როგორ გაიყვანა როი კინმა მანჩესტერ იუნაიტედი 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში
„ეს იყო თავდადების ყველაზე შთამბეჭდავი გამოვლინება, რაც კი საფეხბურთო მოედანზე მინახავს. თითოეულ გოჯზე იბრძოდა, თამაშობდა ისე, თითქოს წაგებას დაღლილობით სიკვდილი ერჩივნა, მან მის გარშემო ყველა შთააგონა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ მოთამაშესთან თანამშრომლობა“ - ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონს აკუთვნის.
როი კინის დომინანტურმა თამაშმა მის მწვრთნელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. და რა იყო ირლანდიელის პასუხი? „მსგავსი რაღაცები თითქმის შეურაცხმყოფელია. რა უნდა მექნა, დავნებებულიყავი? არ მებრძოლა ბოლომდე? მაქსიმუმი არ გამეკეთებინა თანაგუნდელებისთვის და ჩემი კლუბისთვის? რეალურად, ვბრაზდები, როცა ხალხი ასეთი ფრაზებით მომმართავს, თითქოს ეს ჩემთვის პატივი უნდა იყოს. ეს იგივეა, ფოსტალიონი წერილების მიტანისთვის შეაქო. ეს ხომ მისი მოვალეობაა, არა? ეს მისი სამუშაოა“.

როი კინი საფეხბურთო მოედანზე დაუნდობელი ფიგურა იყო: მოთამაშე, რომელსაც წარმატების მიღწევის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა. ფეხბურთელი, რომელიც ენერგიის ბოლო წვეთამდე იხარჯებოდა, რათა „ოლდ ტრაფორდზე“ კაპიტნის სამკლაურის ღირსეული თამაში ეჩვენებინა.
იყო თუ არა ის ტექნიკურად სრულყოფილი და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოთამაშე? არა. შეეძლო თუ არა გუნდის შთაგონება? ცალსახად.
რაიან გიგზის მიერ „ოლდ ტრაფორდზე“, პირველ მატჩში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილმა გოლმა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ სერია A-ს მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსთან“, 1-1 ფრეს შენარჩუნების საშუალება მისცა.
იტალიელები ჩემპიონთა ლიგის წინა სამ ფინალშიც იყვნენ გასულები. გამარჯვება ან შედეგიანი ფრე ისეთ საფეხბურთო ამოცანას ჰგავდა, რომელიც უფრო ეთან ჰანტისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ბევრმა ამას „შეუსრულებელი მისია“ უწოდა.
თუკი თამაშის დაწყებისას, ეს ამოცანა გრანდიოზული ჩანდა, მატჩის მე-11 წუთისთვის, თვით ტომ კრუიზიც კი ჩაალაგებდა ჩემოდანს და სახლში წავიდა. ფილიპო ინძაგმა „იუვენტუსი“ 2-0 დააწინაურა. ფილმისგან განსხვავებით, ეს რეალური ცხოვრება იყო და ვარსკვლავებით სავსე გუნდში, ერთმა ადამიანმა ყველაზე მაღლა აიწია 24-ე წუთზე, რათა შოკირებული „მანჩესტერ იუნაიტედი“ თამაშში დაებრუნებინა.
ისეთ ნახევარდაცვასთან დაპირისპირებაში, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონები - დიდიე დეშამი და ზინედინ ზიდანი თამაშობდნენ, „იუვემ“ ასევე გამოიყვანა ედგარ დავიდსი, ანტონიო კონტე და ანჯელო დი ლივიო. შემადგენლობა, რომელიც ევროპულ ფეხბურთში საუკეთესოდ ითვლებოდა. შედეგად კი, ვიხილეთ თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სისტემატური ფიზიკური და ტექნიკური დაშლა.

მომდევნო 80 წუთის განმავლობაში, როი კინმა აჩვენა ბრწყინვალე და ამავდროულად, მისთვის უჩველო თამაში. ინტენსივობა და აგრესიულობა აშკარა იყო, მაგრამ თამაშის ტექნიკურმა ასპექტმა კაპიტანი გამოარჩია.
24-ე წუთზე, დევიდ ბექჰემმა კუთხური ჩააწოდა. „ბებერი ქალბატონის“ რკინასავით მტკიცე დაცვამ, იაპ სტამისა და რონი იონსენის სავარაუდო საჰაერო საფრთხეები გაანეიტრალა. დაგვიანებულმა გაქცევამ ახლო ძელისკენ, კინის საშუალება მისცა, დროულად და სრულყოფილად შეესრულებინა ხტომა და „წითელმა ეშმაკებმა“ სხვაობა შეამცირეს.
„ბიანკონერი“ შიშმა და განგაშმა მოიცვა და როიმ, მტაცებელივით, რომელიც თავის ნანადირევს უთვალთვალებს, ამით სრულად ისარგებლა. „იუნაიტედის“ კაპიტანი ყველგან იყო - დროული ვარდნებითა თუ ბურთის ჩაჭრის მიზნით, შერჩეული ჭკვიანური პოზიციონირებით, ის მუდმივად არღვევდა „იუვენტუსის“ რიტმს.

ზიდანი იყო ის ფიგურა, ვისი იმედიც იტალიურ გუნდს ჰქონდა, რომ თამაშში დაბრუნდებოდნენ. 34-ე წუთზე, ზიზუს წინააღმდეგ ტაქტიკურმა ჯარიმამ, როი კინს გარდაუვალი ყვითელი ბარათი მოუტანა. ტურნირში ეს მისი მეორე გაფრთხილება იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კინი ფინალს გამოტოვებდა, მაგრამ ამან როი ვერ გატეხა.
კინის ზუსტი გადაცემების წყალობით, გუნდმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა - როიმ არა მხოლოდ ფიზიკურად დათრგუნა „იუვენტუსის“ ნახევარდაცვა, არამედ მისმა პასებმა, აზროვნების სისწრაფემ და მუდმივმა სურვილმა, რომ „იუნაიტედი“ წინ წაეწია ყოველ ჯერზე, როცა ბურთს ფლობდა, მატჩის მსვლელობა სრულიად შეცვალა.
„წითელი ეშმაკების“ მეორე გოლმა, რომელიც კინის გაფრთხილებიდან ზუსტად ერთ წუთში გავიდა, კიდევ უფრო გააძლიერა იმის პარადოქსული ეფექტი, თუ რა დანაკლისი იქნებოდა კაპიტანის დაკარგვა, ფინალში გასვლის შემთხვევაში.
შესვენებაზე გასვლამდე, „იუნაიტედი“ „სტუმრად გატანილი გოლის წესის“ თანახმად, ფაქტობრივად უკვე ფინალში იყო. მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ აუცილებელი ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა და კონტროლის დაბრუნებას შეეცადა, მაგრამ „იუნაიტედმა“ და კინმა ყველაფერს გაუძლეს.
ზიდანი, დავიდსი და დეშამი, ამ კინემატოგრაფიულ ბლოკბასტერში, ეპიზოდურ ფიგურებად იქცნენ. ბოლო მოქმედებაში ენდი კოულმა ვიწრო კუთხიდან ზუსტად დაარტყა ბურთი და მოიგო როგორც ეს დაპირისპირება, ისე ადგილი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ეს თამაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი იყო „იუნაიტედის“ ლეგენდარულ ტრიუმფში ტრებლისკენ გზაზე, თუმცა ის ასევე გარდამტეხი მომენტი გახლდათ კინის კარიერასა და მემკვიდრეობაში.

ნახევარფინალმა აჩვენა ის საფეხბურთო უნარი და ინტელექტი, რომელიც მას ჰქონდა. კინმა სამუდამოოდ გააბათილა მითი იმის შესახებ, რომ მისი თამაში ტექნიკურად შეზღუდული და შიშსა და დაშინებაზე იყო დამყარებული.
რა თქმა უნდა, მხოლოდ როი კინს არ მოუგია ეს თამაში, მაგრამ ის უდავოდ კატალიზატორი იყო იმ თამაშისა, რომელზეც დღემდე მოწიწებით საუბრობენ.
მომზადებულია These Football Times-ის სტატიის მიხედვით.