„სიტუაციის დრამატიზირება არ ღირს“ - სვანაძე მატჩის წინ
შეიძლება რამდენიმე კვირის წინ ბევრისთვის ეს წარმოუდგენელი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია - ოთხი ტურის შემდეგ უეფას ერთა ლიგაში ჩვენი ჯგუფის ლიდერი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებია, რომელსაც ბევრი აუტსაიდერად მიიჩნევდა. ხვალ ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიელები საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელსაც ჯერ არც მოუგია და არც მეტოქის კარში გოლი არ გაუტანია. როგორი მდგომარეობაა ეროვნულ გუნდში, ამის თაობაზე მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რამაზ სვანაძე
სამწვრთნელო ცვლილებას ნებისმიერ გუნდში საკმაოდ მტკივნეული პროცესები ახლავს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა საწყის ეტაპს გავდივართ. იდეალურად არაფერი არ არის, მაგრამ ჟინი და მონდომება იგრძნობა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ როგორც ჩვენ, ასევე ქართველი გულშემატკივრები გახარებულები ვიყოთ.
დაღლილობა რა თქმა უნდა იგრძნობა, მაგრამ ყველა გუნდი თანაბარ მდგომარეობაშია და ამ მხრივ ვერ ვიწუწუნებთ. ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად დრო კიდევ გვექნება და შესაბამისად, თუ ვინ დაიწყებს თამაშს ძირითად შემადგენლობაში, ეს მატჩის წინ გადაწყდება და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.
რთული პერიოდი ყველა გუნდს ჰქონია და არ ღირს ამ ყველაფრის დრამატიზება, რადგან ისეთი განწყობაა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, ეს კი ფეხბურთელებისთვის შეიძლება დამთრგუნველი იყოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა ჩემს განკარგულებაში ნაწილი ის მოთამაშები არიან, რომელთაც საქართველოს ნაკრები ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს, მეორე ნაწილი კი ისინი, რომელთაც ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში წარმატებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველოს მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. პარალელურად, ამავე ჯგუფის მეორე თამაში აიღებს სტარტს და უკრაინელები უნგრელებს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში უმასპინძლებენ.