ვინ იყო პირველი შავკანიანი ფეხბურთელი - არტურ უორტონის ისტორია
არტურ უორტონი მსოფლიოში პირველი შავკანიანი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. სპორტული ოსტატობის მიუხედავად, ის ბოლომდე არასოდეს უღიარებიათ და სრულიად დავიწყებული გარდაიცვალა.
არტური 1865 წელს ჯეიმსთაუნში, (დღევანდელი განა) დაიბადა. 1882 წელს, ინგლისში სასწავლებლად ჩასულმა უორტონმა მალევე გაითქვა სახელი მძლეოსნობაში.
1886 წელს, მან სამოყვარულო მძლეოსნობის ასოციაციის 100-იარდიანი სპრინტი მსოფლიო რეკორდით — 10 წამში მოიგო (ეს პირველი მსოფლიო რეკორდი იყო) და ტიტული 1887 წელსაც შეინარჩუნა.
უმაღლესი დონის მრავალმხრივი ათლეტი, ფეხბურთის გარდა, კრიკეტით და ველოსპორტაც იყო დაკავებული.
1885-86 წლებში, „დარლინგტონში“ მეკარედ თამაშისას, ის „პრესტონ ნორთ ენდმა“ შენიშნა და მომდევნო სეზონში დაიმატა.
სწორედ ამ სეზონში გუნდმა ასოციაციის თასის ნახევარფინალს მიაღწია. 1889 წლისთვის, ის უკვე პროფესიონალი იყო და ითამაშა „როტერჰემ თაუნში“, „შეფილდ იუნაიტედში“, „სტალიბრიჯ სელტიკსა“ და „ეშტონ ნორთ ენდში“.

საფეხბურთო კარიერა 1902 წელს, საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონის „სტოკპორტ ქაუნთიში“ დაასრულა. არტურის ბოლო მატჩი 1902 წლის თებერვალში „ნიუტონ ჰიტის“ წინააღმდეგ გაიმართა.
არატრადიციულ და სანახაობრივ მეკარეს ბურთის მოგერიების ფენომენალური ძალა ჰქონდა და სპრინტერული წარსულიდან გამომდინარე, ზოგჯერ ფლანგზეც თამაშობდა.
ის ძელებს შორის თავისი უნიკალური სტილითა და რეფლექსებით ბრწყინავდა. დღესაც კი ამბობენ, რომ მას ხარიხაზე ჩამოკიდებულს ფეხებით შეეძლო გოლების მოგერიება. ეს მისი დიდების წლები იყო, რადგან კარიერის დასრულების შემდეგ მისმა ცხოვრებამ მძიმე მიმართულება მიიღო.
1914 წელს, არტურს დარემის საგრაფოში კრიკეტის მწვრთნელობა შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა, რადგან დამატებითი სამუშაო ვერ იპოვა.
1915 წელს, ის საცხოვრებლად ედლინგტონში გადავიდა, სავარაუდოდ, სამუშაოს საძიებლად. არტური იორკშირის მთავარ ქვანახშირის მაღაროში მტვირთავად მოეწყო.
1930 წელს, არტური სანატორიუმში, სიღარიბეში, სრულიად მარტო გარდაიცვალა და უსახელო საფლავში დაკრძალეს.
ათწლეულების განმავლობაში მისი მემკვიდრეობა და მნიშვნელობა მივიწყებული იყო, თუმცა ბოლო წლებში ის ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში პიონერად აღიარეს და მის პატივსაცემად ძეგლიც დადგეს.
