იბერია 1999, გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

გოლი ცენტრიდან და იბერია 1999-ის მარცხი მომენტების გარეშე

კონფერენს ლიგის პირველ ტურში „იბერია 1999“-მა სტუმრად ბელგიაში „სენტ-ტრუიდენთან“ ითამაშა და 0:2 დამარცხდა.

ისტორიული მატჩი ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის არც ისე სახარბიელო სცენარით წარიმართა. მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და საგოლე მომენტების შექმნა პირველივე წუთებიდანვე მარტივად შეძლეს. მე-4 წუთზე გოლიც გაიტანეს, თუმცა თამაშგარის გამო გაუქმდა.

მე-11 წუთზე „სენტ-ტრუიდენმა“ ანგარიშის გახსნა მაინც შეძლო. რობერტ-ვან ვესემაელმა დაცვაში ქართველი ფეხბურთელების უყურადღებობით ისარგებლა და გუნდელის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში ყველას დაასწრო.

სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა. „იბერიამ“ მხოლოდ ჯინჯოლავას ნახევრადმომენტით უპასუხა. მასპინძლები კი მაკარიძის კართან მიახლოებას გაცილებით მარტივად ახერხებდნენ.

„სენტრ-ტრუიდენის“ მხრიდან ბევრი მომენტის გაცუდების შემდეგ, თითქოს ბოლო წუთებზე „იბერიას“ შესაძლოა შანსი მიეღო, თუმცა ამის იმედი სულ ტყუილად გვქონდა. 89-ე წუთზე სებაუიმ ცენტრიდან დაარტყა და ჩვენთვის სამწუხაროდ ულამაზესი გოლი გაიტანა. 36 წლის გამოცდილ მაკარიძეს ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა...

საბოლოოდ, მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. შეიძლებოდა ანგარიშში სხვაობა უფრო დიდიც ყოფილიყო. გუნდებს შორის კლასში სხვაობა შესამჩნევად დიდი იყო - და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავად „სენტ-ტრუიდენს“ შიდა ჩემპიონატში სერიოზული პრობლემები აქვს და მთავარ მწვრთნელს დათხოვნა ემუქრება.

მეორე ტურის შეხვედრას „იბერია 1999“ მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში შვედური „მიალბის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 20:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები