„ბოდიში რატომ უნდა მომეხადა? პრობლემა გაზვიადებულია“ | ჟეზუშმა რონალდუზე ისაუბრა
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟ ჟეზუშმა, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ჟეზუშს ედუ აგირეს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, მან პირად საუბარში რონალდუს ბოდიში მოუხადა.
„არავის წინაშე მომიხდია ბოდიში. პრობლემა, რომელმაც ამ ყველაფერთან მიგვიყვანა, ისაა, რომ ფეხბურთელი გასახურებლად გავიდა. ამ გადაწყვეტილების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მაგრამ ბოდიში რის გამო მოვიხადო? ვის მოვუხადო? რის გამო მაქვს ბოდიში მოსახდელი?
რაც შეეხება უშუალოდ რონალდუს, ერთი წლის განმავლობაში ვამაყობდი იმით, რასაც კრიშტიანუ წარმოადგენს და რის სიმბოლოცაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ის მსოფლიო დონის მაგალითია და მატჩის შემდეგ სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ კრისი ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაბრუნდება, თუ თავად გადაწყვეტს ასე.
ჩვენ შორის შექმნილი სიტუაცია გაზვიადებულია. ბევრი ადამიანი ჩაერია და ისე წარმოაჩინა, თითქოს პრობლემა არსებობდა, მაშინ, როცა სინამდვილეში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელი, თუნდაც ასეთი სტატუსის მქონე, გასახურებლად გაუშვა, მაგრამ მოედანზე არ შეიყვანა და ამისგან პრობლემა შექმნეს.
მიგაჩნიათ, რომ ეს საკმარისი მიზეზია, რათა რონალდუსნაირმა სიმბოლომ ასე რადიკალურად დაასრულოს სანაკრებო კარიერა? მინდა, რომ ის ნაკრებში დარჩეს. მან იცის, რომ კარიერა ოდესმე დასრულდება, რადგან მარადიული არაფერია, მაგრამ ვისურვებდი, კარიერა ისე დაასრულოს, როგორც თავად უნდა. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ნაკრებში პირველი გამოძახებისას ვუთხარი: „შენი დახმარება მჭირდება. თამაშობ თუ არა, შენი თანადგომა მჭირდება“ – და ახლაც ზუსტად იგივე სიტუაციაა. მინდა, რომ ის გუნდში დარჩეს“.
ცნობისთვის, ჟეზუშსა და რონალდუს შორის ურთიერთობა ნორვეგიასთან სტუმრად გამართული მატჩის შემდეგ დაიძაბა. „სელესაოს“ თავკაცი კრიშტიანუს სათამაშო დროს დაპირდა და შეხვედრის მიმდინარეობისას გასახურებლად გაგზავნა, მაგრამ ცვლილებაზე არ შეიყვანა, რამაც ფეხბურთელის განრისხება გამოიწვია.