„ჩემთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა“ - ონილი საქართველოსთან მატჩის წინ
რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფში, სადაც საქართველოს, უკრაინისა და უნგრეთის ნაკრებები თამაშობენ, ოთხი ტურის შემდეგ ლიდერი ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული გუნდია. კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით, ამ ეტაპზე ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩრდილოეთ ირლანდია არის ერთადერთი, რომელსაც გოლი არ გაუშვია და მათთვის ამ სასიამოვნო სერიის დასრულებას ხვალ ქართველი ფეხბურთელები შეეცდებიან, რომელთაც თავის მხრივ მიმდინარე გათამაშებაში ჯერ ერთი ბურთიც არ გაუტანიათ. სწორედ საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების წინ, ირლანდიელთა დამრიგებელს მაიკლ ონილს მისი გუნდის წარმატების საიდუმლოზე ჰკითხეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ახლა, როდესაც საქართველოს მატჩის წინ ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს შორის მოლოდინი და აჟიოტაჟი დიდია, ეს ნამდვილად კარგია, რასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები ფსიქოლოგიური კუთხით კარგად გაუმკლავდებიან. მათი ძირითადი ნაწილი ახალგაზრდაა და იციან, რომ წინ გრძელი გზა გველის.
სიუპრიზები ადრეც ბევრჯერ შემოგვითავაზებია - ევრო 2024-ის შესარჩევში დანია დავამარცხეთ და რომ არა ტრავმები, მერწმუნეთ, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალია ნამდვილად ვერ მოგვიგებდა. სამწუხაროდ სწორედ მაშინ სამი წამყვანი ფეხბურთელი, დენ ბალარდი, კონორ ბრედლი და ითან გელბრეიტი ვერ გვეხმარებოდა. ასე რომ, რაც მაშინ დაგვაკლდა, იმის ანაზღაურებას ახლა ვცდილობთ“.
ცნობისათვის, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს შესაძლოა ტომ ეტჩესონი და ბროდი სპენსერი ვერ დაეხმარნენ, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ორივე მათგანი მომჯობინებას მოასწრებს. იგივეს ვერ ვიტყვით ქართველების ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერზე ოთარ კიტეიშვილზე, რომელიც უნგრეთთან მატჩში დაშავდა და ხვალ ვერ ითამაშებს.