„რაიო ვალეკანო“ — გაუმართავი სტადიონი, მცირე ბიუჯეტი და ევროპული ფინალი
„დღეს მთელი ესპანეთი „რაიოს“ გულშემატკივრობს“ – ამ სათაურით გამოვიდა კონფერენს ლიგის ნახევარფინალის წინ, ესპანური გაზეთი Marca.
ქვეყნის მთავარი სპორტული გამოცემა არ აზვიადებს. იმ წელს, როდესაც 2 მადრიდული გიგანტი, „ატლეტიკო“ და „რეალი“ (ჯამში 122 დიდი ტიტული), სეზონს ტიტულების გარეშე ასრულებენ, მათი მოკრძალებული მეზობელი დედაქალაქის ღარიბი მუშათა რაიონიდან, რომელსაც ისტორიაში არასოდეს არაფერი მოუგია, ევროთასისთვის იბრძვის.

თუმცა კამპანიის დაწყებამდე ბევრი იმასაც კი არ ვარაუდობდა, რომ „რაიო ვალეკანო“ პრიმერა დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებდა.
უბრალოდ წარმოიდგინეთ: პუენტე-დე-ვალეკასის კლუბი იმდენად ღარიბია, რომ სტადიონზე ხშირად არ არის ცხელი წყალი არა მხოლოდ გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ტუალეტებში, არამედ ფეხბურთელების საშხაპეებშიც.
სავარჯიშო მოედნები ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, რომ სეზონის შუაგულში მათი სამი თვით დაკეტვა გახდა საჭირო, ხოლო პრესის ლოჟაში არ არის Wi-Fi – ეს არის ქვეყნის ყველა პროფესიულ ლიგაში (ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის და ჩოგბურთის ჩათვლით) ერთადერთი სტადიონი, სადაც მედიისთვის ინტერნეტი ხელმიუწვდომელია.

„კამპო-დე-ვალეკასის“ სტადიონის პრესის ლოჟა საერთოდ ცალკე მემია. მისი მდგომარეობა იმდენად საშინელია, რომ ერთხელ ჟურნალისტმა, რომელსაც ტელეფონი დასამუხტი ჰქონდა, დამტენი როზეტში შეაერთა და... მთელი არენა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ფანტასტიკად გვეჩვენება, მაგრამ „რაიო“ უკვე ზედიზედ ხუთი სეზონია პრიმერაში რჩება და ეს რეკორდია ამ მოკრძალებული დედაქალაქური კლუბისთვის. არადა, გუნდის გავარდნას ფაქტობრივად ყოველ წელს წინასწარმეტყველებენ.
„რაიო ვალეკანო“ ევროთასებზე გამოდის, მაგრამ განაგრძობს მუშათა კვარტლის პატარა კლუბის ცხოვრებას, რომელიც ადგილობრივებისთვის თამაშობს და მის ფარგლებს გარეთ არსებული სამყარო არ აინტერესებს.
უბრალოდ წარმოიდგინეთ: 2026 წელს, კონფერენს ლიგის ფინალისტი ბილეთებს ონლაინ კვლავ არ ჰყიდის! გინდათ სტადიონზე წასვლა? უნდა მიხვიდეთ და სალაროსთან ცოცხალ რიგში ჩადგეთ.

საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, „რაიომ“ საერთაშორისო საფეხბურთო ფრანშიზის როლშიც სცადა ბედი. 2016 წელს „პატარა ელვებმა“ აშშ-ში ფილიალი გახსნეს – კლუბი „რაიო ოკლაჰომა“. მან საკმაოდ კარგად ჩაატარა სეზონი NASL-ში, ჩრდილოეთ ამერიკის სიძლიერით მეორე ლიგაში: მერვე ადგილი საგაზაფხულო სეზონში, მეოთხე – საშემოდგომო სეზონში და პლეი-ოფის ნახევარფინალი. სამწუხაროდ, „რაიოს“ სახსრები მალე ამოეწურა – ერთი საკმაოდ ღირსეული წლის შემდეგ ფრანშიზის დახურვა მოუწიათ.
არაფერი აღწერს კლუბის არსს ისე, როგორც კარმენ მარტინეს აიუსოს ამბავი. 85 წლის ქალი, რომელიც სტადიონთან ახლოს ცხოვრობდა, 2014 წელს სახლიდან გამოასახლეს, რადგან მისმა შვილმა ბინა კრედიტის სანაცვლოდ, ბანკში იპოთეკით დატვირთა და ვეღარ გადაიხადა.
ტროტუარზე მოტირალი მოხუცის კადრებმა მთელი ვალეკასი შეძრა. კლუბის რეაქცია: „რაიომ“ დაუყოვნებლივ გამოაცხადა, რომ კარმენს ქირას გადაუხდიდა და ახალი სახლის პოვნაში დაეხმარებოდა. მაშინდელმა მწვრთნელმა, პაკო ხემესმა თქვა: „გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით. ჩვენ დავეხმარებით ამ ქალბატონს, რათა მან თავი მარტოდ არ იგრძნოს“.

ეს იყო წარმოუდგენელი ჟესტი კლუბისგან, რომელსაც ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს.
27 მაისს „რაიო ვალეკანო“ კონფერენს ლიგის ფინალში „კრისტალ პალასს“ — პრემიერ ლიგის ბოლო წლების მთავარ სენსაციას დაუპირისპირდება.
მეტოქეების შესაძლებლობებს შორის სხვაობა რომ გაიგოთ: ლონდონელებმა მხოლოდ ამ სეზონში ტრანსფერებზე სამჯერ მეტი დახარჯეს, ვიდრე „რაიომ“ პრიმერაში გატარებული მთელი 5 წლის განმავლობაში ჯამში. მეტი რა უნდა ვთქვათ, როდესაც მხოლოდ ებერეჩი ეზე გაიყიდა იმ თანხად, რომელიც მადრიდელების ხუთწლიან სატრანსფერო ბიუჯეტს ერთნახევარჯერ აღემატება.
ფურცელზე ფინალი დავითისა და გოლიათის ბრძოლას ჰგავს, მაგრამ „პატარა ელვებმა“ ამ სეზონში უკვე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მოედანზე საბანკო ანგარიშები არ თამაშობენ.
