„ალისონს არასდროს აკრიტიკებენ“ | სტატია ლივერპულის მეკარეებზე
ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ჯეისონ პეტიგროვმა, რომელსაც beIN Sports-თან, Sky Sports News-თან, talkSPORT-თან, Bleacher Report-თან და სხვა ცნობილ გამოცემებთან უმუშავია, „ლივერპულის“ მეკარეებზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. პეტიგროვი აქცენტს ალისონ ბეკერზე აკეთებს და აცხადებს, რომ ბრაზილიელი გოლკიპერი კრიტიკისგან თავისუფალია.
ალისონი კრიტიკას სისტემატურად აღწევს თავს
„ლივერპულის ერთი ფეხბურთელი, რომელიც კრიტიკას სისტემატურად აღწევს თავს, ალისონ ბეკერია. ეს კი იმის ფონზე, რომ ბრაზილიელი გოლკიპერი დიდი ხანია, თავის საუკეთესო დონეზე არ იმყოფება.
კვირას, პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში, „ლივერპულს“ ალისონი რამდენჯერმე დასჭირდა. ყველაზე მეტად ალბათ ეს ენტონი ელანგას გოლის ეპიზოდში მოხდა, თუმცა ბრაზილიელმა არასწორი კუთხე შეარჩია და „ნიუკასლის“ გარემარბს უფლება მისცა, გოლი მარტივად გაეტანა.
მოსალოდნელი იყო, რომ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ პირველი მეკარე გახდებოდა, თუმცა ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ანდონი ირაოლამ ბრაზილიელი ერთ-ერთ ვიცე-კაპიტნად დაასახელა, რაც ნიშნავს, რომ თუ ალისონმა ტრავმა არ მიიღო, ირაოლას გუნდში ყოფნის პერიოდში ძირითადი შემადგენლობის წევრი სწორედ ის იქნება“.
სეივების იმედგაცრუებელი პროცენტი
„ფეხით კარგად მოთამაშე გოლკიპერი თანამედროვე ფეხბურთში უპირატესობას ნამდვილად იძლევა, თუმცა როდესაც მეკარეს საჯარიმოს შიგნიდან განხორციელებული დარტყმების მხოლოდ 55.74 პროცენტი აქვს მოგერიებული, კითხვები ნამდვილად ჩნდება. სეივების პროცენტი 63.53 პროცენტამდე ადის, თუ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ყველა ადგილიდან განხორციელებულ დარტყმებს დავითვლით, თუმცა გუნდისთვის, რომელსაც სურს, სატურნირო ცხრილის უმაღლეს ნაწილში იყოს, ეს საკმარისი ნამდვილად არაა. რაც შეეხება პასებს, ზოგად სტატისტიკას თუ ავიღებთ, ყველაფერი ნორმალურადაა...“
საშინელი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე
„პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონში ალისონის პასების სიზუსტე 79.02 პროცენტი იყო, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, თუმცა დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით და გრძელ პასებსაც გავითვალისწინებთ, საერთოდ სხვა სურათს დავინახავთ. ალისონის ზუსტი პასების მხოლოდ 27.4 პროცენტი მოდის მეტოქის მესამედში განხორციელებულ ზუსტ გადაცემებზე, ჩემპიონთა ლიგაზე კი ეს სტატისტიკა 6.25 პროცენტამდე ჩამოდის.
მხოლოდ 59 ზუსტი პასი მეტოქის ნახევარზე და 126 არაზუსტი გადაცემა ნამდვილად ცუდი შედეგია ბრაზილიელისთვის, რომელიც „ლივერპულის“ ნომერ პირველი მეკარე ალბათ მხოლოდ იმიტომაა, რომ სათანადო დონის შემცვლელი არ ჰყავს, რომელსაც შეუძლია ნამდვილი კონკურენცია გაუწიოს. დაცვითი ოთხეულის უკან ბურთების გაწმენდა და მცველებისთვის მოკლე, ზუსტი გადაცემების მიცემა ძალიან კარგია; თუმცა, როდესაც ბურთის დასაჭერად არ გამოდიხარ და საკუთარ საჯარიმოს ვერ აკონტროლებ, უბრალოდ მოგერიება მეტყველებს იმაზე, რომ თავდაჯერებულობა არ გაქვს, რაც სხვებსაც გადაედებათ“.
ლივერპული და მამარდაშვილი
„შეიძლება თუ არა, რომ კლუბი მამარდაშვილთან დაკავშირებით უბრალოდ დროს იყენებდეს და ემზადებოდეს, რომ 2027/28 წლების სეზონის დასაწყისში იგი გუნდის ახალ პირველ ნომრად დააყენოს? რამდენად გიჟურ ვარაუდადაც არ უნდა ჩანდეს, ეს ასევე სახიფათოცაა, რადგან გულისხმობს, რომ ქართველმა კიდევ ერთი სეზონი სხვების ჩრდილში უნდა გაატაროს. ამიტომ ღირს შეკითხვის დასმა: „წითლები“ ხომ არ ინანებენ, ალისონი გუნდში ამდენი ხნით რომ დაიტოვეს?“.
შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. „კაჭკაჭებმა“ „წითლების“ კარში ზუსტად 4-ჯერ დაარტყეს და ორი გოლი გაიტანეს.