კიდევ ერთი სეზონი სენტ-ეტიენში? - ზურიკოს სხვა ვარიანტი აღარ აქვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თითქმის ერთი კვირა არის დარჩენილი და ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ზურიკო დავითაშვილის მომავალია. წავა თუ არ წავა ზურიკო „სენტ-ეტიენიდან“? დღეს ეს კითხვა როგორც საქართველოში, ისე ფრანგულ კლუბშიც აქტუალურია. სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში ქართველი გარემარბის წასვლა ერთი შეხედვით, გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირით ადრე სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი.
„სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული გამოცემა Peuple Vert-ის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ზურიკო დავითაშვილის ASSE-დან წასვლის ალბათობა საგრძნობლად შემცირდა და შესაძლოა, მან საბოლოოდ, მესამე სეზონიც „სენტ-ეტიენის“ რიგებში გაატაროს. მიზეზი კი კლუბის ხელმძღვანელობის ფინანსური მოთხოვნებია, რის გამოც ქართველი ფეხბურთელის მსურველთა რიცხვი შემცირდა.
გამოცემა წერს, რომ „სენტ-ეტიენი“ ამ ზაფხულს ქართველი ფეხბურთელის გასაშვებად არანაკლებ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ამას დაემატა კლუბის შემტევის, იაკობ ბრეუმის მიერ გასულ შაბათს, „გრენობლთან“ მოგებულ მატჩში (4-0) მიღებული ბარძაყის ტრავმა, რამაც შესაძლოა „მწვანეებს“ დამატებითი მოტივაცია მისცეს, რათა ზურიკო დავითაშვილი გუნდში შეინარჩუნონ.
თუ ბოლო წუთს არ განხორციელდა ისეთი შეთავაზება, რომელიც „სენტ-ეტიენის“ ფინანსურ მოლოდინებს დააკმაყოფილებს, ყველაფერი იქით მიდის, რომ ზურიკო დავითაშვილის თავგადასავალი ფორეზულ კლუბში გაგრძელდება. ეს სცენარი იან კატროს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს თავისი ერთ-ერთი მთავარი შემტევი აქტივი, რათა შეეცადოს „მწვანეები“ მიმდინარე სეზონში დასახულ მიზნებამდე მიიყვანოს.
ზურიკო დავითაშვილის დამატებით ყველაზე დიდ ინტერესს ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ იჩენდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო ბერძნულმა კლუბმა შეტევის გაძლიერების სხვა ვარიანტი იპოვა. „ოლიმპიაკოსის“ წარმომადგნელები ზურიკოს მაგივრად, „სევილიადან“ რუბენ ვარგასის დამატებას აპირებენ.