IShowSpeed-ი საქართველოში ჩამოვა | კვარას EA Sports FC ეთამაშა და წააგო
პოპულარული იუთუბერი და სტრიმერი, IShowSpeed-ი, უგო ეკიტიკეს შემდეგ საფეხბურთო სიმულატორ EA Sports FC-ში (Fifa) ხვიჩა კვარაცხელიას დაუპირისპირდა. „კვარამ“ და IShowSpeed-მა სანაძლეოც დადეს, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა მოიგო.
IShowSpeed-ისა და ხვიჩას სანაძლეო ასეთი იყო: თუ კვარაცხელია გაიმარჯვებდა, ამერიკელი იუთუბერი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო და სტრიმი გაეშვა, ხოლო თუ ხვიჩა დამარცხდებოდა, მომდევნო გოლი ზუსტად ისე უნდა აღენიშნა, როგორც IShowSpeed-ი ეტყოდა. გამარჯვებული გახდებოდა ის, ვინც ორ თამაშს პირველი მოიგებდა.
„კვარამ“ კარგად დაიწყო და პირველი შეხვედრა 4:2 მოიგო. მეორე მატჩი IShowSpeed-ის უპირატესობით წარიმართა და 6:1-ზე ხვიჩას დანებება მოუწია, რის შემდეგაც გადამწყვეტი შეხვედრის ჯერი დადგა. ბოლო მატჩი დაძაბული გამოდგა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის გამარჯვებით დასრულდა — 3:2.
საბოლოოდ, კვარაცხელია და IShowSpeed-ი შეთანხმდნენ, რომ ცნობილი სტრიმერი საქართველოში ნოემბერში, ეროვნული ნაკრების მატჩისთვის ჩამოვა. 14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ უნგრეთს ეთამაშებიან და, სავარაუდოდ, IShowSpeed-ი სწორედ ამ თამაშს დაესწრება.
გამარჯვების მიუხედავად, „კვარამ“ IShowSpeed-ს სთხოვა, ეჩვენებინა აღნიშვნა, რომელიც წაგების შემთხვევაში უნდა შეესრულებინა და ცნობილ სტრიმერს დაპირდა, რომ ერთ-ერთ გოლს მსგავს სტილში იზეიმებს. სხვათა შორის, ეკიტიკესთან მარცხის შემდეგ IShowSpeed-ს სოციალურ ქსელებში, პროფილზე ფრანგი ფეხბურთელის ფოტოს დაყენება მოუწია.