როტაცია, სტრასბურგთან მატჩი და ლიგა 1-ის დონე | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო შეხვედრა ლიგა 1-ში, „სტრასბურგის“ წინააღმდეგ ელის. პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„სტრასბურგთან“ მატჩზე
„რთული თამაში იქნება. „სტრასბურგი“ ახალგაზრდა გუნდია, ხარისხიანი ფეხბურთელებით. მათი მიზანი იქნება, დაამტკიცონ, რა შეუძლიათ. „სტრასბურგი“ მაღალ პრესინგს თამაშობს და მატჩისთვის ჩვეულებრივად მოვემზადეთ. არ მინდა, მეტოქეზე ბევრი ვილაპარაკო. ჩვენი გეგმა სამი ქულის აღება და სატურნირო ცხრილის ტოპ სამში შესვლაა. კარგი პერიოდი გვიდგას, ბედნიერები ვართ და გვინდა, ასე გავაგრძელოთ“.
ფეხბურთელთა როტაციაზე
„საინტერესო საკითხია, მაგრამ არ მინდა, ყველაფერი დეტალებში ავხსნა. როდესაც ძირითად შემადგენლობას ვაყენებთ, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე ვფიქრობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც „სტრასბურგთან“, ისე სხვა შეხვედრებში, სამი ქულის აღებაა“.
მაგნეს აკლიუშზე
„მან სეზონი შესანიშნავად დაიწყო და თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ბედნიერი ვარ. მას გააკრიტიკებენ, რადგან ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, თუმცა კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აკეთებს. მისი ადაპტაციით ბედნიერი ვარ“.
ლიგა 1-ის დონეზე, რომელიც, თითქოს, ევროპულ ტურნირებზე პსჟ-ს უპირატესობას აძლევს
„ეს ტიპური ფრაზებია, როდესაც „პარი სენ-ჟერმენზეა“ საუბარი. სანამ აქ დავინიშნებოდი, ამბობდნენ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლიგა 1-ის დაბალი დონის გამო ვერ გახდებოდა. როდესაც ბევრ ტიტულს იგებ, ხალხი წუწუნს იწყებს. ეს ნორმალურია და ჩვენ გვინდა, გამარჯვება გავაგრძელოთ“.
უსმან დემბელესა და მის დასვენებაზე
„უსმან დემბელე ბოსია! თუ მას დასვენება უნდა, აუცილებლად მივცემთ. ვხუმრობ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ფეხბურთელებს ის მივცეთ, რაც სჭირდებათ. ყველას სურს, ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს, რაც შეუძლებელია. მათ იციან, რომ ჩემი პასუხისმგებლობა სასტარტო თერთმეტეულის შერჩევაა“.
ცნობისთვის, 6 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილს იკავებს. პსჟ-სა და „სტრასბურგის“ დაპირისპირება 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15-ზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს