ლუის ენრიკე
Aa
Aa

„არ არის მარტივი ისეთი გუნდის მართვა, რომელსაც ყოველ წელს გამარჯვება სურს“ - ლუის ენრიკე

საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

ლუის ენრიკეს გუნდმა პირველი ტაიმი 2:0 წააგო, თუმცა მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შეძლო. პარიზელებს მოგებაც შეეძლოთ და მარცხთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ენრიკემ:

ჟურნალისტი: „დღეს წარმატებული სამწვრთნელო ნაბიჯები ვიხილეთ, ეს ქულა მოპოვებულია და ეს სწორედ თქვენი ცვლილებების დამსახურებაა. ცოტა რამ გვიამბეთ ამაზე. წინასწარ გქონდათ ეს ცვლილებები დაგეგმილი?“

ენრიკე: „არა! შესვენებაზე ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობ, „რენმა“ თავისი საქმე ძალიან კარგად შეასრულა, კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ ითამაშეს. მათ ორი გოლი პრაქტიკულად ერთეული მომენტებიდან, დიდი სიზუსტით გაიტანეს. ჩვენ კი პრობლემები შეგვექმნა. მუდმივად საუბრობენ, თითქოს ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ მე არ მახსენდება არცერთი იოლი გასვლითი მატჩი და დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს რთული იყო. განსაკუთრებით მიხარია იმ ფეხბურთელების გამო, რომლებიც მოედანზე შეცვლაზე შემოვიდნენ. ჩვენ გვჭირდება თამაშის გაუმჯობესება. პირადად ჩემთვის, ეს შედეგი პოზიტიური იყო. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მხოლოდ ფრეა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტიურია.“

ჟურნალისტი: რას იტყვით ფერან ტორესზე, ის უკვე მზადაა სასტარტოდან სათამაშოდ?

ენრიკე: „ცხადია. თუმცა ასევე მიკაც, ფაბიანიც, ბერალდოც და აკლიუშიც, რომელიც მეხუთე შემოვიდა შეცვლაზე და ფანტასტიკური იყო. მარტივი არ არის ისეთი გუნდის მართვა, რომელსაც ყოველ წელს გამარჯვება სურს. ეს ჩვენი მენტალიტეტია. გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც მუდმივად ჩვენ გვერდით არიან და კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი.“

ჟურნალისტი: „თქვენ აღნიშნეთ, ამ კვირაში ვიგრძენი, რომ ვარჯიშებზე ინტენსივობამ მოიმატაო. ეს უკვე თამაშებშიც აისახება. მატჩების დასაწყისში რიტმის მცირე ნაკლებობა ჯერ კიდევ იგრძნობა. კიდევ უფრო მეტი ინტენსივობაა საჭირო?“

მწვრთნელი: „ცხადია. არიან ფეხბურთელები, რომლებიც კვირების განმავლობაში ისვენებდნენ. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ასეა ყველა გუნდში. უნდა ვიცოდეთ, რომ ლიგა 1-ში თამაში ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით კი გასვლაზე.“

ჟურნალისტი: „მწვრთნელო, ერთი კითხვა ფსიქოლოგიაზე, ვიცი, რომ ეს თემა თქვენც გაინტერესებთ. ვიცი, რომ მთავარი გუნდია, მაგრამ შესვენებაზე მოედნიდან მაინც „ოქროს ბურთის“ მფლობელი გაიყვანეთ. ყოფილხართ ფეხბურთელი და თქვენ როგორ აპირებთ მასთან საუბარს ამის შემდეგ? წინ ბევრი მატჩია, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ეს ადვილი არ არის.“

მწვრთნელი: „ეს ფეხბურთია! ფეხბურთი ასეთია. „პარი სენ-ჟერმენს“ ჯერ არაფერი მოუგია. არაფერი! თუ იმაზე იფიქრებ, რაც უკვე მოიგე, ვეღარაფერს მოიგებ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ძველი დამსახურებები არ მოქმედებს. კრედიტი არ არსებობს: ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე, ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო, რომ მზად ხარ. სხვა შემთხვევაში, მარტივია მოდუნდე და მშვიდად იყო... არა! მე ასეთი არ დავბადებულვარ. ჩვენ მუდმივად გამარჯვება გვსურს. და იმისთვის, რომ სულ იგებდე, კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდე.“

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს, სტუმრად „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება
„ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება