უშიშარი ბავშვები - ლიდსი, რომელიც ევროპას აზანზარებდა
ეს ისტორია 1998 წლის შემადგომაზე დაიწყო, როცა ჯორჯ გრემმა „ტოტენჰემი“ ჩაიბარა, „ლიდსში“ კი მთავარ მწვრთნელად ყველასთვის მოულოდნელად გრემის თანაშემწე დევიდ ო’ლირი დაინიშნა. ო’ლირის დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ამიტომ მან კლუბში რევოლუცია დააანონსა. იორკშირელთა გულშემატკივრებისთვის სამაგალითოდ ყოველთვის 1960-იანი წლების „ლიდსი“ მიიჩნეოდა, რომლის სათავეშიც დონ რივი იდგა.
ო’ლირის სწორედ ასეთივე გუნდის შექმნა სურდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დონ რივის გუნდის ყველას ეშინოდა, მის ფეხბურთელებს პროვოკატორებს უწოდებდნენ, სათამაშო სტილი კი „ანტიფეხბურთს“ წარმოადგენდა. „ასეთივე წარმატებული და სტილისტურად მიმსგავსებული გუნდი გვჭირდება, ოღონდ, ხალხსაც უნდა ვუყვარდეთ“, - აღნიშნა ო’ლირიმ მთავარ მწვრთნელად მუშაობის დაწყებისთანავე.

ფსონი ახალგაზრდებზე
გუნდის გარდაქმნა მომენტალურად დაიწყო. ო’ლირი კარგად იცნობდა დუბლის ფეხბურთელებს და ხშირად იძახებდა მათ პირველ გუნდში. დაცვის ცენტრში 18 წლის ტექნიკური მცველი, ჯონათან ვუდგეითი მოქმედებდა. მარცხენა ფლანგი „ირლანდიელმა რობერტო კარლოსმა“, იან ჰარტმა ჩაიბარა. ნახევარდაცვაში ბრწყინავდნენ ხისტი და დაუნდობელი ლი ბოიერი და მისგან სრულიად განსხვავებული ინტელექტუალი ჰარი კიუელი. ამ ბანდას მოედანზე ორი გამოცდილი ფეხბურთელი მართავდა - ლუკას რადებე და დევიდ ბეტი, ხოლო მეტოქეების დაცვის აწიოკებაზე პასუხისმგებელი 18 წლის ალან სმიტი იყო. მისი პრემიერლიგური დებიუტი ფენომენალური გამოდგა - „ენფილდზე“ ცვლილებაზე გამოსულმა, ალანმა პირველივე შეხებით „ლივერპულს“ გაუტანა.
ვიდრე ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვარსკვლავური შემადგენლობით ტიტულებს იგებდა, არსენ ვენგერი კი „არსენალში“ „პატარა საფრანგეთს“ ქმნიდა, ო’ლირის გუნდმა ნეიტრალური გულშემატკივრები თავისი მარტივი, მაგრამ გულანთებული თამაშით მოხიბლა. ლი ბოიერი „იორკშირელი როი კინი“ გახდა და მეტოქეებს ხისტი და თავზეხელაღებული ვარდნებით აჩერებდა. ჰარი კიუელის თითოეული მატჩი საფეხბურთო სილამაზისა და ესთეთიკის ხილვის შესაძლებლობა იყო, ხოლო იან ჰარტი წარმოუდგენელი სიზუსტითა და ძალით აწვდიდა ბურთს საჯარიმოში, სადაც მის პასებს ალან სმიტი და ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი ელოდებოდნენ. 1998-99 წლების სეზონში ჰასელბაინკი 18 გოლით პრემიერლიგის თანაბომბარდირი გახდა და 12 მილიონ გირვანქა სტერლინგად მადრიდის „ატლეტიკოში“ გაიყიდა.
„ჩემს ფეხბურთელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, ამიტომაც ვუწოდებ მათ ჩემს შვილებს... ისინი მენდობიან, მე კი არ დავუშვებ, რომ ვინმემ მათთვის საზიანო რამ მოიმოქმედოს“.
ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე „ლიდსმა“ მეოთხე ადგილი და უეფას თასის საგზური გაინაღდა, თუმცა იმ სეზონის ყველაზე უკომპრომისო მატჩი ო’ლირის გუნდმა 37-ე ტურში გამართა, როცა „ელანდ როუდზე“ ჩემპიონობისთვის მებრძოლი „არსენალი“ ჩავიდა. „ლიდსის“ ფანებს ყველაზე მეტად „მანჩესტერ იუნაიტედი“ სძულთ და ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ო’ლირის გუნდი „მეთოფეებს“ზედიზედ მეორე ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარებოდა. თვითონ ო’ლირის „არსენალში“ 700-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ის ლონდონელთა კაპიტანთან, ტონი ადამსთანაც მეგობრობდა, მაგრამ „ლიდსს“ სულ სხვა მოტივაცია ჰქონდა: დაემტკიცებინათ სხვებისთვის და საკუთარი თავებისთვისაც, რომ დიდი გუნდების დამარცხება შეუძლიათ. „ელანდ როუდზე“ ნამდვილი ბრძოლა გაიმართა, ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ჰასელბაინკმა გაიტანა და „მანჩესტერს“ ტიტული „აჩუქა“.

მომდევნო სეზონში „ლიდსი“ უეფას თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ტაფარელის, გეორგე ჰაჯისა და ჰაკან შუქურის „გალათსარაისთან“ დამარცხდა. პრემიერლიგაში კი ო’ლირის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში მოხვდა.
ჩემპიონთა ლიგა
კლუბის პრეზიდენტმა, პიტერ რიდსდეილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მზად იყო, ო’ლირისთვის უვადო კონტრაქტი შეეთავაზებინა, რასაც დევიდმა ასე უპასუხა: „ლიდსში“ იქამდე დავრჩები, ვიდრე პრეზიდენტი არ გამაგდებს. შევეცდები, აქ ისეთი საფეხბურთო იმპერია შევქმნა, როგორიც ფერგიუსონმა ააშენა. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც დიდი ამოცანების შესრულება შეუძლიათ“.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რიდსდეილის ოცნება იყო, თუმცა ამით გამოწვეულმა ეიფორიამ კლუბის მმართველს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგა. რიდსდეილმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად 60-მილიონიანი სესხი აიღო, რომლის გადახდაც მთლიანად იყო დამოკიდებული ევროთასებზე „ლიდსის“ ასპარეზობაზე.
2000-01 წლების სეზონის წინ გუნდს ძვირადღირებული ფეხბურთელები შეუერთდნენ: რიო ფერდინანდი(18 მლნ), მარკ ვიდუკა (6 მლნ) და ოლივიე დაკური (5 მლნ). ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ლიდსს“ წილისყრამ „ბარსელონა“, „მილანი“ და „ბეშიქთაში“ არგუნა. ო’ლირის გუნდმა ამ „სიკვდილის ჯგუფში“ მეორე ადგილზე გასვლა მოახერხა, მაგრამ კიდევ უფრო რთულ ჯგუფში მოხვდა. იორკშირელებს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „რეალი“, იტალიის ჩემპიონი „ლაციო“ და ბელგიური „ანდერლეხტი“ შეხვდათ, თუმცა ო’ლირის გუნდი არც ამ ვითარებაში გატყდა - „ლიდსმა“ „რეალს“ სტუმრად ორი გოლი გაუტანა, „ოლიმპიკოზე“ „ლაციოს“ მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ისინი ექტორ კუპერის „ვალენსიამ“ გააჩერა.

დაღმასვლა
ორ ფრონტზე თამაშს „ლიდსმა“ ვერ გაუძლო და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა. ამის გამო რიდსდეილმა აღებული სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რასაც კლუბის კოლაფსი მოჰყვა. ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების მიზნით „ლიდსის“ პრეზიდენტმა ფულის დაუფიქრებლად ხარჯვა გააგრძელა: „ინტერიდან“ რობი კინი იყიდეს, „ლივერპულიდან“ კი რობი ფაულერი. თუმცა ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, კლუბი კი ფინანსური უფსკრულისკენ უფრო სწრაფად მიექანებოდა.
2001-02 წლების სეზონში „ლიდსი“ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა, რიდსდეილმა ო’ლირი გაუშვა და ძვირადღირებული ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყო. ფერდინანდი „იუნაიტედში“ წავიდა, კინი - „ტოტენჰემში“, ფაულერი კი „სიტიში“. მომდევნო წელს „ლიდსი“ ბოიერმა, დაკურმა, ვუდგეიტმა და კიუელმა დატოვეს, თუმცა კრედიტორების წინაშე არსებული ვალი იზრდებოდა და 2003 წელს 100 მილიონ გირვანქას გაუტოლდა.

ამ პრობლემების ფონზე გუნდი გასავრდნ ზონაში აღმოჩნდა და ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნა. ერთ-ერთ საშინაო მატჩზე ალან სმიტმა გულშემატკივრებს პლასტმასის ბოთლი ესროლა და ახალგაზრდა ქალს თავში გაარტყა. რიდსდეილი თანამდებობიდან გადადგა, 2004 წლის გაზაფხულზე კი „ლიდსი“ პრემიერლიგას დაემშვიდობა. იან ჰარტი „ლევანტეში“ გადაბარგდა, ვიდუკა კი „მიდლსბროში“. ალან სმიტი, რომლის გარეშეც „ლიდსის“ ასეთი გარდაქმნა უბრალოდ შეუძლებელი იყო, ფანების თხოვნის მიუხედავად „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა და მოღალატედ იქცა მათთვის, ვინც კვლავ ავსებდა „ელანდ როუდის“ ტრიბუნებს.
იოჰან კრუიფმა იმ „ლიდსის“ სტილს „საფეხბურთო როკ-ენ-როლი“ უწოდა, ყველაზე კარგად კი ო'ლირის გუნდს მაშინდელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი ლიდერი გარი ნევილი ახასიათებს:
„უშიშარი გუნდი იყო, ამ ბიჭებს საერთოდ არაფრის ეშინოდათ. „ელანდ როუდზე“ ჩადიოდი და იცოდი, რომ 90 წუთის განმავლობაში წარმოუდგენელი ინტენსივობის მატჩი გელოდებოდა“.