ალეშანდრე პანტოჟა
Aa
Aa

Uber Eats-ის კურიერი და ტაქსისტი, რომელმაც UFC დაიპყრო - ალეშანდრე პანტოჟას რთული გზა

ალეშანდრე პანტოჟას პროფესიული დებიუტი MMA-ში 2007 წლის ივლისში შედგა, UFC-ში კი 2017 წლის იანვარში მივიდა – Ultimate Fighter-ის შოუში წარმატებული გამოსვლის შემდეგ.

UFC-ში კარიერის საწყისი ეტაპი მარტივი არ გამოდგა: წარმატებული დებიუტი, პირველი მარცხი, სამი გამარჯვების სერია, მსაჯების გადაწყვეტილებით მტკივნეული მარცხები დეივისონ ფიგეირედოსთან და ასკარ ასკაროვთან.

2021 წელსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ სატიტულო ბრძოლის პრეტენდენტი იყო და მანელ კაპე დაამარცხა, ბრძოლებიდან მიღებული შემოსავალი მის ყველა ხარჯს ვერ ფარავდა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ფული არ ჰყოფნიდა, პანტოჟამ რთული გადაწყვეტილება მიიღო – ცოლი და შვილები უკან, მშობლიურ ბრაზილიაში დააბრუნა. თავად კი ფლორიდაში დარჩა, რათა ვარჯიში გაეგრძელებინა.

ალეშანდრე პანტოჟა ოჯახთან ერთად

თავისუფალ დროს პანტოჟა დამატებითი თანხის გამომუშავებას ცდილობდა - მან მუშაობა Uber Eats-ის კურიერად დაიწყო. მას შეკვეთები მიჰქონდა UFC-ის ბრძოლებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი. ამის შესახებ პირველად ბრენდონ როივალთან ბრძოლის წინ, 2021 წლის აგვისტოში, ისაუბრა.

„როივალთან ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე Uber Eats-ის შეკვეთები მიმქონდა, წვიმდა, მე კი ავად ვიყავი. ვლოცულობდი, რომ ეს კორონავირუსი არ ყოფილიყო, რადგან ფული მჭირდებოდა ჩბუბისთვის, გადასახადებისა და ქირის გადასახდელად“.

დამატებითი შემოსავლის მისაღებად, ალეშანდრე ჯიუ ჯიცუს ტურნირებშიც მონაწილეობდა.

მეორე რაუნდში, როივალის მახრჩობელა ილეთით დამარცხებამ, პანტოჟას ცხოვრება მკვეთრად შეცვალა.  მან მიიღო 50 000 დოლარის ბონუსი, რამაც საშუალება მისცა, კვლავ მხოლოდ ვარჯიშებზე კონცენტრირებულიყო. ამასთან, პანტოჟამ სახლის შესაძენად პირველადი შენატანი შეიტანა და ოჯახი აშშ-ში დააბრუნა.

ალეშანდრე პანტოჟა

ცოტა ხნის წინ პანტოჟამ Uber Eats-ის აპლიკაციიდან სტატისტიკის სქრინშოთი აჩვენა – საინტერესოა, რომ მან კურიერად და ტაქსისტად მუშაობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც UFC-ში დამწყები იყო. მას თითქმის 18 000 მიტანა, 5000 მგზავრობა და მაქსიმალური რეიტინგი აქვს.

ალეშანდრე პანტოჟა

2023 წლის ივლისში, UFC 290-ზე, პანტოჟა ჩემპიონ ბრენდონ მორენოს შეხვდა. მან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა.

„პროგნოზი ახდა. ყველაფერმა, რაც ცხოვრებაში გამოვიარე, ყველა არჩევანმა, რომელიც გავაკეთე, ქამრამდე მიმიყვანა. ბედნიერი ვარ. იმ ღამეს მთელი ძალა გამოვიყენე, მაგრამ ვიცი, რომ შემიძლია კიდევ უფრო უკეთესი ვიყო“, - თქვა ალეშანდრემ.

მას შემდეგ პანტოჟამ საჩემპიონო ქამარი ოთხჯერ დაიცვა და შეჩერებას არ აპირებს. მაგრამ როგორც ამბობს, ჩემპიონობა მისთვის მთავარი არ არის:

„ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ჩემპიონი და რომ ყველამ იცის ჩემი ისტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ბევრი ბიჭი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ ვერასდროს მიაღწევს ასეთ შედეგს. ქამრისთვის ბრძოლის წინ მივხვდი, რომ ეს არ არის მთავარი. მივხვდი, რომ მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება. ჩემი შვილები, ჩემი ცხოვრება, მაქვს სიყვარული. მე არ მჭირდება ქამარი იმის სათქმელად, რომ ჩემპიონი ვარ. ჩემპიონები არიან ის ადამიანები, ვინც დამეხმარა ამ მომენტამდე მოსვლაში“.

ალეშანდრე პანტოჟა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა
სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა