დოპინგ-სკანდალი, ციხე და იშვიათი დაავადება - მერიონ ჯონსის ისტორია
Aa
Aa

დოპინგ-სკანდალი, ციხე და იშვიათი დაავადება - მერიონ ჯონსის ისტორია

მერიონ ჯონსი მძლეოსნობის სამყაროში ნამდვილი სუპერვარსკვლავივით შეიჭრა. 2000-იანი წლების დასაწყისში, ამერიკელი სპრინტერი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იყო მსოფლიოში.

სიდნეის ოლიმპიადა მისი კარიერის პიკად იქცა  – ხუთმა მედალმა, მათ შორის სამმა ოქრომ, ჯონსი ნამდვილ ლეგენდად აქცია.

თუმცა მერიონის ბრწყინვალე კარიერა ტრაგიკულად დასრულდა - ის დოპინგ-სკანდალში გაეხვა, რაც მედლების ჩამორთმევითა და ციხით დასრულდა.

მერიონ ჯონსი

ჯონსი მრავალი წლის განმავლობაში უარყოფდა დოპინგის შესახებ ყველა ბრალდებას, სანამ მოულოდნელად არ აღიარა 2008 წელს - როდესაც მისი კარიერა უკვე დასრულებული იყო და ეჭვები მის მიმართ უფრო და უფრო იზრდებოდა.

იმას, რომ მერიონი იღებდა აკრძალულ ნივთიერებებს, მიუთითებდნენ როგორც მისი ორივე ყოფილი ქმარი, ასევე დოპინგ-ლაბორატორიის მფლობელი, ვიქტორ კონტე.

საბოლოოდ, ჯონსმა აღიარა, რომ აკრძალულ ზრდის ჰორმონს იღებდა 2000 წლის ოლიმპიადის წინ, თუმცა ის დღემდე უარყოფს, რომ ამას შეგნებულად აკეთებდა. სპორტსმენის ვერსიით, ჰორმონი მის ორგანიზმში გელის საშუალებით მოხვდა, რომელსაც ის იყენებდა და ფიქრობდა, რომ მასში მხოლოდ ნებადართული ვიტამინები იყო.

მერიონ ჯონსი

თუმცა, ამას უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა: სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემისთვის, ჯონსს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც საბოლოოდ 6 თვემდე შემცირდა - სწორედ ამდენი ხანი გაატარა მან ციხეში.

პატიმრობის გარდა,  ჯონსს  700 000 დოლარის საპრიზო თანხის დაბრუნება დაევალა, რაც ყველა კონტრაქტის დაკარგვასთან ერთად, გაკოტრების პროცედურას ნიშნავდა.

გათავისუფლების შემდეგ, მერიონს სპორტის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. მძლეოსნობაში დაბრუნება არარეალური იყო, რის გამოც მან მოულოდნელად გაიხსენა თავისი გატაცება კალათბურთის მიმართ.

სტუდენტურ გუნდში ჯონსი ერთ-ერთი ლიდერი იყო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა პირველმა მეუღლემ ის მაშინ დაარწმუნა, რომ აქცენტი მძლეოსნობაზე გაეკეთებინა.

ჯონსი დრაფტზე აირჩიეს. მან „ტალსა შოკში“ ორ სეზონზე ნაკლები გაატარა, მაგრამ მისი კარიერა კალთურთში ისეთივე ბრწყინვალე ვერ აღმოჩნდა, როგორც მძლეოსნობაში. ამიტომაც კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ახალი ხელშეკრულება არავინ შესთავაზა. ამით ჯონსის სპორტული გზა დასრულდა.

მერიონ ჯონსი

მერიონმა ასევე გამოუშვა წიგნი, მაგრამ ის ბესტსელერი არ გახდა. ის ასევე შეეცადა გამხდარიყო მოტივატორი სპიკერი, მაგრამ მოთხოვნა მცირე იყო. ამის შემდეგ მერიონი ცოლად გაჰყვა ბარბადოსელ სპრინტერს ობადალე ტომპსონს, შემდეგ კი მცირე ხნით იმუშავა პერსონალურ ტრენერად ტეხასში.

ახლა ოდესღაც პლანეტის უსწრაფესი ქალი 50 წლისაა და ამბობს, რომ „სიარული უჭირს“. 2020 წელს, მას ოპტიკომიელიტის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის იშვიათი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და იწვევს დროებითი დამბლის ეპიზოდებს.

ცოტა ხნის წინ, ყოფილმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელში ჩანს, თუ როგორ შეცვალა დაავადებამ მისი ყოველდღიური ცხოვრება.

ჩემი მუხლები ძაფზეა ჩამოკიდებული, მეგობრებო, მაგრამ მე მაინც ვდგავარ“, – დაწერა მან ვიდეოს ქვეშ, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლტოლვილობიდან NBA-მდე: ლუოლ დენგი - ადამიანი, რომელმაც სამხრეთ სუდანი ოლიმპიადაზე გაიყვანა
ლტოლვილობიდან NBA-მდე: ლუოლ დენგი - ადამიანი, რომელმაც სამხრეთ სუდანი ოლიმპიადაზე გაიყვანა