აკრძალული გმირები, 828 მატჩი და მრავალმილიონიანი ქველმოქმედება - ინგლისური ქალთა გუნდის ისტორია
Aa
Aa

აკრძალული გმირები, 828 მატჩი და მრავალმილიონიანი ქველმოქმედება - ინგლისური ქალთა გუნდის ისტორია

პირველი ქალთა საფეხბურთო გუნდები, პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა. იმ დროს საბრძოლო მასალების ქარხნებში, გოგონები 13 წლიდან მუშაობდნენ: ეს იყო ძალიან მძიმე სამუშაო ხანგრძლივი ცვლებით და მათ სტრესის მოხსნა სჭირდებოდათ.

პრესტონში მდებარე დიკ კერის ქარხანაში, მმართველმა ალფრედ ფრანკლინმა შეამჩნია, რომ გოგონები შესვენებებზე ფეხბურთს თამაშობდნენ და მალე, ომის დასრულების შემდეგ, გამოჩნდა გუნდი, სახელად Dick, Kerr Ladies.

ანალოგიური პრინციპით ჩამოყალიბდა სხვა კლუბებიც, მაგრამ Dick, Kerr Ladies-ი გახდა პირველი, რომელმაც საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. 1920 წელს, მათი მეტოქეები ფრანგი ქალები იყვნენ.

Dick, Kerr Ladies

Dick, Kerr Ladies-ი თამაშობდა „გუდისონ პარკზეც“, „ოლდ ტრაფორდზეც“ და „სტემფორდ ბრიჯზეც“. ის იყო პირველი გუნდი, რომელმაც ღამით თეთრი ბურთით ითამაშა პროჟექტორის გამოყენებით, რომელიც სამხედრო სამინისტრომ გადასცა.

ქალთა ფეხბურთის პოპულარობა ომის შემდეგ სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ ამ ფაქტის მიმართ ყველა არ იყო კეთილგანწყობილი. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ფეხბურთი აზიანებდა ქალთა ჯანმრთელობას, გარდა ამისა, პურიტანული დიდი ბრიტანეთისთვის ის არ იყო ქალური.

არსებობდა გარკვეული საშიშროება, რომ ქალთა ფეხბურთი უფრო პოპულარული ხდებოდა, ვიდრე კაცების და ამის დაშვება არ შეიძლებოდა. შეთქმულების თეორიის თანახმად, სწორედ ამიტომ, 1921 წელს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მთელი ქალთა ფეხბურთი აკრძალა.

ამის გამო, მათ ვეღარ შეძლეს თამაში ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მოედნებზე. ეს აკრძალვა ძალაში იყო 1971 წლამდე – ზუსტად 50 წლის განმავლობაში.

Dick, Kerr Ladies

Dick, Kerr Ladies-ი არ ნებდებოდა. 1922 წელს, ისინი ამერიკისა და კანადის ტურნეში გაემგზავრნენ, თუმცა, კანადის ფეხბურთის ასოციაციამ მათ თამაშის უფლება არ მისცა. ერთადერთი ალტერნატივა აღმოჩნდა აშშ-ის კაცთა გუნდების წინააღმდეგ მატჩების გამართვა - ცხრა თამაშიდან მათ სამი მოიგეს, სამი ფრედ ითამაშეს და სამი წააგეს.

ეპოქის მთავარ ვარსკვლავად ლილი პარი ითვლებოდა. ის მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც გუნდს შეუერთდა და ჰქონდა ლეგენდარული მარცხენა ფეხი. პარიმ კლუბში თამაშის დაახლოებით 30 წლის განმავლობაში 986 გოლი გაიტანა. ის იყო პირველი ქალი მოთამაშე, რომელიც შევიდა ეროვნული ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზში.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ლილი პარი ღიად ლესბოსელი იყო, რომელიც თავის პარტნიორ მერისთან ერთად ცხოვრობდა.

ლილი პარი

ახლა Dick, Kerr Ladies-ი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო გუნდად, რომელმაც 828 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 24 შეხვედრა წააგო.

წარმატების პიკზე, 1920 წელს, გოგონების გუნდმა  31 თამაშში, 350,000-ზე მეტი მაყურებლის წინაშე ითამაშა და შეაგროვა თანხა, რომელიც დღევანდელი კურსით 1 მილიონი გირვანქა სტერლინგის ექვივალენტია.

1921 წელს, მათ თითქმის 900,000 მაყურებლის წინაშე, 67 მატჩი ჩაატარეს სხვადასხვა ქვეყანაში და დაახლოებით 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეაგროვეს კეთილი საქმეებისთვის.

1965 წელს, Dick, Kerr Ladies-ი იძულებული გახდა დახურულიყო ფეხბურთელების ნაკლებობის გამო. „ფეხბურთის თამაში ლედის არ შეშვენის“, – იმეორებდა საზოგადოება, თუმცა ამ გუნდის მემკვიდრეობა დაუვიწყარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სათადარიგოდან ჩემპიონობამდე – ვან ბასტენის ტრიუმფი ევროზე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
სათადარიგოდან ჩემპიონობამდე – ვან ბასტენის ტრიუმფი ევროზე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა