6-გოლიანი მატჩი | სპაერმა და დინამო ბათუმმა ქულები გაიყვეს
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „სპაერი“ „მიხეილ მესხი 2-ზე“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა. აჭარლები ზედიზედ მეოთხე თამაშის მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი კოხრეიძის გადაცემით გურამ ჯაფარიძემ ისარგებლა და „დინამო ბათუმი“ დააწინაურა. 45-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა უერდი მარას საგოლე პასი გაუკეთა და აჭარლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
49-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ ჩამორჩენა შეამცირა — 1:2, თუმცა 69-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ „დინამო ბათუმი“ კვლავ ორი გოლით გაიყვანა წინ. „სპაერის“ ფეხბურთელები არ დანებდნენ და ბოლო 10 წუთში ქულა გადაარჩინეს. მე-80 წუთზე გოლი გიორგი ბუნტურმა გაიტანა, ხოლო სამ წუთში საბოლოო ანგარიში ნიკოლოზ კენჭაძემ დააფიქსირა.
14 ტურის შემდეგ „დინამო ბათუმს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. „სპაერი“ 17 ქულით მე-7 ადგილზეა. „დინამო ბათუმის“ მომდევნო მეტოქე „რუსთავი“ გახლავთ, ხოლო „სპაერი“ „მეშახტეს“ დაუპირისპირდება.