დინამოების დაძაბული ჯახი - ბათუმელები გალიდერდნენ
Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა. თბილისის „დინამო“, რომელმაც პირველ ადგილზე „იბერია 1999“-ის გადადებულ შეხვედრაში დამარცხებით გადაინაცვლა, სტუმრად „დინამო ბათუმთან“ 0:1 დამარცხდა და ლიდერობა სწორედ დღევანდელ მეტოქეს გადაულოცა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთესად მასპინძლები გაისარჯნენ და გამარჯვების გოლი 44-ე წუთზე მაურიდესმა გაიტანა.
დღეს, 28-ე ტურის კიდევ ერთ მატჩს წყალტუბომ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „გაგრა“ დიდი სხვაობით, 3:0 დაამარცხა. მასპინძლების რიგებში თითო ბურთი ირაკლი ბიძინაშვილის, თორნიკე გაფრინდაშვილის და კლაუდიო სებოლინიას ანგარიშზეა, პირველმა მათგანმა კი გოლის გატანასთან ერთად, ასისტიც შეასრულა.
ოცდარვა ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 50 ქულით „დინამო ბათუმი“ ლიდერობს, რომელიც მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ „რუსთავსა“ და „იბერია 1999“-ს თითო-თითო, ხოლო მეოთხეადგილოსან „დინამო თბილისს“ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო, 29-ე ტურის შეხვედრები 17-19 ოქტომბერს გაიმართება.