„დაძაბული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ...“ - ქოჩორაშვილი ესპანელ ჟურნალისტებს ესაუბრა
„სევილიამ“ გიორგი ქოჩორაშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
გიორგი ქოჩორაშვილი:
მოლაპარაკებების პროცესი
„მინდა მადლობა გადავუხადო ხოსეს, პრეზიდენტს და მთლიანად კლუბს გაწეული ძალისხმევისთვის. დაძაბული დღეები იყო, მაგრამ საბოლოოდ აქ ვარ, ძალიან ბედნიერი. ვარ იქ, სადაც ბავშვობიდან წარმომედგინა თავი - დიდ კლუბში. გასახდელში ძალიან კარგი ატმოსფეროა. მიზნის მისაღწევად ყველა მაქსიმალურადაა კონცენტრირებული“.
კოკესთან და იბორასთან საუბარი
„დიახ, მათ ამ კლუბის ღირებულებები ძალიან კარგად გადმომცეს. მრავალი წლის წინ კოკესთან, იბორასთან და ხოსე კამპანიასთან გადავიკვეთე. ეს ღირებულებები ჩემს ხასიათს ემთხვევა. აქ იმისთვის მოვედი, რომ ბოლომდე დავიხარჯო, რადგან სწორედ ეს არის ახლა საჭირო“.
ვარჯიში დასვენების დღეს
„ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა. ორი დღე არ მივარჯიშია და გააქტიურება მინდოდა. მინდა კლუბს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ რომ დასვენების დღეს სპეციალურად გამომიყვეს ადამიანი, რომელიც მავარჯიშებდა. სწორედ ესაა დიდი კლუბის დამახასიათებელი დეტალები“.
მიზანი
„ძირითადად აწმყოზე ვარ კონცენტრირებული. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი მიზანი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩი და მათ წინააღმდეგ კარგად თამაშია. თანაც, შინ ვთამაშობთ, ამიტომ ახლა სწორედ ეს არის ჩემი მიზანი. იმედი მაქვს, ისეთი სანერვიულო არ გვექნება, როგორც გასულ სეზონში. კარგ და ცუდ სიტუაციებში საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. აქ იმისთვის მოვედი, რომ გუნდს, მწვრთნელსა და ჩემს გვერდით მყოფ თანაგუნდელებს ყველაფერში დავეხმარო“.
პოზიცია მინდორზე
„ამაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ყოველთვის ვამბობ, რომ იქ ვითამაშებ, სადაც გუნდს დავჭირდები. ჩემი ძლიერი მხარე 8 ნომრის პოზიციაზე თამაშია. შემიძლია შეტევაში ჩართვა, ასევე გუნდის დახმარება დაცვასა და ბურთის კონტროლში. თუმცა, იქ ვიქნები, სადაც გუნდს და მწვრთნელს დავჭირდები.“
ატმოსფერო
„ერთი სული მაქვს, შევიგრძნო ის ატმოსფერო, რომელზეც ყველა მიყვებოდა. თუმცა, ქუჩაში გულშემატკივრების მხარდაჭერას უკვე ვგრძნობ“.
სევილიაში თამაშის ემოცია
„მშვიდი ადამიანი ვარ და, მიუხედავად მღელვარებისა, ყველაფერს მშვიდად შევხვდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. საქართველოში ბევრი მატჩი არ გადაიცემა, მაგრამ ლა ლიგის ზოგიერთი თამაშის ნახვა შესაძლებელია. იქ ბავშვობიდანვე გაქვს ოცნება, ითამაშო ისეთ კლუბში, როგორიც „სევილიაა“ და რომელსაც ამდენი ტიტული აქვს მოგებული. უდიდესი ჟინი მაქვს, რომ მაქსიმუმი გავიღო და ბოლომდე დავიხარჯო“.
კარლოს ალვარესის შესახებ
„კარლიტოსთან ხშირად ვსაუბრობ. „ლევანტეში“ მას ძალიან კარგად შევეწყვე. ის ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ფეხბურთში მოთამაშეების გზები ყოველთვის სხვადასხვანაირად ვითარდება. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. მას ვუთხარი, რომ მომავალში საბოლოოდ ისევ ერთად ვითამაშებდით.“
გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ ხუთშაბათს, ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა. გავრცელებული ცნობებით, ანდალუსიურ კლუბს ქართველის ტრანსფერი 4.5 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელსაც ბონუსებიც დაემატება. ქოჩორაშვილმა „სევილიასთან“ კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ცნობისთვის, „სევილიამ“ ორიდან ორი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილის ლიდერია. ანდალუსიელები მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავენ.