიხედე და მე ჩემს საქმეს მივხედავ“.
ცნობისთვის, გარსიას კარიერაში 28 ორთაბრძოლა აქვს გამართული, 25 მოიგო, 2-ჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა. 2024 წელს, გარსიამ დევინ ჰეინი დაამარცხა და WBC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დაისაკუთრა, მაგრამ მის სისხლში აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატის გამო, სწორედ ეს შედეგი გაუქმდა.