კარლოს როა - ექსცენტრული მეკარე, რომელმაც მალარია და კიბო დაამარცხა
Aa
Aa

კარლოს როა - ექსცენტრული მეკარე, რომელმაც მალარია და კიბო დაამარცხა

1997 წელს, ერთი მეკარე არგენტინიდან ესპანეთში გადავიდა, მოიგო სასურველი „ზამორას თასი“ (ლა ლიგის საუკეთესო მეკარე), გაანადგურა ინგლისი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, შემდეგ კი გაქრა, რათა რელიგიურ კულტს შეერთებოდა. ეს არის კარლოს ანხელ როას ისტორია.

კარლოს ანხელ როა დაიბადა 1969 წლის აგვისტოში, არგენტინის ქალაქ სანტა-ფეში. ის მეკარის ოსტატობას საპორტო ქალაქს აველიანედაში სწავლობდა.

როამ იქ 5 წელი გაატარა, ცნობილ „რასინგში“ თამაშობდა, სადაც 19 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი და ჯამში კლუბში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

გასაკვირია, მაგრამ ერთხელ კლუბმა გადაწყვიტა, რომ წინასასეზონო მომზადება აშშ-სა და აზიის ნაცვლად, როგორც დღეს არის მიღებული, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩაეტარებინა. როა ამ ტურნეს დროს, მალარიით დაავადდა, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელდა, რაც, შესაძლოა, მისი კარიერისა და ცხოვრების გიჟური გზის მაუწყებელი იყო.

1994 წელს, როა ბუენოს-აირესის გარეუბანში გადავიდა, რათა კლუბ „ატლეტიკო ლანუსს“ შეერთებოდა. მან შეცვალა საზოგადოების ფავორიტი მარსელო ოხედა.

„ლა ფორტალეზაში“ სამი წლის განმავლობაში როამ თავი დაიმკვიდრა, 100-ზე მეტი თამაში ითამაშა და კლუბისთვის უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. როასთან ერთად, „ლანუსმა“ ზედიზედ სამჯერ დაიკავა მესამე ადგილი და 1996 წელს, კოპა COMNEBOL მოიგო.

კარლოს როა

სწორედ ამ წარმატებებმა უბიძგა ესპანურ „მალიორკას“ 1997 წლის ზაფხულში როას შეძენისკენ. „ლანუსისგან“ განსხვავებით, ესპანეთში როამ მოკრძალებულ კლუბს უპრეცედენტო სიმაღლეების მიღწევაში შეუწყო ხელი.

„მალიორკა“ წინა სეზონში ახალი დაწინაურებული იყო მეორე დივიზიონიდან და გაძლიერებას საჭიროებდა მოედანზეც და მის გარეთაც.

ესპანეთში გადასვლის შემდეგ, როა არგენტინის ნაკრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მისი კარიერის პიკი კი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იყო. არგენტინამ ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 მატჩი მოიგო და არცერთი გოლი არ გაუშვა, რაც როას, ისე დაცვის ხაზის დამსახურება იყო.

„ალბისელესტე“ მერვედფინალში ინგლისს შეხვდა და როამ პირველად გაუშვა გოლი ტურნირზე, თანაც ექვს წუთში ორი გოლი. ალან შირერმა ბურთი და როა სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნა, შემდეგ კი მაიკლ ოუენმა თავისი ცნობილი სოლო გოლი გაიტანა. თუმცა, არგენტინის მეკარეს ყველაფერი წინ ჰქონდა - 2:2 და შესაძლებლობა,  გამოეჩინა თავი პენალტების სერიაში.

კარლოს როა

საბოლოოდ, როამ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა. „ალბისელესტე“ ხმამაღლა ზეიმობდა, თუმცა ისინი სახლში გაემგზავრნენ ნიდერლანდებთან დამარცხების შემდეგ, რაშიც როას დადანაშაულება არ შეიძლება, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის რეპუტაცია მოიპოვა.

თუ როასთვის 1997-98 წლების სეზონი წარმატებულად ითვლებოდა, შემდეგი კიდევ უკეთესი გამოდგა. „მალიორკამ“ ლიგაში თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესა და ტრადიციული გუნდების - „ბარსელონასა“ და „რეალის“ შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა.

როა უფრო საიმედო გახდა. ამან განაპირობა ის, რომ მან მოიგო სანუკვარი ზამორას თასი. კარლოსი ასევე დასახელდა ESM-ის წლის საუკეთესო მეკარედ.

როა კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, მეკარე ფეხბურთიდან სწორედ კარიერის ზენიტში წავიდა და ამ ბომბის ეფექტი მოახდინა.

მისი „პენსიაზე გასვლა“ არ იყო დაკავშირებული არც ასაკთან და არც ტრავმასთან. როას მტკიცედ სწამდა, რომ ახალი ათასწლეული კაცობრიობის დასასრულს მოასწავებდა და ის გაიქცა არგენტინის პროვინცია კორდობაში, განმარტოებულ თავშესაფარში, რათა თავისი უკანასკნელი წელი ამ დედამიწაზე, ღმერთთან ახლოს გაეტარებინა. როა გაუჩინარდა, და მას ტელეფონის გარეშე ვერც მისი კლუბი და ვერც აგენტი ვერ უკავშირდებოდნენ. მან მაშინ აღნიშნა:

„მსოფლიოში არის ომი, შიმშილი, ჭირი, ბევრი სიღარიბე, წყალდიდობები. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სულიერი კავშირი ღმერთთან და იმ ცხოვრებასთან, რომელიც მას სურს, გასაჭირში იქნებიან.“

როას იდეა იყო, „მოემზადებულიყო სამყაროს დასასრულისთვის იმ ადგილას, სადაც ღმერთი ადამიანებს ყველაფერს მიაწვდიდა, რაც საჭიროა“.

საბოლოოდ, კარლოსი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო, რადგან ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსი არ დადგა, ხოლო ახალი ათასწლეულის დასაწყისმა მშვიდობიანად ჩაიარა.

ხანმოკლე შესვენებამ წერტილი დაუსვა მის საერთაშორისო კარიერას, თუმცა საკლუბო ფეხბურთს „მალიორკას“ რიგებში 2000 წელს დაუბრუნდა. როამ თქვა, რომ მისი რწმენა უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ აპოკალიფსი არ დადგა. ის იწრმუნებოდა, რომ შესვენებამ, ფაქტობრივად, სარგებელი მოუტანა, ახალი სიცოცხლე შთაბერა, დაუბრუნდა „ფეხბურთის მადა“.

კარლოს როა

როამ რელიგიაზე უარი არ თქვა და შედეგად, შაბათობით თამაშზე უარი თქვა, რადგან იცავდა დასვენების დღეს, როგორც ამას მისი ეკლესია ასწავლიდა. ამ უცნაურობამ კლუბში მას პირველი ნომრის როლი დააკარგვინა - ეს ადგილი მისმა თანამემამულემ, ლეონარდო ნეორენ ფრანკომ დაიკავა.

2002 წელს მეკარეს კონტრაქტი დაუმთავრდა და როა „ალბასეტეში“ გადავიდა კარიერის რეანიმაციის იმედით. 33 წელი მეკარისთვის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია კარლოსი გუნდს ლა ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა.

როა მეორე სეზონს ატარებდა „ალბასეტეში“, როცა საშინელი დიაგნოზი შეიტყო: სათესლე ჯირკვლის კიბო. ამას როა „ცხოვრების ყველაზე ცუდ გამოცდილებად“ აღწერდა და ვერ იჯერებდა, რომ ჯანმრთელი სპორტსმენი, რომელიც თავს იკავებდა ალკოჰოლისა და მოწევისგან, შეიძლება დაავადებულიყო კიბოთი.

თამაშიდან მორიგი ხანგრძლივი შესვენება ნიშნავდა, რომ მისი, როგორც ტოპ-ჩემპიონატის მეკარის კარიერა დასრულდა. ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ, მან ვერაგი სენის დამარცხება მოახერხა.

„ის, რომ ქრისტიანი ვარ, ძალა და რწმენა მომცა, რომ კიბოს წინააღმდეგ მებრძოლა. დეტალურად აღწერა არ შემიძლია, რადგან ამის გასაგებად, ამით უნდა იცხოვრო. ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ღმერთმა მანიშნა, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. ვგრძნობდი, რომ ხელახლა დავიბადე“, - თქვა მან Four Four Two-სთან ინტერვიუში.

საბოლოოდ, როა ისევ სამშობლოში დაბრუნდა და თავისი წარმატებული კარიერა არგენტინულ კლუბ „ოლიმპოში“ დაასრულა, სადაც ერთი სეზონი გაატარა, სანამ მწვრთნელობას დაიწყებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა
სტადიონამდე 4 კილომეტრი ირბინა: სიორენ ლერბიუ - ფეხბურთელი, რომელმაც ერთ დღეში 2 მატჩი ჩაატარა